ვარანი: “2017 წელი “რეალისთვის” შესანიშნავი გამოდგა”

დღეს მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიურ “გრემიოს” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ 53-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანიმ მცირე კომენტარი გააკეთა: “ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტურნირში საკმაოდ იოლად მოვიპოვეთ გამარჯვება, მაგრამ წელს ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ამიტომაც 2017 წელი “რეალისთვის” შესანიშნავი გამოდგა. წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკონპლექტებული. რაც შეეხება რონალდუს ის შესანიშნავია, მის შესაძლებლობებზე არავინ დავობს”, – განაცხადა რაფაელ ვარანიმ.

მადრიდის “რეალი” ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც საკლუბო მუნდიალის მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო, ხოლო ბოლო 4 წელიწადში ტიტულს მესამედ დაეუფლა.

“რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” ბრაზილიურ “გრემიოს” დაუპირისპირდა და საინტერესო ბრძოლაში 1:0 დაამარცხა მეტოქე.

პირველი ნახევარი არც თუ ისე მაღალ ტემპში წარიმართა, ესპანელები უპირატესობას მოედნის ცენტრში ფლობდნენ, თუმცა სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდნენ. მეორე ტაიმში “რეალის” ფეხბურთელებმა ზეწოლა გაზარდეს, მაგრამ იღბალი აშკარად ბრაზილიელების მხარეს იყო, თუმცა კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმო დარტყმა საკმაოდ კარგად შეასრულა და 53-ე წუთზე ესპანელები დააწინაურა. ამის შემდეგ “გრემიოს” ფეხბურთელებმა სცადეს შეხვედრის გადარჩენა, თუმცა უშედეგოდ და მატჩი “რეალის” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

საბოლოოდ მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა, ხოლო ბოლო 4 წელიწადში მესამედ მოიგო.