ლუკა ლაკვეხელიანი: “მსგავს აღიარებას არ ველოდი”

“საბურთალოს” 19 წლის მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემაჯამებელ დაჯილდოვებაზე ერთ-ერთ ნომინაციაში იმარჯვა. თბილისური გუნდის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალოსანი გახდა.

“ძალიან დიდი პატივი და აღიარებაა დაჯილდოვდე ლეგენდარული, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ფეხბურთელის, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედლით. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი მსგავს აღიარებას, სასიამოვნო სურპრიზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩავატარე, ჩემს გარდა, სხვებიც იყვნენ, რომლებზეც შეიძლებოდა მსგავსი პრიზის გადაცემა. პირველი სერიოზული ჯილდოა. ეს განცდა და სიხარული ცხოვრებაში არ დამავიწყდება.”


“მთელი სეზონის განმავლობაში გულშემატკივრებისგან სითბოსა და ყურადღებას ვგრძნობდი. გვერდში დგომისთვის მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ვისარგებლებ შემთხვევით და სრულიად საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავ! წარმატებებსა და ბევრ სიხარულს ვუსურვებ”, – განმარტა ფეხბურთელმა.