“ვესტ ჰემის” ფანს სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან “ჩაქუჩების” ფანი, რომელიც ჯეკ ლივერმორის გარდაცვლილი შვილის მიმართ დამცინავი შეძახილების სკანდირებაში არის ბრალდებული, სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

შემთხვევა “ვესტ ჰემსა” და “ვესტ ბრომვიჩს” შორის სამშაბათს გამართული მატჩის (2-1) მიმდინარეობისას მოხდა. მას შემდეგ რაც ლივერმორი რობსონ-კანუმ შეხვედრის 64-ე წუთზე შეცვალა, ჯეკი მასპინძელ გულშემატკივართა ტრიბუნისკენ გაემართა.

არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, როგორ დამცინავად იმეორებს “ვესტ ჰემის” გულშემატკივარი ლივერმორის გარდაცვლილი შვილის სახელს. ინგლისელი ფეხბურთელის ვაჟი 2014 წელს, დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა – მის ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა. ვრცელდებოდა ხმები, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ლივერმორი კოკაინსაც მოიხმარდა.

ლივერმორი, რომელიც მეტოქეთა ტრიბუნაში შევარდა, მალევე შეაჩერეს სტიუარდებმა და გასახდელში შეიყვანეს. ეს უკანასკნელი უარს ამბობს პოლიციაში განცხადების შეტანაზე.

დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.