პულიშიჩის ტრანსფერისთვის ერთმანეთს “რეალი”, “ჩელსი” და “ლივერპული” ებრძვიან

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელების ინტერესთა სფეროში ამჯერად დორტმუნდის “ბორუსიას” ფლეიმეიკერი კრისტიან პულიშიჩია მოქცეული.

როგორც იცით, ამერიკის შეერთებული ნაკრების ვარსკვლავის ტრანსფერის სურვილით ამავდროულად “ჩელსის”, “ლივერპულისა” და “ბაიერნის” ხელმძღვანელები არიან შეპყრობილნი.

19 წლის პერსპექტიული ფეხბურთელის სატრანსფერო ფასად კი 60 მილიონი ფუნტი მოისაზრება. ამ მხრივ ფავორიტი, რა თქმა უნდა, მადრიდის”რეალია”. თუმცა არ არის გამორიცხული, პულიშიჩის გულის მოგება იურგენ კლოპმაც შეძლოს.

პულიშიჩი: “ჩემი შთაგონების წყარო ლებრონ ჯეიმსია”

დორტმუნდის “ბორუსიასა” და აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების წევრი, კრისტიან პულიშიჩი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მისი შთაგონების წყარო არა რომელიმე ლეგენდარული ფეხბურთელი, არამედ “კალათბურთის მეფე”, ლებრონ ჯეიმსია.

“ლებრონ ჯეიმსი ყოველთვის უდიდესი იყო ჩემთვის – უბრალოდ ძალიან მიყვარს მისი თამაშების ნახვა. მე მისი დიდი ფანი ვარ და ჩემი შთაგონების წყაროც სწორედ ის არის. სადაც არ უნდა იყოს, მე მას ვგულშემატკივრობ.

კალათბურთი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტია. სკოლაში ყოფნისას, როდესაც პენსილვანიაში ვსწავლობდი, ყოველდღე ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად.

ბავშვობაში, ერთ-ერთ ტურნირშიც მივიღე მონაწილეობა. ზუსტად არ მახსოვს, რომელ კლასში ვიყავი. საკმაოდ კარგად ვითამაშე, თუმცა, ფეხბურთში ყოველთვის უკეთესი ვიყავი და არჩევანი სწორედ მასზე გავაკეთე,” – აცხადებს პულიშიჩი.