თბილისის დინამოს ერთ-ერთი პირველი ახალწვეული გიორგი ივანიშვილია – 28 წლის თავდამსხმელი, რომელიც ფეხბურთელად შვეიცარიაში ჩამოყალიბდა, საქართველოში კი რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და დინამომდე ცხინვალისა და საჩხერის ჩიხურას ღირსებას იცავდა. პირველი ქართული ტიტული ივანიშვილმა სწორედ საჩხერული კლუბის შემადგენლობაში მოიგო – გასულ სეზონში საქართველოს თასს დაეუფლა.
ციურიხის და შაფჰაუზენის ყოფილ ფორვარდს იმედი აქვს, რომ ეს მისი დიდი მიღწევების მხოლოდ დასაწყისია და წარმატებებს ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბშიც მიაღწევს “შეიძლება, დღეს დინამოს საუკეთესო დროება არ უდგას, მაგრამ იქ მოხვედრა დღესაც რჩება ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელის ოცნებად. ასე რომ, ბედნიერი ვარ, ეს პატივი რომ მხვდა წილად. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი საჩხერის ჩიხურასა და მის გულშემატკივრებს, თუმცა ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევების დროა და მაქსიმალურად ვეცდები, დინამოსთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე”- გვითხრა გიორგიმ.
რა არის მისი უმთავრესი მიზანი 2018 წელს? “საქართველოს თასი უკვე მოვიგე, ახლა კი დროა, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. დინამო რომ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება, ამაზე საუბარიც ზედმეტია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდმა თავისი სიტყვა თქვას ევროასპარეზზე. ზაფხულამდე გვექნება იმის დრო, რომ ევროპა ლიგას სათანადო ფორმაში შევხვდეთ და იქ რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ.”
ივანიშვილი შვეიცარიის მოქალაქეა და შესაბამისად, ფორმალურად, დინამოს ლეგიონერია. საინტერესოა, რა შესძინა მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში გატარებულმა წლებმა.
“შვეიცარია, რა თქმა უნდა, სამაგალითო ქვეყანაა და ფეხბურთშიც საკმაოდ წარმატებულია. თუმცა იყო დრო, როცა იქაურ ნაკრებსა და კლუბებს ცუდი შედეგები ჰქონდათ. 1998 წელს ფეხბურთის განვითარების ახალი პროგრამა შეიმუშავეს და შედეგებმაც არ დააყოვნა. კი, შვეიცარიას ფინანსებში არ უჭირს, მაგრამ პროგრესისთვის მხოლოდ ეს არ კმარა.
როგორც ფეხბურთელსა და პიროვნებას, იქაურმა საფეხბურთო სისტემამ ბევრი რამ შემძინა – ვიცი, რაც არის სწორი საფეხბურთო აზროვნება, აღარაფერს ვამბობ პროფესიონალიზმსა და საქმისადმი დამოკიდებულებაზე, რომელიც შვეიცარიის თითოეულ მოქალაქეს უბრალოდ, შესისხლხორცებული აქვს. ყოველივე ამის შემდეგ ქართულ რეალობაზე გადმოწყობა ცოტა გამიჭირდა, მაგრამ აქ დაბრუნება ცალსახად სწორი გადაწყვეტილება იყო. ქართველი ვარ და მინდა, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის წინსვლაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემი კარიერა რიგიანად წარიმართა, აქ ჩამოსვლის შემდეგ დავოჯახდი, ასე რომ, შვეიცარია მოიცდის.”
შვეიცარიამ კი გიორგის მართლაც ბევრი შესძინა – თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და იტალიურ ენებს, მერე დანიაში მიიღო უმაღლესი განათლება სპორტული მენეჯმენტის განხრით. ასე რომ, ბუცებს ლურსმანზე რომ ჩამოჰკიდებს, წარმატებული კარიერა, ფაქტობრივად, მერეც გარანტირებული აქვს.
2015 წელს, თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი რომ ჩატარდა, პროექტის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა დღეს მთლიანად ფეხბურთზეა კონცენტრირებული და თავისი განათლებასა და ენების ცოდნას აქტიურად მომავალში გამოიყენებს. დინამომ მხოლოდ კვალიფიციური თავდამსხმელი არ შეიძინა – ასეთი ინტელექტუალური რესურსის მქონე ფეხბურთელის ყოლა ნებისმიერი გუნდისთვის დიდი აქტივია.
ქართული ფეხბურთის მომავალს გიორგი ოპტიმისტურად უყურებს: “მთელი გულით მინდა, რომ 2018 წელი ჩვენი ფეხბურთისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. მჯერა, რომ ეროვნული ლიგის რეფორმა იმუშავებს და უკეთესი შედეგი გვექნება. შარშანდელი ჩემპიონატი მაღალი კონკურენციის ფონზე ჩატარდა და დინამო-ტორპედოს საჩემპიონო მატჩით დაგვირგვინდა. ასეთი დრამატული მატჩები აუცილებლად მიგვიყვანს ხარისხის ამაღლებამდე, კონკურენცია აუცილებლად უნდა გადაიზარდოს ხარისხში.“
გიორგი ივანიშვილს დინამოში გადასვლის შანსი 2012 წელსაც ჰქონდა, როცა გუნდს ალექს გარსია ხელმძღვანელობდა, თუმცა მაშინ ახალგაზრდა შემტევმა სეზონი შვეიცარიის სუპერლიგაში, ბელინცონაში განაგრძო.
Eliga.Ge