FIFA-ს ყოველი ვერსიის საუკეთესო ფეხბურთელები

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველასათვის ცნობილი საფეხბურთო სიმულატორი FIFA უკვე 25 წლის არის. FIFA, რომლის პირველი ვერსიაც 1993 წელს გამოიცა, პირველი ვიდეოთამაშია, რომელმაც ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა მიიღო და დღესაც პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

საინტერესოა, თუ რომელი ფეხბურთელი (ან ფეხბურთელები) მიიჩნეოდნენ საუკეთესოდ ვიდეოთამაშის ამა თუ იმ ვერსიაში.


FIFA 96. რობერტო ბაჯო (96) – “იუვენტუსი”

1996 წელს ფეხბურთის ექსპერტები რობერტო ბაჯოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებდნენ და ღირსეულადაც. ბაჯომ 1993 წელს ოქროს ბურთი მოიგო, 94-ში კი იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში გაიყვანა. მართალია, EA (თამაშის შემქმნელი კომპანია) ბაჯოს “მილანში” გადასვლას არ ითვალისწინებდა, მაგრამ პიქსელების მიერ შექმნილი ბაჯო ნამდვილად საუკეთესო იყო თამაშის იმ ვერსიაში.


FIFA 97. ჯორჯ ვეა (96) – “მილანი”

დიახ, იმ დროს “მილანი” მართლაც რომ დომინირებდა და რეიტინგის საუკეთესო პირველი ორი ფეხბურთელი სწორედ “როსონერიდან” იყო. ის გუნდი ყველა ტურნირის ფავორიტად ითვლებოდა და საუკეთესო ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ვეამ იმ წელს ბაჯოსა და კაპელოსთან ერთად “სკუდეტო” მოიგო. გარდა ამისა მის კოლექციას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და “ოქროს ბურთიც” შეემატა. დღეს კი ეს უკანასკნელი მშობლიური ლიბერიის პრეზიდენტია.


FIFA 98 და FIFA 99. რონალდო (97) – “ინტერი”

ორივე წელს “კიჭა” საუკეთესო იყო და ამაზე სადავო არაფერია – რონალდო იტალიის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული FIFA-ს მიერ, “ოქროს ბურთი” და “ოქროს ბუციც” მოიგო. და კიდევ, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის საუკეთესოდ დაასახელეს. ამ ორი წლის მანძილზე EA-ს დიდი ფიქრი არ დასჭირვებია, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ნომერ პირველი.


FIFA 2000. ზინედინ ზიდანი(96) – “იუვენტუსი”

ერთადერთი, ვისაც რონალდოსთვის საუკეთესოს ტიტული ჩამორთმევა შეეძლო, ზინედინ ზიდანი იყო და ასეც მოხდა. ფრანგი სპეციალისტი თამაშის გამოშვებისას უკვე ფლობდა “ოქროს ბურთსა” და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. ზიზუ “იუვენტუსსაც” ეხმარებოდა – მან “ბებერ ქალბატონთან” ერთად ჩემპიონობა 97, 98 და 99 წლებში მოიპოვა და კლუბს ინტერტოტოს თასიც მოაგებინა.


FIFA 2001. პოლ სქოულზი(95) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

ვიდეოთამაშში იტალიის ჩემპიონატის “მხატვრების” ჰეგემონია პირველად პოლ სქოულზმა დაარღვია. თუმცა, ბევრი EA-ს გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და ალბათ, მართალიც იყვნენ – იმ წელს ოქროს ბურთი რივალდომ მიიღო, ევროპის ჩემპიონი კი ზიდანი გახდა. შესაძლოა, სქოულზი ნამდვილად არ იმსახურებდა ამ ტიტულს, მაგრამ ეს ყველაზე უცნაური შემთხვევა არ არის, რომელიც ჩვენს რეიტინგში მოხვდა.


FIFA 2002. ლუიშ ფიგუ (97) – “რეალი”

ფიგუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად 2000 წელს იყო აღიარებული. მისი ხმაურიანი ტრანსფერი “ბარსელონადან” “რეალში” იმ დროს განხილვის მთავარი თემა იყო და ალბათ, ამანაც იქონია გავლენა ვიდეოთამაშის მფლობელთა გადაწყვეტილებაზეც.


FIFA 2003. მატეო ბრიგი (97) – “პარმა”

2003 წელს სიმულატორში საუკეთესო მატეო ბრიგი იყო, რომელიც მაქსიმუმ საუკეთესო ახალგაზრდა იტალიელის სტატუსს იმსახურებდა. არ არის გამორიცხული, თამაშის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე EA-ს ოფისში დიდი ჩემოდნით ბრიგის აგენტი მისულიყო. ფაქტია, რომ ბრიგი დღესაც აქტუალურია თამაშში – “პერუჯიას” რიგებში.


FIFA 2004. რონალდო (98) – “რეალი”

რონალდო 2004 წლის ვერსიაშიც საუკეთესო იყო, თუმცა, ამჯერად, ამასთან დაკავშირებით გაცილებით მეტი კითხვა იყო. საქმე ისაა, რომ იმ დროს საუკეთესოობაზე პრეტენზიას სამართლიანად აცხადებდნენ პრეტენზიას ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ანდრეი შევჩენკო და პაულ ნედვედი.


FIFA 2005. ჯანლუიჯი ბუფონი (97) – “იუვენტუსი”, ტიერი ანრი (97) – “არსენალი”

შეიძლება ითქვას, რომ 2005 წლიდან FIFA-მ მეკარეების დაფასება დაიწყო და საუკეთესოების ტიტულს ერთმანეთში იკერ კასილასი და ჯიჯი ბუფონი იყოფდნენ. ბუფონთან ერთად ვიდეოთამაშის იმ ვერსიაში საუკეთესო “ოქროს ბურთის” მფლობელი ტიერი ანრიც გახლდათ.


FIFA 2006. რონალდინიო (95) – “ბარსელონა”, იკერ კასილასი(95) – “რეალი”

მეკარეებს შორის 2006-ში საუკეთესო კასილასი იყო, რაც საკმაოდ უცნაურია – “რეალმა” იმ სეზონში ყველაფერი წააგო, ნაკრებსაც არაფერი მოუგია. გარდა ამისა, საერთაშორისო ასპარეზზე ბუფონის გარდა პეტერ ჩეხი, იენს ლემანი და ვან დერ საარი უნაკლოდ ასპარეზობდნენ. იკერს კი არაფერი გაუკეთებია, რომ ასეთი რეიტინგი დაემსახურებინა.

რაც შეეხება რონალდინიოს, ბრაზილიელმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საუკეთესოდ ეღიარებინათ (ოქროს ბურთი და ესპანეთის ჩემპიონობა).


FIFA 2007. ჯანლუიჯი ბუფონი (92) – “იუვენტუსი”, უეინ რუნი (92) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

2007 წელს საუკეთესოების რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ბუფონმა კასილასს გადაასწრო, რონალდინიო კი რუნიმ შეცვალა, რომელიც იმ დროს საუკეთესო ნამდვილად არ იყო. რამდენადაც ვხვდებით, EA-მ რუნის არჩევისას მისი სამომავლო პერსპექტივა უფრო გაითვალისწინა, ვიდრე რეალობა.


FIFA 2008. ჯანლუიჯი ბუფონი (91) – “იუვენტუსი”, რონალდინიო (91) – “ბარსელონა”, კრიშტიანუ რონალდუ (91) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

ჯანლუიჯი ბუფონი კვლავ საუკეთესოდ მიიჩნეოდა და მას ორი “რო” დაუწყვილეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ დროს იწყებოდა ბრაზილიელი რონალდინიოს დასასრულის დასაწყისი და კრიშტიანუს ბრწყინვალების პირველი ეტაპი.


FIFA 2009. იკერ კასილასი (91) – “რეალი”, კრიშტიანუ რონალდუ (91) – “მანჩესტერ იუნაიტედი”

კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის მოგებით ყველა კითხვას თავად გასცა პასუხი – მიუხედავად ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გამოსვლისა, კრიშტიანუ მაინც საუკეთესო იყო იკერ კასილასთან ერთად.


FIFA 2010. იკერ კასილასი (90) – “რეალი”, ლიონელ მესი (90) – “ბარსელონა”

მართალია, კრიშტიანუსთვის ეს სეზონის საკმაოდ პროდუქტიული იყო, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ფინალი ლეო მესის “ბარსელონასთან” დათმო, ყველაფერი გადაწყვიტა.მართალია, კასილასმა საუკეთესოს ტიტული დაიბრუნა, თუმცა ეს ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც თამაშში საუკეთესო რეიტინგი მეკარეს ჰქონდა.


FIFA 2011-2016 – ლიონელ მესი (91, 94, 94, 94, 93, 94) – “ბარსელონა”


FIFA 2017 და 2018 – კრიშტიანუ რონალდუ (94,94) – “რეალი”

ბუნებრივია, EA Sport-იც იძულებულია, დღევანდელ რეალობას შეეგუოს და შესაბამისად, ბოლო 7 წელია, რაც ხელმძღვანელები საუკეთესოს მსოფლიო ფეხბურთის ორი მეფიდან ირჩევენ – კრშტიანუსა და ლიონელისგან.