ინტერვიუ “საბურთალოს” მწვრთნელთან: “რყევები დასრულდა”

ბოლო ათი წელია, საბურთალო ერთ-ერთი გამორჩეულია ბავშვთა და ჭაბუკთა ლიგებში, კლუბი ნელ-ნელა ვითარდებოდა და დადგა დრო, როცა უკვე ძირითად გუნდსაც უმაღლესი მიზნები აქვს.

გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი საბურთალო ეროვნულ ლიგაში ლიდერია, ექვს ტურში მხოლოდ ერთხელ წააგო, დანარჩენ შეხვედრებში კი იმარჯვა და თან, კარგი ფეხბურთიც აჩვენა.

ჭიაბრიშვილი Erovnuliliga.Ge-ს რესპონდენტია. მისმა გუნდმა წინა ტურში თბილისის დინამოს მოუგო (1:0) და პირველი კითხვაც თავისთავად დაისვა…

არ მეთაკილება იმის თქმა, რომ დინამომ უკეთ ითამაშა. პირველ წუთებში გვქონდა ორი ასპროცენტიანი მომენტი, მერე კი, გოლის გარდა, უფრო დინამოელები ქმნიდნენ ხიფათს. გოლს რაც შეეხება, მოხარული ვარ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა ასეთი ლამაზი ბურთი გაიტანა. მოხარული ვარ, რომ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ ინდივიდუალური გოლების გატანა.

წლეულს კარგი შევსება მიიღეთ ფეხბურთელთა მხრივ. ასევე, ორი შეკრება გაიარეთ თურქეთში – ეს თამაშშიც ისახება.

საბურთალოს ხელმძღვანელობის მადლიერი ვარ. შეკრებებიც კარგად გამოვიყენეთ და კარგი ფეხბურთელებიც მოვიყვანეთ. არიან გუნდები, რომლებსაც ეს მოაკლდათ და ცხრილის ქვედა ნაწილშიც ამიტომ არიან. ჩვენ კი სხვებზე მეტი მოვასწარით.

თუმცა გიორგი ხარაიშვილის სრულფასოვნად შეცვლა რთულია.

ხარაიშვილი საბურთალოს კაპიტანი იყო და მის გარშემო თამაშის ბევრი ნიუანსი ეწყობოდა. ასეთი ფეხბურთელების შეცვლა უმტკივნეულოდ არ ხდება, თუმცა როცა მწვრთნელი ხარ და წინ გრძელი სეზონი გაქვს, ყველაფრისთის მზად უნდა იყო.

შეგიძლიათ თქვათ, რომ საბურთალოს მიზანი ჩემპიონობაა?

არასოდეს გვითქვამს, რომ ჩემპიონობის გარდა, სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება. უპირველესი მიზანი სამეული და ევროტურნირებზე გასვლაა. შარშანაც ახლოს ვიყავით ამ მიზანთან, მაგრამ ცოტაღა დაგვაკლდა.

მეოთხეზე გავედით და სხვებზე ვიყავით დამოკიდებული. ისე კი, ჩემპიონობის შანსი თუ გაგვიჩნდება, რატომაც არა?! მარათონული სეზონია და წინასწარ ლაპარაკი არ მსურს.

შედეგის კვალობაზე, მაინც ფრთხილად საუბრობთ.

17-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება მეხმარება. სიფრთხილე საჭიროა, რადგან შეიძლება ყველაფერი შეტრიალდეს. ჩემპიონატში დაძაბული თამაშებია, იოლად ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებ.

2012 წელს თქვენი გაწვრთნილი ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონი გახდა. როგორ ატყობთ – როგორც მწვრთნელი, მას შემდეგ გაიზარდეთ?   

როგორც კი საკუთარ თავს დავიჭერ იმაში, რომ დასკვნები ვერ გამომაქვს ან ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაშინვე თავს დავანებებ მწვრთნელობას. ეს ისეთი სფეროა, რომ ყოველდღიურად შეიძლება განვითარდე. როგორც მწვრთნელი, ვიცვლები, გარკვეულ ნიუანსებში სხვა შეხედულებები მაქვს. რაც არ იცვლება, ეს საფეხბურთო გემოვნება და თამაშის წესებია: მაგალითად, ფეარ პლეი.

მთლიანად ეროვნული ლიგა რომ შევაფასოთ და შარშანდელ სეზონს რომ შევადაროთ…

შარშანვე გამოჩნდა, რომ ათგუნდიანმა ჩემპიონატმა გაამართლა. მომწონს გაზაფხულ-შემოდგომის სისტემაც. ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაცია და ფონდი სწორად მუშაობენ: რაც ფეხბურთისთვის საჭიროა, აწვდიან. დანარჩენი კი, რა გითხრათ, პროდუქტი ერთ-ორ წელიწადში არ იქმნება.

რომ ვთქვა, სათამაშო დონე აშკარად უკეთესი გახდაო, ხომ იცით, მართალი ვერ ვიქნები. არც შარშან ველოდი რაიმე განსაკუთრებულს და არც წლეულს ველოდები, მაგრამ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ უახლოეს წლებში წინსვლა დავინახოთ. ადრინდელივით აღარ ხდება, როცა კლუბებს სამგზავრო ფული არ ჰქონდათ და სრულ ფინანსურ გაუგებრობაში იყვნენ. რყევები დამთავრდა და ჩემპიონატი დალაგდა.

Erovnuliliga.Ge

“საბურთალო”: გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველი შეკრება შეაჯამა

“საბურთალომ” პირველი შეკრება ბულგარეთის “ბოტევთან” 2:0 გამარჯვებით დაასრულა. კლუბი 31 იანვარს სამშობლოში იქნება, რამდენიმე დღეში კი კვლავ თურქეთში გაემგზავრება, სადაც დასკვნით შეკრებას გაივლის.
“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.

– თურქეთის ქალაქ სიდეში ყველანაირი პირობა იყო საფუძვლიანად მომზადების. როგორც სამწვრთნელო შტაბმა, ასევე ფეხბურთელებმა დიდი მოცულობის სამუშაო გაწიეს. საწვრთნელი პროცესი ორჯერადი ვარჯიშებისგან შედგებოდა, პარალელურად კი ამხანაგურ მატჩებს ვთამაშობდით. მახარებს ის, რომ დატვირთვებს ღირსეულად გაუძლეს და ყველა მაქსიმალურად იხარჯებოდა. ასევე, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შეკრება სერიოზული ტრავმების გარეშე ჩავატარეთ.

– მეორე შეკრებაზე რამდენიმე დღეში გაემგზავრებით. აქცენტი რაზე გაკეთდება?

– მეორე შეკრება ძირითადად, ტექნიკა-ტაქტიკას დაეთმობა. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ოთხი ამხანაგური შეხვედრა, საბოლოოდ მეტოქეების ვინაობა კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

– წლეულს გონსალეს ვაგნერი დაუბრუნდა კლუბს. რამდენად ელოდით?

– ვაგნერის დაბრუნების დიდი სურვილი მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბელგიური კარიერა ვერ აეწყო. ჩვენთვის ეს ფეხბურთელი დიდ ძალას წარმოადგენს და სარგებლობის მოტანა შეუძლია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელებმა შეძლეს, როგორც ფეხბურთელთან, ასევე მის აგენტთან წარმატებით მოლაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ნახევარი წელი აკავშირებდა, მხარეებმა მოილაპარაკეს და ვაგნერი დღეს ჩვენთანაა. ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ფეხბურთელის დიდი სურვილიც იყო “საბურთალოში” დაბრუნების.

– ყოველთვის აქტუალურია გიორგი ხარაიშვილის საკითხი. რა ხდება მასთან დაკავშირებით, რჩება “საბურთალოში”?

– ხარაიშვილი “საბურთალოს” კაპიტანი, გუნდის სული და გულია, ჩვენი აკადემიის აღზრდილია. იგი ჯერჯერობით ჩვენს კლუბში ირიცხება. რა თქმა უნდა, ინტერესი არის მის მიმართ, მაგრამ როდესაც კონკრეტული და ჩვენთვის მისაღები შემოთავაზება იქნება, ამას ყველა გაიგებს.

– გასული წლისგან განსხვავებით, “საბურთალოს” თამასა ბევრად აწეულია. ხშირად მოისმენს ადამიანი, რომ წლეულს გუნდი მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამის თქმის საფუძველს რა აძლევთ?

– ყველაზე დიდი შემფასებელი გულშემატკივარია. თუ ასე ფიქრობენ და ხედავენ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მახარებს. ესე იგი, ამ წლების განმავლობაში “საბურთალომ” გულშემატკივარსა და ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს დაანახა გარკვეული ძალა.
ვცდილობთ, ყოველთვის საინტერესო და კონკურენტუნარიანი კლუბი გვყავდეს, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლობდეს. ჩვენ სისტემატურად ამისთვის ვმუშაობთ.

– “საბურთალო” ტრადიციას არ ღალატობს და მეორედან პირველ გუნდში ყოველწლიურად აწინაურებს ფეხბურთელებს. წლეულს ვის მიეცა მსგავსი შანსი?

– 2018 წელს ერთი ფეხბურთელი დავაწინაურეთ – გიორგი ჯინჯოლავა. მან, “საბურთალო:-2-ში კარგი სეზონი ჩაატარა, ასევე მაღალ დონეზე წარმოაჩინა თავი ასაკობრივ ნაკრებში. ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს პროცესი დამეჩქარებინა. ვფიქრობ, ჯინჯოლავა ახლოსაა პირველ გუნდში მოსახვედრად. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი 17 წლისაა, საერთოდ არ ეტყობა, რომ იგი დებიუტანტია. თურქულ შეკრებაზე სამივე ამხანაგურ შეხვედრაში მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ყველა მატჩში კარგად წარმოაჩინა თავი.

ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალო-2”-ის სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს, გაწეული სამუშაოსთვის მადლობას გადავუხდი.

– ახალი სეზონიდან ეროვნული ლიგის მთავარი მწვრთნელები PRO ლიცენზიას უნდა ფლობდნენ. სემინარები თებერვალში დაიწყება. რას იტყვით ამის შესახებ, როგორ ემზადებით მოახლოებული კურსებისთვის?

– როგორც კლუბის მთავარი მწვრთნელი, აუცილებელია, რომ მქონდეს PRO ლიცენზია. აღნიშნული პროცესი დიდი გამოწვევაა ჩემთვის, სასიახარულოა, რომ მეძლევა შესაძლებლობა ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმავო და უფრო მეტი გამოცდილება მივიღო. ამ კუთხით და არა მარტო ამ მიმართულებით, ძალიან ბევრს მუშაობს ფეხბურთის ფედერაცია.

ბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” კლუბის ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიას მადლობას გადავუხდი გვერდში დგომისთვის. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეგვიწყონ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ის ტრანსფერები, რომელიც წლეულს “საბურთალომ” განახორციელა (დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი სომხიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გეგა დიასამიძე) ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო. ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება.