ეროვნული ლიგის მეათე ტური: პრევიუ

ხუთ მაისს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის მეორე წრე. Fanebi.Com-ი გთავაზობთ მეათე ტურის პრევიუს!

ბოლნისის “სიონი” – თბილისის “საბურთალო”

დასაწყისი: 5 მაისი, 16:30

ბონისის “სიონი” თბილისის “საბურთალოს” “მიხეილ მესხზე” მიიღებს. მასპინძლებმა ბოლო სამ ტურში ერთი ქულაც კი ვერ მოიპოვეს. ახლა მათ შვიდი ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან. ხოლო, რაც შეეხება “საბურთალოს”, გათამაშების ლიდერმა ბოლოს “სამტრედიას” სძლია, 21 ქულა მოაგროვა და მეორადგილოსან “დინამოს” ორი ქულით უსწრებს.

ფოთის “კოლხეთი” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 5 მაისი, 20:30

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ტურის პირველ დღეს შედგება, “კოლხეთისა” და “ჩიხურას” დაპირისპირებაა. იგი ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” გაიმართება. გეტყვით, რომ მეგრელებმა ბოლოს მატჩი მოქმედ ჩემპიონთან, ქუთაისის “ტორპედოსთან” ფრედ, 1-1 დაასრულეს. მათ რვა ქულა მოუგროვდათ და მეშვიდე საფეხურზე არიან. რაც შეეხება “ჩიხურას”, ეს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია: ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი მოგება და ერთი ფრე, მათ შორის, გამარჯვება ლიდერ “საბურთალოსთან”. სამსონ ფრუიძის გუნდი 18 ქულით ცხრილში მესამეა.

სამტრედიის “სამტრედია” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 6 მაისი, 16:30

უკვე კვირას, ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სამტრედია” “ლოკომოტივს” მიიღებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ორი გუნდი ამ სეზონში ყველაზე ცუდად გამოიყურება. იმერლებს ბოლო ოთხ შეხვედრაში ერთი მოგებაც არ აქვთ (ერთი წაგება, სამი ფრე). შესაბამისად, “სამტრედია” ექვსი ქულით ბოლოს წინა ადგილზეა. ის ზუსტად “ლოკომოტივს” უსწრებს, რომელსაც ზედიზედ ოთხი მარცხი და ოთხი ქულა აქვს.

რუსთავის “რუსთავი” – თბილისის “დინამო”

დასაწყისი: 6 მაისი, 18:30

“მიხეილ მესხზე” ერთმანეთს “რუსთავი” და “დინამო” დაუპირისპირდებიან. ამ გუნდების წინა შეხვედრა “დინამო არენაზე” რუსტაველთა გამარჯვებით დასრულდა და ახლა დედაქალაქელები ერთგვარი რევანშისთვის იბრძოლებენ. ახლა “რუსთავი” 14 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. ხოლო, “დინამო” 19 ქულით – მეორეა.

გორის “დილა” – ქუთაისის “ტორპედო”

დასაწყისი: 6 მაისი, 20:30

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილა” “ტორპედოს” მიიღებს. სხვათა შორის, პირველი წრის დაპირისპირებაში, როცა გორელები ქუთაისში მოქმედ ჩემპიონთან სათამაშოდ ჩავიდნენ, მათ დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს მოულოდნელი გამარჯვება (3:2). ამჟამად დილა 16 ქულით მეოთხეა, ხოლო იმერლებს 13 ქულა აქვთ და მეექვსე საფეხურს იკავებენ.