მოურინიოს ყოფილი თანაშემწე ფარია “ბენფიკაში” მიიწვიეს

ცნობილი გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც რუი ფარიასა და ჟოზე მოურინიოს 17-წლიან თანამშრომლობას წერტილი დაესვა – რუი ფარიასთან მოლაპარაკებებს “ბენფიკას” ხელმძღვანელები აწარმოებენ.

The Telegraph-ის ცნობით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია გადასული და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ფარია პორტუგალიურ გრანდს უახლოეს მომავალში ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ ფარიას მოურინიოს გვერდით ისეთ კლუბებში მუშაობის გამოცდილება აქვს, როგორებიც არიან: “პორტუ”, “ინტერი”, “რეალი”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

რუი ფარიამ მოურინიო 17-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა

მიმდინარე სეზონის (2017/18) დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიოს დამხმარე მწვრთნელი, რუი ფარია, კლუბს დატოვებს. ამ ინფორმაციას ინგლისური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

42 წლის სპეციალისტმა 17-წლიანი თანამშრომლობის დასრულების გადაწყვეტილება თავად მიიღო. ფარიასა და ჟოზეს თანამშრომლობა სათავეს 2002 წელს იღებს. მას შემდეგ ამ ადამიანებმა ერთად “პორტუში”, “ჩელსიში”, “ინტერში”, “რეალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” იმუშავეს.

“ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ეს სწორი დროა ცვლილებებისათვის. 17 წელი ძალიან დიდი დროა, ეს პერიოდი სულ მემახსოვრება, ეს გამოცდილება გაზრდაში დამეხმარა.

მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ჟოზე მოურინიოს, რომელსაც სულ სჯეროდა ჩემი. ის ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარია, მინდა მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო თავის კარიერაში,” – აცხადებს რუი ფარია.