მოსკოვში ფიფას 68-ე კონგრესი ტარდება

რიგით 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მოსკოვში ფიფას 68-ე კონგრესი ტარდება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელები, წევრ ორგანიზაციებთან ერთად ფიფას დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებებს და 2019-2022 წლების საბიუჯეტო ციკლს განიხილავენ. დღესვე მოსკოვის საგამოფენო ცენტრში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას აირჩევენ.
23-ე მუნდიალის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად ერთის მხრივ, მაროკო, მეორე მხრივ, ერთობლივად აშშ, მექსიკა და კანადა იბრძვიან. სამივე ქვეყანას პარალელურად სურს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა.

ფიფას კონგრესს საქართველოდან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტები კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი ესწრებიან.

შეგახსენებთ,რომ 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობის მსურველი ქვეყნების დელეგაციები, თბილისშიც იმყოფებოდნენ და მიმდინარე წლის აპრილ-მაისში შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.