ხულენ ლოპეტეგის განთავისუფლების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფერნანდო იერო დაინიშნა. ორ დღეში “ფურია როხა” მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიასთან პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
იერომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“შესანიშნავი გამოწვევა მივიღე. ყველა ხვდება, რა გარემოებაში იმყოფება ესპანეთის ნაკრები. ხოლო, მე მამაცურად დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. შესაბამისად, სხვა გზა აღარ არსებობს და ამ ვითარებაში უნდა ვიბრძოლოთ წარმატებისთვის. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ორი წლის მანძილზე ემზადებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ხოლო, მე სპორტული დირექტორი ვიყავი. შესაბამისად, კარგად ვაცნობიერებ იმ მოტივაციას, რაც ამ ბიჭებს გააჩნიათ. ჩვენ არ შეგვიძლია ორ დღეში შევცვალოთ ის სამუშაო სტილი, რომელიც გასული ორი წლის მანძილზე გვქონდა. არაფრის შეცვალ არ შეგვიძლია ორ დღეში.”
“ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ მათ ყველას კარგად ვიცნობ. ძალიან მშვიდად ვარ და არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ მიზანი შევცვალოთ. აქ ერთადერთი რამისთვის ვართ და ეს ყველამ კარგად იცის. შემადგენლობა მოტივირებულია. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, შესაბამისად, ფოკუზირებულნი ვართ მხოლოდ ტიტულის მოგებაზე. ლოპეტეგისა და იმ სამუშაოს მიმართ, რაც მან გააკეთა, დიდი პატივისცემა გამაჩნია. თავის თავგადასავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ,” – ამბობს იერო.