თბილისის „დინამომ“ სეზონის დაწყების წინ მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიმატა. აღნიშნული ტრანსფერი თბილისური კლუბის ოფიციალურმა „ფეისბუქის“ გვერდმა დაადასტურა.
განვლილ სეზონში რეხვიაშვილი თურქული „ბოლუსპორის“ რიგებში იყო, რომლის შემადგენლობში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა.
რეხვიაშვილი „დინამოში“ აქამდეც თამაშობდა – „ლურჯ-თეთრებს“ ის 2011 წელს რუსთავის „მეტალურგიდან“ შეუერთდა. 2012 წლიდან 2014 წლამდე მან იჯარით საჩხერის „ჩიხურაში“ ითამაშა, მოგვიანებით კი „დინამოში“ დაბრუნდა. საბოლოოდ, რეხვიაშვილს გარკვეული პერიოდის შემდეგ „ჩიხურაშიც“ დაბრუნება მოუწია, საიდანაც გასულ ზაფხულში თურქეთში გადაბარგდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზეც გამოიძახეს, თუმცა თემურ ქეცბაიამ ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
27 წლის მცველი „დინამოში“ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვარჯიშობდა.