ვლადიმირ ვაისი: “გვინდა, რომ ეს ერთა ლიგისათვის მოსამზადებელი ეტაპი არ იყოს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასტან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

შვეიცარიასთან მატჩზე: “ხვალინდელი მატჩის ფავორიტი შვეიცარიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მოიგებენ. შვეიცარია რეიტინგში ერთ-ერთი მოწინავეა, მაგრამ მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რესუსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. შვეიცარია მხოლოდ კონკრეტული მატჩის ფავორიტი არ არის, ეს გუნდი ჯგუფის ფავორიტია. შევეცდებით, ხვალ ჩვენი ტექნიკური, ქართული თამაში ვაჩვენოთ.”

ჩაკვეტაძის შესახებ: “ჩაკვეტაძე განაცხადში ტრავმის გამო არ იმყოფება, რაც თავიდანვე ცნობილი იყო. ის კლუბში აგრძელებს გამოჯანმრთელების პროცესს. საქართველოს ნაკრების სამედიცინო ჯგუფი მასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს.”

ნავალოვსკის შესახებ: “მან ერთი კვირის წინ დაიწყო სრულყოფილი ვარჯიში. გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ შესაძლოა, ის 100 პროცენტით მზად არ იყოს სათამაშოდ.”

შვეიცარიელთა დანაკლისზე: “რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. მათ სამი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდათ, მაგრამ ამ გუნდს მათი შემცვლელები ჰყავს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შვეიცარიელთა შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდა, ფეხბურთელები ძალიან კარგ გუნდებში თამაშობენ და მათ დიდი რესურსი აქვთ.”

საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ: პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, რომ ეს ერთა ლიგისათვის მოსამზადებელი ეტაპი არ იყოს. ჩვენი მიზანია, თითოეულ მატჩში გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯოს. სამწუხაროა, ფეხბურთელების ტრავმები, მაგრამ ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე დაგვიბრუნდნენ.”

ლევან ხარაბაძისა და ვატო არველაძის შესახებ: “ორივე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ქართულ ფეხბურთში ბევრი ტალანტია, მაგრამ ზოგიერთი ვითარდება, ზოგი კი – იკარგება. ხარაბაძე შვეიცარიის ჩემპიონატში სტაბილურად თამაშობს და განვითარების სწორ გზას ადგას. ვატო არველაძის თამაშებს ვუყურებ, მან ოთხი გოლი გაიტანა და ნაკრებში გამოძახებას იმსახურებდა. შესაძლოა, ხვალ ის მოედანზეც ვიხილოთ.”

გულშემატკივრებზე: “ერთა ლიგის ჯგუფური ეტაის მოგებაში გულშემატკივარი მნიშვნელოვნად დაეხმარა. მათ მხარდაჭერას მთელი გუნდი გრძნობდა. 55000 ქომაგის სტადიონზე ყოფნა ფეხბურთელებისათვის განსაკუთრებული რამ არის. ახლაც, გულშემატკივრების გვერდში დგომა გვჭირდება. ვფიქრობ, ხვალინდელი შეხვედრაც არ იქნება გამონაკლისი.”

შეგახსენებთ, რომ საქართველო-შვეიცარიის მატჩი ხვალ, 23 მარტს გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.