ვლადიმირ პეტკოვიჩი: “მოედანზე სამი ქულისთვის საბრძოლველად გავალთ”

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე თბილისში, “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.

“რა თქმა უნდა, ბელგიასთან გამართულმა მატჩმა გარკვეული დადებითი ზეგავლენა იქონია ჩვენ ნაკრებზე. ოთხი თვეა, რაც ფორმის აღდგენასა და შენარჩუნებაზე ინტენსიურად ვმუშაობთ, რაც ნათლად აისახა გუნდზე. ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.

ქართული ფეხბურთი გარკვეულ ნაზავს წარმოადგენს ბრაზილიური ტექნიკურობისა და რუსული ძალისმიერი თამაშის, რასაც ემატება ქართული იმპროვიზაციის ნიჭი. რაც შეეხება “დინამოს”, ძალიან კარგად მახსოვს, თუ რამდენად ლამაზ და წარმატებულ ფეხბურთს თამაშობდა ეს კლუბი.

ჩვენი ნაკრების წარმატების საიდუმლო ძალიან მარტივია – თავაუზოგავი შრომა და დისციპლინის მაღალის დონე. თავხედურად არასოდეს არ მოვპყრობივართ მეტოქეს და ასეთი მიდგომა გვექნება ხვალაც. ვეცდებით, რომ შინ სასურველი შედეგით დავბრუნდეთ – მოედანზე სამი ქულითვის საბრძოლველად გავალთ.

დღეს ჩემს ფეხბურთელებთან ერთად უნდა განვიხილო ქართველი ფეხბურთელების ძლიერი და სუსტი მხარეები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართველები ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, განსაკუთრებით საკუთარ კედლებში და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენ ამ ყველაფერს გავაანალიზებთ და ვეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, თუმცა ეს ფეხბურთია და ასეთი რამ ხდება ხოლმე. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და შევძლებთ, რომ სიცარიელე შევავსოთ,” – აცხადებს ვლადიმირ პეტკოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-შვეიცარიის მატჩი ხვალ, 23 მარტს გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.