პოლონეთის ნაკრებში “ღორის გრიპის ვირუსი” გავრცელდა

პოლონეთის საფეხბურთო ნაკრები ეპიდემიამ მოიცვა. ამ დროისათვის ნაკრების რვა ფეხბურთელს, მათ შორის კშიშტოფ პიონტეკსა და არკადიუშ მილიკს, გრიპის ვირუსი აქვთ.

რამდენიმე დღის წინ “ნაპოლის” ესპანელი ნახევარმცველი, ფაბიან რუისი “ღორის გრიპის ვირუსის” ნიშნების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მისგან ვირუსი თანაკლუბელ არკადიუშ მილიკს გადაედო, რომლისგანაც ის უკვე პოლონეთის ნაკრებში გავრცელდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, დაუდგინდათ თუ არა სხვა ფეხბურთელებს “ღორის გრიპის ვირუსი”, თუმცა ცნობილია, რომ ისინი თავს კარგად ვერ გრძნობენ.

“გუნდში ეპიდემია გვაქვს და პირველი, ვისაც პრობლემა შეექმნა, არკადიუშ მილიკი იყო. სავარაუდოდ, ავსტრიასთან მატჩის წინ, ვენაში, სასტუმროს ჰაერში ყველაფერი რიგზე ვერ იყო, რადგან მსგავსი სიპტომები სხვა ფეხბურთელებსაც აღმოაჩნდათ. ჩვენი სამედიცინო ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ვირუსი კიდევ უფრო არ გავრცელდეს. დღეს იან ბედნარეკსა და ბარტოშ ბერეშინსკის გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ. ვირუსი უკვე რვა ფეხბურთელს აქვს, მათ შორის პიონტეკსაც”, – განაცხადა პოლონეთის ნაკრების მთარმა მწვრთნელმა, იერჟი ბრჟეშჩეკმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 მარტს პოლონეთის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს.