მარიო ბალოტელიმ ლეონარდო ბონუჩის უპასუხა: “ზოგჯერ ჯობს, რომ ჩუმად იყო” (ფოტო)

“მარსელის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ლეონარდო ბონუჩის მიერ “კალიარისთან” მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

როგორც იცით, “კალიარისთან” მატჩის მიმდინარეობისას ადგილობრივი ფანები “იუვენტუსის” ფერადკანიან ფეხბურთელებს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ. განსაკუთრებულ წნეხში ბლეზ მატუიდი და მოის კენი იყვნენ. ამ უკანასკნელმა გოლი მეტოქე ფანების წინ აღნიშნა, რამაც ისინი კიდევ უფრო გააღიზიანა. მატჩი რამდენიმე წუთითაც შეწყდა.

ბონუჩიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ინციდენტში “კალიარის” ფანებიც და მოის კენიც თანაბრად დამნაშავეები არიან.

ბალოტელი ბონუჩის ამ სიტყვებმა გააღიზიანა. “სუპერმარიომ” მოის კენის გამოქვეყნებულ ფოტოზე ასეთი კომენტარი დატოვა: “ბრავო! და, უთხარით ბონუჩის, მას გაუმართლა, რომ იქ არ ვიყავი. იმის მაგივრად რომ შენ დაეცავი, რა გააკეთა. გეფიცებით, შოკში ვარ.”

ასევე, ბალოტელიმ Instagram-ში დაწერა: “ზოგჯერ ჯობს, რომ ჩუმად იყო.”