“ლივერპულის” ახალი მეკარე: “ალისონთან კონკურენციის გაწევას ვაპირებ”

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე ადრიანი “ლივერპულს” შეუერთდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ვადით გაფორმდა კონტრაქტი მხარეებს შორის.

32 წლის ესპანელმა კიპერმა გასულ სეზონში “ჩაქუჩების” რიგებში ხუთი მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაუშვა. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ადრიანის სატრანსფერო ღირებულებას 3,5 მილიონ ევროდ აფასებს.

“რა თქმა უნდა, ასეთ გამორჩეულ კლუბში გადმოსვლით ძალზედ გახარებული ვარ. იმედია, მალევე წარმოვაჩენ ჩემს შესაძლებლობებს. ამბიციური პიროვნება ვარ, აქ მოსაგებად და პირველივე წუთებიდანვე ალისონთან კონკურენციის გასაწევად მოვედი.

ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებ. ბევრი ტურნირი გველის და ყველგან გამარჯვებას ვეცდებით. მოუთმენლად ველი “ენფილდზე” გასამართ პირველ შეხვედრას”, – ციტირებს ადრიანის სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი.