ანრი: “ჩემი და მბაპეს შედარება არ მომწონს”

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრი “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ ჩვენი შედარება მიზანშეწონილია. ყველას საკუთარი სტილი, მოედნის ხედვა, ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. ხშირად მბაპესა და ჩემ შორის პარალელს ავლებენ – ორივენი პარიზში გავიზარდეთ, “მონაკოში” ვთამაშობდით და ასე შემდეგ. არ მომწონს, რომ მბაპეს მადარებენ. მე მე ვარ, მბაპე მბაპეა. მისი თამაში ძალიან მომწონს, მართლაც გასაგიჟებლად თამაშობს. თუ ჩემ შესადარებლად დღევანდელობიდან მაინცდამაინც ვინმე უნდა ავარჩიო, კი ბატონო, მბაპეს დავასახელებ.

ის ძალზედ ჭკვიანია, მხიბლავს მისი აზროვნება. ეს მის ინტერვიუებშიც იგრძნობა. მან იცის, რისი მიღწევაც სურს. ვფიქრობ, რომ კილიანს მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს. ხალხი, პირველ რიგში, მის სისწრაფესა და დრიბლინგს ამჩნევს, თუმცა მნიშვნელოვანი არამხოლოდ ბურთის ფლობა, არამედ სწორი გადაწყვეტილების მიღებაც არის”, – თქვა ანრიმ გამოცემა GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“პსჟ”-ის სპორტდირექტორი: “გუნდში დარჩენას არავის შევეხვეწებით”

“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და გუნდში ნეიმარისა და კილიან მბაპეს დარჩენა-არდარჩენის თაობაზე კომენტარიც გააკეთა. ცნობისთვის, პარიზულ კლუბთან ორივე მათგანს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

“ვფიქრობ, ისინი დარწმუნდნენ, რომ “პარი სენ-ჟერმენი” დიდი ამბიციების მქონე მოთამაშეებისთვის შესანიშნავი გუნდია. ფეხბურთელებთან მოლაპარაკების პროცესში მათი სურვილები და მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა გუნდში დარჩენას არავის შევეხვეწებით. საკითხი გაცილებით რთულად დგას.

“პარი სენ-ჟერმენში” დარჩებიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც ეს მართლა ენდომებათ. მათთან რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს და ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – ლეონარდოს კომენტარი “ფრანს ფუტბოლმა” გამოაქვეყნა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის თავზე “პარი სენ-ჟერმენი” სატურნირო ცხრილს “ლილთან” ერთად ლიდერობს.