იბრაჰიმოვიჩს წითელ წიგნში შეტანილი ლომის მოკვლისთვის პასუხისგებას სთხოვენ

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბუნებისდამცველთა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. როგორც ირკვევა, შვედმა ფეხბურთელმა 2011 წელს, სამხრეთ აფრიკაში ლომი მოკლა, ცხოველის ტყავი და თავი კი სამშობლოში წაიღო.

გამოცემა Expressen-ის ცნობით, აღნიშნულმა ლომმა ერთი წელი ვოლიერში გაატარა, სანამ მას სანადიროდ გამოიყენებდნენ. ლომი წითელ წიგნში შეტანილია, როგორც “დაუცველი სახეობა”, თუმცა შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ სამხრეთ აფრიკაში მასზე ნადირობა დაშვებულია.

მედიამ გამოიძია, რომ სამხრეთ აფრიკაში შვედეთიდან 82 მონადირე იყო ჩასული, მათ შორის გახლდათ ზლატან იბრაჰიმოვიჩიც. თავად 39 წლის ფეხბურთელმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. შვედეთში ის გააკრიტიკეს და დაუცველი ცხოველის მოკვლისთვის პასუხისგებაც მოსთხოვეს.

როგორც მოგეხსენებათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკუთარ თავს ლომს ადარებს. მას ზურგზე აღნიშნული ცხოველის გამოსახულებით დიდი ტატუც აქვს გაკეთებული.