იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავები A და B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად კურსებს გაივლიან.
კურსებზე ალესანდრო დელ პიერო, დანიელე დე როსი, კრისტიან ვიერი, ალესანდრო მატრი, რიკარდო მონტოლივო, ჯამპაოლო პაცინი, დავიდ პისარო, ფედერიკო ბალძარეტი და ინიაციო აბატე ჩაეწერნენ. კურსები კოვერჩანოში მდებარე ბაზაზე ჩატარდება და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები უეფას A და B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიას მიიღებენ.
აღნიშნული დოკუმენტი ახალგაზრდულ და ქალთა გუნდებში, აგრეთვე იტალიის სერია B-მდე არსებულ დივიზიონებში მოასპარეზე კლუბებში მუშაობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, A და B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია სერია A-სა და სერია B-ს გუნდების მთავარი მწვრთნელების ასისტენტად მუშაობის უფლებას იძლევა.
შეგახსენებთ, რომ დე როსი იტალიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში უკვე მუშაობს და “სკუადრა აძურას” ევრო-2020-ზეც გაჰყვება, თუმცა ის გუნდის თავკაცის თანაშემწის ფუნქციებს არ ასრულებს.