“ლოკომოტივის” ნაცვლად რომელ ევროპულ გუნდში გადასვლა შეეძლო კვარაცხელიას

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ შეეძლო, 2019 წელს ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის “ლოკომოტივის” ნაცვლად ლისაბონის “ბენფიკაში” გაეშვა.

“მე მთელი ცხოვრებაა, რუსულ ფეხბურთში ვმუშაობ და რუსეთის პრემიერლიგას ძალიან ვაფასებ. როდესაც ხვიჩა “რუსთავს” ტოვებდა, ორი ვარიანტი გვქონდა. “ბენფიკას” პირველი გუნდი გვიხმობდა, მაგრამ “ლოკომოტივი” ავირჩიეთ. არჩევანი სრულიად შეგნებულად გავაკეთეთ: ვიცი, რომ რუსულ გუნდებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წამოსულ ფეხბურთელებს პროგრესირება შეუძლიათ.

ვფიქრობ, ხვიჩას კარიერა იდეალურად ვითარდება. მან “ლოკოში” სახელი დაიგდო, “რუბინში” კი სლუცკის, საიმანოვისა და ზოგადად კლუბის წყალობით იზრდება. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ საქართველოში კიდევ ერთი ასეთი ნიჭიერი მოთამაშე გამოჩნდება და მასზე მე ვიმუშავებ, მას რეკომენდაციას პირველ რიგში “რუბინში” გავუწევ.

ინგლისიდან და იტალიიდან კვარაცხელიას მიმართ დიდი ინტერესია. რამდენიმე შეხვედრაზე უკვე ვიყავი, სიტუაცია მალე გაირკვევა, მაგრამ ხვიჩას ზაფხულში რუსეთის დატოვების ულტიმატუმი არ აქვს წამოყენებული, ვინაიდან ასეთი მიდგომა არ მუშაობს”, – თქვა ჯუღელმა ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან საუბრისას.