ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ არ გამორიცხა, რომ გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემთხვევაში, მისი ადგილი ზურიკო დავითაშვილმა დაიკავოს, რომელიც 2020-2021 წლების სეზონში ვოლგოგრადის “როტორში” იყო განათხოვრებული.
“მოლაპარაკების პროცესში ჩართული არ ვარ, მას კლუბი აწარმოებს. ჩემი აზრით, კვარაცხელია მომდევნო ნაბიჯისთვის მზად არის. ვფიქრობ, ის ამას გააკეთებს. რატომ უნდა შევაჩეროთ მოძრავი მატარებელი? იმდენად გამოცდილი ვარ, იმდენად ხშირად მინახავს ჩემი გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელების წასვლა, რომ შინაგან კმაყოფილებასაც კი ვგრძნობ. ჩემი საქმე კარგად შევასრულე და ნიჭიერ ფეხბურთელს ხარისხობრივად სხვა დონეზე გადასვლაში დავეხმარე. მესმის, რომ არსებობს საფეხბურთო ადგილები, სადაც მოთამაშის განვითარება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე რუსეთში.
ჩვენ უბრალოდ შემცვლელს ვიპოვით, სტრუქტურული ცვლილების განხორციელება არ მოგვიწევს. რა განასხვავებს ხვიჩას ინ-ბომისგან? ის გუნდის ხერხემალი არ არის. კვარა თვალსასეირო და ხარისხიანი მოთამაშეა, მაგრამ არ არის გუნდის სისტემის ბირთვი. არაფრის შეცვლა არ მოგვიწევს. ჩვენ მსგავსი მოდელის ფეხბურთელს მოვძებნით, მაგრამ სათამაშო სტილსა და სისტემას არ შევცვლით.
ხვიჩას შესაცვლელად უამრავი ვარიანტი გვაქვს. გვყავს ზურიკო (დავითაშვილი), რომელმაც შესაძლოა, ხვიჩა პირდაპირ ჩაანაცვლოს. ის შეკრებას “რუბინთან” ერთად გაივლის, შემდეგ კი – ვნახოთ. თუმცა, კვარაცხელია ჩვენგან ჯერ არ წასულა. ამიტომ, თავში სხვადასხვა ვარიანტები გვიტრიალებს”, – ციტირებს სლუცკის სიტყვებს “სპორტ-ექსპრესი”.