“ჰალის” მფლობელი კლუბის ფანებს თურქეთში დაასვენებს

“ჰალ სიტის” მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ გუნდის ფანებს სიურპრიზი მოუმზადა. თურქი ბიზნესმენი ზაფხულში 500 ქომაგს თურქეთში დაასვენებს.

ილიჯალი ფანებს თურქეთში კერძო თვითმფრინავით გაამგზავრებს და ხუთი დღის განმავლობაში ანთალიის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უმასპინძლებს. ბიზნესმენი ყველა ხარჯს თავად დაფარავს. იღბლიან ქომაგთა ერთი ნაწილის ვინაობა ლატარიის მეშვეობით გაირკვევა, მეორე ნაწილი კი ის ფანები იქნებიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში “ჰალის” ყველაზე მეტ მატჩს დაესწრებიან.

“ვოცნებობ ისეთ სიგიჟეებზე, როგორიცაა “ჰალის” ხალხის თურქეთში დასვენება და მათთვის ჩემი ქვეყნის სილამაზის გაცნობა”, – ციტირებს ილიჯალის სიტყვებს “დეილი მეილი”.

შეგახსენებთ, რომ აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” მიმდინარე წლის იანვარში შეიძინა და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძე დანიშნა. გუნდს ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილი უკავია და გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გასავარდნ ზონას 12 ქულა აშორებს.