„ბარსელონას“ აქილევსის ქუსლი – თებერვალი

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და სენსაციურად, ანგარიშით 2:3 დამარცხდა. თუმცა, არის კი ეს სენსაცია?

თანამედროვე ეპოქაში (ერქმევა მას რაიკაარდის, გვარდიოლას, ვილანოვას თუ მარტინოს ხანა) კატალონიური გუნდს, როგორც წესი, ორ პერიოდში უჭირს თამაში: სანაკრებო პაუზის შემდეგ და თებერვლის თვეში.

გადავხედოთ ბოლო ათწლეულის შედეგებს და მივხვდებით, რომ „ბარსელონას“ წელიწადის მეორე თვეში წარმატების მიღწევა მართლაც უჭირს.

2003/04 წლების სეზონი: ფრანკ რაიკაარდმა სადებიუტო სეზონის პრველი ნახევარი ჩააგდო, შემდეგ გუნდში მოიყვანა ედგარ დავიდსი, რომელმაც რონალდინიოსთან ერთად კატალონიური გუნდი ლიდერთა მარაქაში დააბრუნა და საბოლოოდ, ლა ლიგის ვერცხლის მედლებიც მოაგებინა. გუნდმა ცხრამატჩიანი მოგებათა სერია მოიწყო და სეზონი მეორე პოზიციაზე დაასრულა. თუმცა, ეს ამ დრომდე ბოლო შემთხვევა აღმოჩნდა, როცა „ბარსელონას“ თებერვალში თამაში არ გაუჭირდა;

2004/05 წლების სეზონი: თებერვლის პირველივე მატჩში „ბარსელონა“ შინ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (0:2). ეს იყო იმ სეზონში კატალონიური გუნდის პირველი საშინაო მარცხი. თვის ბოლოს „ბარსელონამ“ გასვლაზე „ნუმანსიასთანაც“ დაკარგა ქულები (1:1);

2005/06 წლების სეზონი: იმ სეზონში „ბარსელონა“ ზედიზედ ორჯერ პირველად სწორედ თებერვალში დამარცხდა – „ატლეტიკოსთან“ (1:3) და „ვალენსიასთან“ (0:1);

2006/07 წლების სეზონი: საშინაო მატჩი „ლივერპულთან“ (1:2) და ორი მატჩის ჯამში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპიდან გამოვარდნა. გარდა ამისა, ფრე „ოსასუნასთან“ (0:0) და მარცხი „ვალენსიასთან“ (1:2);

2007/08 წლების სეზონი: ფრე „სევილიასთან“ ჩემპიონატში (1:1) და საშინაო ყაიმი „ვალენსიასთან“ სათასო დაპირისპირებაში (1:1). მოგვიანებით ტურნირიდან ვარდება.

2008/09 წლების სეზონი: კლუბმა თავკაცის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლა მოიწვია, თუმცა არასასიამოვნო ტრადიცია გრძელდება. ფრე ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონთან“ (1:1), ყაიმი „ბეტისთან“ (2:2) და მარცხი „ბეტისთან“ (1:2) და „ესპანიოლთან“ (3:4);

2009/10 წლების სეზონი: ევროსარბიელზე ფრე „შტუტგარტთან“ (1:1) და პრიმერადივიზიონის იმ სეზონში განცდილი ერთადერთი მარცხი, „ატლეტიკოსთან“ (1:2). რა თქმა უნდა, აქაც თებერვლის პერიოდზეა საუბარი;

2010/11 წლების სეზონი: მარცხი „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე (1:2) და ფრე ხიხონის „სპორტინგთან“ (1:1), რომლითაც კატალონიური გუნდის 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

2011/12 წლების სეზონი: პამპლონაში „ოსასუნასთან“ გაშვებული სამი გოლი, რაც იმ სეზონში „ბარსელონას“ პირველად მოუვიდა (2:3), თანაც ეს იყო ჩემპიონატში განცდილი მეორე მარცხი.

2012/13 წლების სეზონი: სამარცხვინო მატჩები „სამეფო თასზე“ მადრიდის „რეალთან“ (1:3) და ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ (0:2). გარდა ამისა, „ვალენიასთან„ დაკარგული ქულები (1:1). სიმართლე რომ ითქვას, იმ სეზონში „ბარსელონას“ უფრო რთული პერიოდიც ჰქონდა;

2013/14 წლების სეზონი: მარცხი „ვალენსიასთან“ (2:3) და თითქმის მთელი თვე ჯერ კიდევ წინაა.

მიმდიანრე წლის თებერვლის თვეში „ბარსელონას“ კალენდარი ასე გამოიყურება:

„ბარსელონა“–„სოსიედადი“ (6 თებერვალი, თასი);
„სევილია“–„ბარსელონა“ (10 თებერვალი, პრიმერადივიზიონი);
„სოსიედადი“–„ბარსელონა“ (13 თებერვალი, თასი);
„ბარსელონა“–„რაიო“ (15 თებერვალი, პრიმერადივიზიონი);
„მანჩესტერ სიტი“–„ბარსელონა“ (18 თებერვალი, ჩემპიონთა ლიგა);
„სოსიედადი“–„ბარსელონა“ (22 თებერვალი, პრიმერადივიზიონი).

ბექა დოგრაშვილი