გასულ ზაფხულში მადრიდის “რეალმა” ტურინის “იუვენტუსიდან” ალვარო მორატა დაიბრუნა. თუმცა, ესპანელ თავდამსხმელს არც ისე დიდი დრო ეძლევა. უფრო ხშირად ძირითად შეადგენლობაში კარიმ ბენზემა დგას. ზიდანი თანამემამულეს უცხადებს ნდობას.
საინტერესო სტატისტიკა ვრცელდება ესპანურ პრესაში. მიუხედავად იმისა, რომ მორატას ბენზემაზა ცოტა დრო აქვს, იგი ფრანგ შემტევზე გაცილებით პროდუქტიულია.
“ლა ლიგაში” ალვარომ 746 წუთი ითამაშა და რვა გოლის გატანა მოახერხა. საგულისხმოა, რომ ამ გოლებმა, საერთო ჯამში, გუნდს რვა ქულა მოუპოვა.
რაც შეეხება 29 წლის თავდამსხმელს, მან სათამაშო დროდ 1,201 წუთი მიიღო და მხოლოდ ხუთ გოლს მოუყარა თავი. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ კარიმი უფრო ნაკლებჯერ იტანს გადამწყვეტ მომენტებში, ვიდრე მორატა. თუ ამ უკანასკნელმა გუნდს რვა ქულა მოუტანა, კარიმის მაჩვენებელი, მხოლოდ და მხოლოდ, სამია.