11 იანვარს, NBA-ში, “გოლდენ სტეიტსა” და “ოკლაჰომას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ზაზა ფაჩულიამ რასელ ვესტბრუკის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. ამ ეპიზოდს ამერიკაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ინციდენტში მონაწილე მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს. ვესტბრუკმა განაცხადა, რომ ფაჩულიას სამაგიეროს 11 თებერვალს გადაუხდის, ხოლო ზაზამ აღნიშნა, რომ ამ დღეს ისიც პარკეტზე იქნება და მას არაფრის ეშინია.
25 იანვარს, ინტერნეტსივრცეში ზაზა ფაჩულიას განცხადება გავრცელდა. “გოლდენ სტეიტის” ცენტრმა აღნიშნა, რომ მან ვესტბრუკს იდაყვის ჩარტყმისათვის ვალი დაუბრუნა, თუმცა ის ეპიზოდი ყველას გამორჩა.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა იმაზე ვისაუბრო, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი. შესაძლოა, ჩემი შეცდომა ისაა, რომ ამ ინციდენტის დეტალებზე აქამდე არ ვისაუბრე. სანამ ვესტბრუკის წინააღმდეგ უხეშობისათვის დამაჯარიმებდნენ, ცოტა ხნით ადრე იდაყვი ჩამარტყა. მან ბურთი დაკარგა, რის შემდეგაც სახეში იდაყვი ჩამარტყა, ჩვენ სწრაფ კონტრ-შეტევაზე გადავედით, კარიმ კი ბურთი კალათში მოათავსა, ვესტბრუკს სწორედ ამის შემდეგ ვუპასუხე. შეიძლება, ითქვას, მას ვალი დავუბრუნე. ამ ინციდენტზე ბევრმა არ იცის, რადგან მასზე აქამდე არ მისაუბრია.
მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი მანაც გააკეთა და მეც გავაკეთე. ვთქვი, რომ “ოკლაჰომას” დარბაზში მეც ვიქნები. შესაბამისად, რისი გაკეთებაც არ უნდა სურდეს, მე პარკეტზე ვიქნები”, – უთხრა ფაჩულიამ KNBR-AM-ს.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც კარგად ჩანს, თუ რატომ დაიწყო ფაჩულიასა და ვესტბრუკს შორის დაპირისპირება.