თურქეთში შეკრებაზე მყოფი „დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო მატჩს დღეს, რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნალჩიკის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
„სპარტაკი“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. რუსული გუნდისთვის ეს თურქულ შეკრებაზე გასამართი რიგით მეორე შეხვედრა იქნება. პირველი მატჩი „სპარტაკმა“ ბულგარულ „მონტანასთან“ ანგარიშით 0:2 დათმო. შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბის ღირსებას ქართველი თავდამსხმელი დავით სირაძე იცავს.
რაც შეეხება „დინამოს“, თბილისური გუნდისთვის ეს ამ შეკრებაზე რიგით მეხუთე მატჩი იქნება. წინა შეხვედრები ამ შედეგებით დასრულდა:
„დინამო თბილისი“ 1:1 „პოდბესკიძიე“ (28 იანვარი);
„დინამო თბილისი“ 1:2 სპლიტის „ჰაიდუკი“ (31 იანვარი);
„დინამო თბილისი„ 1:2 „მლადა ბოლესლავი“ (3 თებერვალი);
„დინამო თბილისი“ 1:0 „ჩერნომორეცი“ (შეწყდა 65-ე წუთზე; 6 თებერვალი).
„დინამოსა“ და ნალჩიკის „სპარტაკს“ შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი