ჯოზეფ მინალას ასაკი ოფიციალურად გაირკვა

გემახსოვრებათ, მიმდინარე წლის დასაწყისში რომის „ლაციოს“ ახალწვეულ ჯოზეფ მილანას ასაკზე ერთი ამბავი რომ ატყდა. კამერუნელმა ნახევარმცველმა მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. ოფიციალური დოკუმეტებით, ის 1996 წლის 24 აგვისტოს დაიბადა, თუმცა მისი შემხედვარე ძნელად თუ დაიჯერებს, რომ მინალა 17 წლისაა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება აწარმოა, რომლის შედეგებიც ასეთია: ჯოზეფ მინალა ნამდვილად 17 წლის არის. მის დოკუმენტაციაში დარღვევები არ აღმოჩნდა.

მოთამაშეს ბრალს სდებდნენ, რომ ნამდვილ ასაკს მალავდა. ბევრი აღნიშნავდა, რომ მინალა სინამდვილეში 40 წელს გადაცილებული იყო. კამერუნელი ფეხბურთელი კი დაჟინებით ამბობდა, რომ 17 წლის იყო და მისი გადაბერებული სახე მძიმე ბავშვობის შედეგი გახლდათ.

ჯოზეფ მინალა „ლაციოს“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან სერია A-ს აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში 3 მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი

აგენტი: „მინალა ნამდვილად 17 წლისაა, უბრალოდ მას რთული ბავშვობა ჰქონდა“

რომის „ლაციოს“ ახალწვეულ ჯოზეფ მინალას წარმომადგენელმა ფეხბურთელის ასაკთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უპასუხა. პასპორტში კამერუნელ მოთამაშეს დაბადების თარიღად 1996 წლის 24 აგვისტო უწერია, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ მინალა მართლაც 17 წლისაა.

„მისი მისამართით უსამართლო ბრალდებები გაისმა, თუმცა ჯოზეფი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. თუ გაესაუბრებით, დარწმუნდებით, რომ მინალა მართლაც 17 წლის ბიჭი გახლავთ“, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა დიეგო ტავანომ.

ჯოზეფ მინალა „ლაციოში“ გასული წლის დეკემბრის თვეში გადავიდა.

ბექა დოგრაშვილი