გთავაზობთ სტატიას, სადაც წარსულში ცნობილ, მაგრამ ამჟამად რთულ ვითარებაში მყოფ კლუბებს გავიხსენებთ.
გლაზგო რეინჯერსი
შოტლანდიური გრანდი ამჟამად ქვეყნის მეორე დივიზიონში ასპარეზობს. 2012 წელს ვალების გამო კლუბი ბანკროტად სცნეს და მეოთხე დივიზიონში დააქვეითეს. ამჟამად საკუთარ ლიგაში “რეინჯერსი” ლიდერობს და დიდი ალბათობით გლაზგოლელები მომავალი წლიდან კვლავ დაუბრუნდებიან შოტლანდიური ფეხბურთის ელიტას, სადაც 1890-2012 წლებში ასპარეზობდნენ და უამრავი ტიტული მოიპოვეს.
ლიდს იუნაიტედი
ერთ დროს წარმატებული “ლიდსი” 2007 წელს ჩემპიონშიპიდან რანგით მესამე, ლიგა 1-ში გავარდა, სადაც ფინანსური პრობლემების გამო დაჯარიმდნენ და გათამაშება -15 ქულით დაიწყეს.
კლუბის საუკეთესო პერიოდი მეოცე საუკუნის 60-იან წლებში იყო. თუმცა, შედარებით ახალგაზრდა თაობის გულშემატკივრებს 2000-იანი წლების დასაწყისში, დევიდ ოლირის მიერ გაწვრთნილი “ლიდსიც” ახსოვთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა. იმ ფორმაციის კლუბის შესაქმნელად საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, რის გამოც კლუბი დიდ ვალებში ჩავარდა.
გასული წლის ბოლოს “ლიდსის” აქციები იტალიელმა მასიმო ჩელინომ შეიძინა, თუმცა პრემიერლიგაში დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.
ნოტინგემ ფორესტი
ინგლისის ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული ამჟამად ჩემპიონშიპში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კლუბი საკმაოდ გაძლიერდა, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტიუარტ პირსი დაინიშნა, რომელმაც “ფორსტში” 12 წლის განმავლობაში ითამაშა.
ლეგენდარული კლუბი რანგით მეორე ლიგაში პირველობისთვის იბრძვის და პრემიერლიგაში დაბრუნდების საკმაოდ კარგი შანსებიც აქვს.
უიმბლდონი
2002 წელს დაშლილი კლუბი AFC Wimbledon-ის სახელით აღორძინდა და ამჟამად ინგლისის რანგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს.
პრემიერლიგაში საუბარი ამ ეტაპზე ნამდვილად უტოპიაა. კოლორიტული კლუბი საკუთარი გულშემატკივრების სახსრებით ფინანსდება.
პერუჯა
2004 წელს სერია A-დან გავარდნის შემდეგ “პერუჯა” ორჯერ 2005 და 2010 წლებში გაკოტრდა. პირველი შემთხვევის შემდეგ პერუჯელები სერია C-ში დაქვეითდნენ, შემდეგ კი კლუბი უბრალოდ დაიშალა. ახალმა გუნდმა, რომელიც 2010 წელს შეიქმნა, საკუთარი გზა სერია D-დან დაიყო.
2014 წელს “პერუჯა” სერია B-მდე მივია და ამჟამად კლუბის მთავარი მიზანი იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებაა.