“სამტრედია” – “ტორპედო” 0:1

21 სექტემბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩები შედგა. ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მასპინძელ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ დაუპირისპირდა.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ იმერულ დერბიზე ანშლაგი იყო. ტრიბუნებზე მყოფ 2 500-მდე გულშემატკივართა შორის საკმაოდ ბევრი ქუთაისელი ქომაგიც გახლდათ, რომლებიც ხშირი შეძახილებით ამხნევებდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს. „ტორპედო“ მატჩს დანაკლისით შეხვდა – კაპიტანი თენგიზ ჩიკვილაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ეხმარებოდა თანაგუნდელებს. მის მაგივრად გუნდს ტრავმამოშუშებულმა ვალერი აბრამიძემ უკაპიტნა. „ტორპედოს“ რიგებში დებიუტი ჰქონდა უკრაინელ ილია დრევალს. 18 წლის ახალწვეულმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.

შეხვედრის პირველი ტაიმი მოსალოდნელი სცენარით წარიმართა. ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებული „სამტრედია“ ყველა სათამაშო კომპონენტში ფლობდა უპირატესობას, თუმცა ბოლო ფაზაში მასპინძელ ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. საწყის 25 წუთში მარტო ბეჭვაიასა და გეწაძის მომენტებს თუ დავაჯამებთ, ისინი 6-ჯერ იყვნენ ახლოს ანგარიშის გახსნასთან. შემდეგ თითოჯერ მელქაძეს, ბაკურაძესა და კაკუბავასაც შეეძლოთ მათი გუნდის დაწინაურება, მაგრამ არარეალიზებულ შეტევებში მთავარი „დამნაშავე“ მეკარე თებიძე იყო, რომელსაც ზედიზედ მესამე თამაშია გოლი არ გაუშვია. „სამტრედიას“ მასირებული იერიშების ფონზე იყო მოლოდინი, რომ „ტორპედო“ დიდხანს ვეღარ შეინახავდა კარს „მშრალად“ და ქუთაისელთათვის უკეთეს შემთხვევაში კი ფრეს მიაღწევდა, თუმცა წინ მეორე ტაიმი იყო…

მატჩის დასკვნითი მეორედი პირველისგან განსხვავებული გამოდგა. თამაში გათანაბრდა და „ტორპედოც“ გაცილებით უფრო გამოცოცხლდა. მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები შეექმნათ ბონდარენკოს, აბრამიძესა და ჩაკვეტაძეს, მაგრამ ყველა მათგანი უშედეგო აღმოჩნდა. შიგადაშიგ პასუხობდნენ სამტრედიელებიც, მელქაძემ და ქანთარიამ ბურთი კარში ვერ მოახვედრეს, ახლო მანძილიდან გორგიაშვილის დარტყმულზე კი თებიძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა დამაჯერებლობა. უკომპრომისო ორთაბრძოლები ბოლომდე გაგრძელდა. „ტორპედოს“ უკეთესი ფიზიკური მომზადება განსაკუთრებით თამაშის ეპილოგში გამოჩნდა. 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა კვერნაძემ ბაბუნაშვილის პასი მიიღო და მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა კუთხიდან შეიჭრა, ტორპედოელს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მის დარტყმულზე მეკარემ იყოჩაღა. აქედან ოთხ წუთში, „ტორპედოს“ კომბინაცია გოლით დაგვირგვინდა, ტაბატაძემ აბრამიძესთან გაითამაშა „კედელი“, ვაჟამ ცრუ მოძრაობით ოპონენტი მოატყუა და კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც ოთარ კვერნაძემ დაუხვედრა ბურთს თავი, მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და საპირისპირო კუთხეში დარტყმით დალაშქრა კარი – 0:1. დარჩენილ წუთებში არაფერი შეცვლილა და არბიტრ სილაგავას, რომელსაც ამ მატჩში თითქმის შეცდომა არ დაუშვია, საფინალო სასტვენმა ქუთათურების მნიშვნელოვანი გამარჯვება დააფიქსირა, შედეგად, რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე გადავიდა.

fctorpedo.ge

სამტრედიელ დუბლიორთა განადგურება ზესტაფონში

2014 წლის 13 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.

მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, ბარბაქაძე, ხიდეშელი (ჩიტორელიძე, 46), რობაქიძე, ენდელაძე (გოგავა, 78), ვაჭარაძე, სამუშია (კანდელაკი, 46), ჭანკოტაძე (ბუბულაშვილი, 80), ფანცულაია, მიქელთაძე, კაპანაძე (ჩუბინიძე, 74).

მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და 14-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც – სტუმართა საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდების შემდეგ მასპინძელთა ფორვარდი თორნიკე კაპანაძე “სამტრედიის” კარის სიახლოვეს დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო მეტოქე გუნდის მცველები მისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. საბოლოოდ, ეპიზოდი დასრულდა იმით, რომ ბურთი კარის ბადეში აღმჩნდა…

28-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა – ბექა მიქელთაძე სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა, ცრუმოძრაობით გოლკიპერი უსაქმოდ დატოვა და ბურთი ცარიელ კარში მშვიდად შეაგორა. სამტრედიელებმა გაიბრძოლეს და ტაიმის მიწურულს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 40-ე წუთზე ლევან შილაკაძემ აუღებელი დარტყმით დალაშქრა დავით კუპატაძის კარი…

მეორე ტაიმში კი ზესტაფონელთა ბაზის მწვანე მინდორზე “ცალკარა” გაღაღდა – 50-ე და 79-ე წუთებზე ბექა მიქელთაძემ კიდევ ორი გოლი გაიტანა სტუმართა კარში. ამ გოლებს შორის (72-ე წუთი) თავის გოლი დემურ კანდელაკმა გაიტანა. 83-ე წუთზე “სამტრედიის” დუბლიორთა კარი მეექვსედ გიორგი ფანცულაიამ აიღო, ხოლო 88-ეზე ბექა მიქელთაძემ დღევანდელ შეხვედრაში “პოკერი” შეასრულა. ზესტაფონელთა გამარჯვება გამანადგურებელი ანგარიშით 7-1.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

შორტზე 19, მაისურზე 20 ნომერი

საქართველოს უმაღლესი ლიგის V ტურში “ზესტაფონისა” “სამტრედიას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას უჩვეულო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის კაპიტან გიორგი მელქაძეს მაისურზე სათამაშო ნომერი აღარ ეტყობოდა, რის გამოც მას მთავარმა არბიტრმა ფორმის გამოცვლა მოსთხოვა. მელქაძეს 19-ის ნაცვლად 20-ნომრიანი მაისური ჩააცვეს, შორტზე 19 ნომერი ეწერა, მაისურზე კი – 20.

მატჩი “სამტრედიას” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

გთავაზობთ ამ უჩვეულო ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

სამი წლის შემდეგ დაბრუნებული დერბი

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

იმერეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2009 წლის 8 აგვისტოს იღებს სათავეს და სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 8 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში უპირობო უპირატესობა ზესტაფონელთა მხარესაა – 8 მოგება, 0 ფრე და 0 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 29:7.

საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან სამტრედიელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალსა და ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანიათ – ორივე ამ ფეხბურთელს ოპონენტთა კარი 7-7-ჯერ აქვთ აღებული. 3 გოლი რატი წინამძღვრიშვილის ანგარიშიზეა, ხოლო 2-2-ჯერ “სამტრედიის” კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ალექსი ბენაშვილი, თორნიკე აფციაური, ლევან კორღალიძე, ირაკლი ძარია და გიორგი ონიანი) შეურხევია.

დღესდღეობით მარგველთა რიგებში მოასპარეზე ფეხბურთეთაგან კი მომავალი მეტოქის კარში ფეროელთა მაისურით ასპარეზობისას გატანილი გოლით ჯაბა დვალის გარდა თავს გიორგი ხიდეშელიც იწონებს …

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიასთან” 12 სექტემბერს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი “პირველი არხის” ეთერში გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ახალი სეზონი “დინამოს” დუბლებმაც გამარჯვებით დაიწყეს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლშემადგენლობათა გათამაშების პირველი ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ, რომელსაც თამაზ სამხარაძე თავკაცობს, სამტრედიის დუბლებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ დინამოელები ამ სეზონში ერთობ გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებენ. გუნდის უმეტესობას აკადემიიდან დაწინაურებული ფეხბურთელები შეადგენენ.

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა ტაიმის შუამდე გამოსარჩევი სახიფათო მომენტი არ შექმნილა. დინამოელები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და პირველი ნახევრის ბოლოსკენ ორჯერ მოახერხეს სამტრედიელთა კარის აღება. 36- ე წუთზე ოთარ კობახიძემ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიშიც გახსნა- 1:0. ტაიმის ბოლო წუთზე ოთარმა ლამაზი დარტყმით დუბლი შეასრულა და დინამო საგრძნობი უპირატესობით გავიდა შესვენებაზე. მეორე ტაიმში კიდევ იყო რამდენიმე სახიფათო მომენტი ორივე კართან. 88- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ნიკა ლაშხიამ კი შორეული და ზუსტი დარტყმით მესამე გოლი გაიტანა მეტოქის კარში და შეხვედრის საბოლოო ანგარიში- 3:0 დააფიქსირა.

დინამო დუბლები 3:0 სამტრედია დუბლები

გოლები: 1:0 კობახიძე ო. 36’ (პენ) 2:0 კობახიძე ო. 45’ 3:0 ლაშხია 88’

დინამო (დუბ): კულუა, კაპანაძე, კაციტაძე (გადრანი 70), ლოჩოშვილი ქანთარია, ნემსაძე (გეგეშიძე 84), ვეკუა, ჩიხლაძე (ლაშხია 68), გაბრიჩიძე (კვერნაძე 56), ო. კობახიძე, ა. კობახიძე (გალდავაძე 73)

სამტრედია (დუბ): შაფათავა, თურმანიძე, თვალავაძე, მანჯგალაძე, ახალაძე, ჯიქიძე, ჩომახაშვილი, შილაკაძე, ჭეიშვილი, ჯანელიძე, ხვედელიძე

FCDinamo.GE

დინამომ ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

დღეს დინამო არენაზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა სკ სამტრედიას უმასპინძლა და საკმაოდ საინტერესო შეხვედრაში ორი უპასუხო ბურთით დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდის კაპიტნებმა- ჩისკო მუნიოსმა და მიხეილ მუჯრიშვილმა საქართველოს ეროვნული ჰიმნის თანხლებით, ჩვენი ქვეყნის დროშა აღმართეს. შემდეგ ჩვენი გუნდის კაპიტანი დააჯილდოვეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჟურნალის გამოკითხვით, რომელშიც მონაწილეობა სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს, განვლილი სეზონის ეროვნული პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად, დინამოს ესპანელი შემტევი- ჩისკო დასახელდა.

მატჩი ორივე გუნდმა საშუალო ტემპში დაიწყო. თამაში უფრო მეტად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, თუმცა ტაიმის შუაწელში ტერიტორიულ უპირატესობას დინამოელები დაეუფლნენ და ეს უპირატესობა ფაქტიურად შეხვედრის ბოლომდე აღარ გაუშვიათ ხელიდან. პირველ ტაიმში ორივე გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. უფრო თვალსასეირო ფეხბურთი მეორე ნახევრიდან გაჩაღდა. დინამოელებმა ტერიტორიული უპირატესობა სათამაშოშიც გარდასახეს და 55- ე წუთზე ძარია-პაპუნაშვილი-პაპავას ლამაზი კომბინაცია ჩისკომ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა- 1:0. მატჩის 74- ე წუთზე გიორგი ჩირგაძემ ზუსტი პასით გიორგი პაპუნაშვილი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა. დინამოს ახალგაზრდა შემტევმაც ანგარიში ორამდე გაზარდა. შეხვედრის ბოლო წუთებზე გიორგი გაბედავას შეეძლო ანგარიშის შემცირება, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. საბოლოოდ მატჩი თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

დინამო 2:0 სამტრედია

გოლები: 1:0 ჩისკო 55’  2:0 პაპუნაშვილი 74’

გაფრთხილება: ცინცაძე 60’

დინამო: მიგინეიშვილი, თოთაძე, ცინცაძე, შერგელაშვილი (მჭედლიშვილი 59), გველესიანი, ჯანელიძე (ლობჟანიძე 55), პაპუნაშვილი, პაპავა, ძარია, ჩირგაძე, ჩისკო (პარუნაშვილი 65)

სამტრედია: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, თომაშვილი, გედენიძე, კაკუშაძე, კერძევაძე, ქებაძე (დათუნაიშვილი 70), მელქაძე, პავლიაშვილი (დოლიძე 53), გეწაძე, ქანთარია (გაბედავა 52)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

fcdinamo.ge

დინამო vs სამტრედია – ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან

10 აგვისტოს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში დინამო თბილისი სამტრედიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 29 მატჩს ითვლის. სხვადასხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ-სანავარდოს სახელით ჩაატარა. ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 29 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 22 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა. 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს. 4 შეხვედრა სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი  73/17 თბილისელთა სასარგებლოდ.

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს დინამომ 6:0 აჯობა ოპონენტს. ყაველაშვილის ჰეთ-თრიქს თითო გოლი ქეცბაიამ, ინალიშვილმა და რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. იაშვილი (2), კერძევაძე, დემეტრაძე, ინალიშვილი და ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. აშვეთიასა და შენგელიას დუბლს, კიკნაძემ, მუჯირმა და ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა გადელიამ, დათვაძემ, სახვაძემ, გოგოლაძემ და ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ხმალაძემ და ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი იელიჩის, არზიანის და ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 29 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ ექვსჯერ). 4 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2011 წლის 8 მაისს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 22- ე ჩემპიონატის XXXIII ტურის მატჩში, თომაშვილისა და ტატანაშვილის გოლებით 2:1 იმარჯვა დინამომ.

FCDinamo.GE

სამტრედია ძლიერდება

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული “სამტრედია” მნიშნველოვნად გაძლიერდა. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ სამტრედიული გუნდის ღირსებას მომდევნო სეზონში გულვერდ თომაშვილი, ლაშა ქებაძე და გრიგოლ დოლიძე ითამაშებენ. დიდი შანსია, რომ ამ გამოცდილ ტრიოს “ზესტაფონიდან” წამოსული რევაზ გეწაძეც შეუერთდეს.

სამტრედიაში რამდენიმე ლეგიონერიც გასინჯეს, თუმცა ამ ეტაპზე მწვრთნელის მოთხოვნების დაკმაყოფილება მათ ვერ მაოხერხეს.

გელა სანაიას შეგირდები უმაღლეს ლიგას გასვლითი მატჩით იწყბენ. 10 აგვისტოს “სამტრედია” თბილისის “დინამოს” ესტუმრება.

“სამტრედია” – “ტორპედო” 0:1

დღეს, ქუთაისის „ტორპედო“ სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონს ესტუმრა და ამხანაგურად უკვე თანალიგელ, იქაურ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ შეხვდა.

თამაშმა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ „სამტრედიას“ გულშემატკივრებში საკმაო ინტერესი გამოიწვია, რაც მათი დასწრებითაც(500-მდე) გამოიხატა. ტრიბუნებზე ასევე იყვნენ ჩჳენი გუნდის ქომაგებიც. დღევანდელი ტესტ-მატჩის გამარჯვებული სტუმრები გახდნენ. ტორპედოელებმა მეტოქეს, 30-ე წუთზე,გოგი ფიფიას მიერ გატანილი ძალზედ ეფექტური გოლით აჯობეს – 0:1. გამოსაყოფია, რომ „ტორპედოს“ მაისურით აქ დაბრუნების შემდეგ პირველად იასპარეზა 34 წლის ცენტრალურმა მცველმა ვალერი აბრამიძემ, ვინც მის ამჟამინდელ თანაგუნდელებთან ერთად(სევასტი თოდუა და მიხეილ მახვილაძე) ქუთაისელთა დაცვას 12 წლის წინ, მე-14 ეროვნულ ჩემპიონატშიც აკონტროლებდა, რომელიც „ტორპედომ“ პირველ ადგილზე დაასრულა.

„ტორპედო“: ბობღიაშვილი(თებიძე 46), თოდუა, აბრამიძე(ბერუაშვილი 42), ჩადუნელი, ბენაშვილი(მამასახლისი 46), ჩაკვეტაძე, ელიავა(ბაბუნაშვილი 46), ჩიკვილაძე(კიკნაველიძე 70), მარკოზაშვილი(ჯოხაძე 56), ფიფია(ქებურია 53), კვერნაძე(ჭედია 46).

„სამტრედია“: სტურუა, თ. კაკუშაძე, შალიკაშვილი, პაჭკორია, ბაკურაძე, კერძევაძე, ქებაძე, პავლიაშვილი, მელქაძე, გედენიძე, ქანთარია.

შეცვლაზე შევიდნენ: ნვანკო, კაკულია, დვალიშვილი, შილაკაძე, კიკაბიძე, ა. ჯანელიძე, ქურდობაძე, ხვედელიძე

მსაჯი: პაატა დოგრაშვილი(ქუთაისი)

მატჩის ფოტომასალა იხილეთ – Facebook-ზე

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას „ტორპედო“ ხვალ, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართავს, სადაც მეტოქე პირველლიგელი წყალტუბოს „სამგურალი“ იქნება.

FCTorpedo.GE

პირველი ლიგის ცენტრალური მატჩი “სამტრედიამ” მოიგო

დღეს ქობულეთის “ჩელე არენაზე” პირველი ლიგის “ბ” ჯფუდის ცენტრალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს გათამაშების ლიდერები, ბათუმის “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ბათუმელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმრებმა კონტრშეტევებზე შესანიშნავად ითამაშეს და მასპინძლებს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. სამტრედიელთა მხრიდან გოლები გედენიძემ და მელქაძემ გაიტანეს.

აღნიშნული მატჩის შემდეგ, “სამტრედია” 37 ქულით ლიდერობს გათამაშებას. მეორე ადგილზე “მაჭახელაა” და მას აქტივში 34 ქულა აქვს, ხოლო ბათუმის “დინამო” 31 ქულით ჯერ-ჯერობით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით ითამაშეს:

დინამო (ბათუმი): ალავიძე, ქორიძე, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, ჟვანია, მუჯირი, კიკნაველიძე, ვარშანიძე, ჭკუასელი, ფიფია, სიხარულიძე.

მთ.მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

სამტრედია: მუჯირიშვილი, შალიკაშვილი, გედენიძე, დვალიშვილი, კაკუშაძე, კიკაბიძე, მელქაძე, ბაკურაძე, კერძევაძე, ქანთარია, პავლიაშვილი.

მწ.მწვრთნელი: გელა სანაია

“ტორპედოს” კიდევ ერთი გამოსაცდელი მატჩი

ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე უმაღლესი ლიგის საგზურისთვის მებრძოლ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“(მწვრთნელი – გელა სანაია) უმასპინძლა.

დღევანდელი მატჩის ტაიმებში რევაზ ძოძუაშვილმა სხვადასხვა შემადგენლობით გაიყვანა მისი გუნდი მოედანზე. შესვენებაზე სტუმრებს მიჰყავდათ ანგარიში, მე-15 წუთზე პენალტიდან გატანილი გოლის(ავტორი – ლევან ბაკურაძე) წყალობით, თუმცა თამაშის მეორე ნახევარში მოასპარეზე ტორპედოელებმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ჯერ 73-ე წუთზე, ხელსაყრელი პოზიციიდან ოთარ კვერნაძემ გაათანაბრა, 81-ე წუთზე, თენგიზ ჩიკვილაძემ აქცია საჯარიმო დარტყმა გოლად, ორ წუთში კი ამ უკანასკნელის ჩაწოდებული ბურთი „ტორპედოს“ ლატვიელმა ახალწვეულმა(ცენტრალური მცველი) იგორ სავჩენკოვსიმ გადაგზავნა „სამტრედიას“ კარში – 3:1.

გუნდების შემადგენლობები – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=230

სეზონის განახლებამდე „ტორპედო“ ხვალ კიდევ ერთხელ ისპარინგებს, მეტოქე პირველ ლიგაში მოასპარეზე ბათუმის „ადელი“ იქნება. თამაში ქობულეთში გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

FCTorpedo.GE