მარცხი ეგვიპტელთან

სამწუხაროდ, ვერ მოახერხა გაგამარუმ დღეს, ზედიზედ მესამედ დაემარცხებინა ეგვიპტელი ოსუნაარაში.
არადა, ჩვენმა გოლიათმა სტარტზე ძალიან აგრესიულად შეუტია 22 წლის აბდელრაჰმან შარანს და შეეძლო კიდეც დოჰიოდან განედევნა. თუმცა, მე-11 მაეგაშირად განთესილმა ეგვიპტელმა სეკიტორმა შეძლო თავის დაცვა და როდესაც გაგა ჯიქურ აწვებოდა მას, უვატენაგეთი დასცა დოჰიოზე ქართველი ფალავანი.
გაგამარუსთვის აღნიშნული მარცხი უკვე რიგით მესამეა ჰარუ ბაშოზე, აქტივში კი მხოლოდ 1 მოგება აქვს ჩვენებურს.
მისი მომდევნო მეტოქე იაპონელი მე-7 მაეგაშირა, ტოიოჰიბიკი იქნება, რომელსაც ასევე არასახარბიელოდ მისდის საქმეები ოსაკაში, თუმცა გაგასგან განსხვავებით, იაპონელს ჯერ-ჯერობით კინკილა გამარჯვებაც არა აქვს.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ მცირე უპირატესობას ტოიოჰიბიკი ფლობს – განვლილი 7 შერკინებიდან მან 4 მოუგო გაგამარუს.
ჩვენმა მეორე სუმოისტმა, ტოჩინოშინმა დღეს დაისვენა და მომდევნო (რიგით მე-3) ორთაბრძოლას ხვალ ჩაატარებს ბაშოზე. ლევანს მეტოქეობას მაკუშიტას 57-ე ნომერი, 24 წლის იაპონელი, კეიტენკაი გაუწევს. ამ სუმოისტმა 2012 წლის სექტემბერში ჯურიოს დივიზიონსაც უწია, და სხვათა შორის, პირველი ორთაბრძოლა იმ ბაშოზე ჩვენ კოკკაის მოუგო. თუმცა, ტურნირის მე-2 დღეს ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი 1 წელი მოუწია დასვენება. შედეგად, კეიტენკაი ყველაზე ქვედა, ჯონოკუჩის (რანგით მე-6) დივიზიონამდე დაქვეითდა და გასული წლის სექტემბერში ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო რიკიშის კარიერა. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტრავმის მერე ძალიან მოყოჩაღებული დაბრუნდა, ზედიზედ 2 ტურნირი მოიგო (ჯონოკუჩის და ჯონიდანის დივიზიონებში) და ახლა უკვე მაკუშიტაში იმყოფება.
კეიტენკაის მიმდინარე ბაშოზე, ტოჩის დარად, ორივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ ლევანი ხვალ პირველი მარცხის გემოს გააგებინებს იაპონელს.
სატურნირო ცხრილის სათავეში ნელ-ნელა მცირდება დაუმარცხებელ სუმოისტთა რიცხვი. 4 ტურის თავზე ჰარუ ბაშოს 5 წაუგებელი სუმოისტი შემორჩა: მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი, იაპონელი ოძეკი კისენოსატო, მისივე თანამემამულე სეკივაკე გოეიდო და ჩვენი გაგას დღევანდელი დამჯაბნავი, ეგვიპტელი ოსუნაარაში.

ქართული გამარჯვებების დღე ოსაკაში

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მე-3 დღე წარმატებული გამოდგა ორივე ქართველი სუმოისტისთვის. მე-9 მაეგაშირად განთესილმა გაგამარუმ პირველი გამარჯვება იზეიმა ტურნირზე, ხოლო მაკუშიტას 55-ე ნომერმა, ტოჩინოშინმა მე-2 მოგება ჩაიწერა აქტივში.
გაგა ჯუღელმა საკმაოდ მარტივად დაამარცხა მე-10 მაეგაშირად განთესილი მონღოლი გოლიათი, ტერუნოფუჯი. ჩვენმა დევკაცმა ერთი ამოსუნთქვით, ოშიდაშით განდევნა მონღოლი დოჰიოდან.
როგორც უკვე გითხარით, გაგასთვის ეს პირველი გამარჯვება იყო ბაშოზე, პასივში კი 2 მარცხი აქვს მას.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ეგვიპტელი ამომავალი ვარსკვლავი, მე-11 მაეგაშირას სტატუსით მებრძოლი, ოსუნაარაში იქნება, რომელსაც სამივე ბრძოლა მოგებული აქვს მიმდინარე ტურნირზე. თუმცა, ჩვენი გოლიათი 2-ჯერ შეხვედრია აქამდე ეგვიპტელს და ორივეჯერ დამარცხებული ყავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სერიას არც ხვალ არ შეწყვეტს გაგამარუ.
რიგით მე-2 ორთაბრძოლა ჩაატარა დღეს ბაშოზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ლევან გორგაძემ და ამჯერადაც უპრობლემოდ იმარჯვა. ტოჩინოშინმა მაკუშიტა დივიზიონის 57-ე ნომერი, იაპონელი ჰაკუიოძანი კარგად დაიჭირა მავაშით და ძალისმიერი იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან.
ტოჩი ხვალ დაისვენებს და მომდევნო ორთაბრძოლს, სავარაუდოდ, ზეგ ჩაატარებს.
ამასობაში სხვა საინტერესო ამბებიც ხდება უკვე მარტის ბაშოზე. დღეს პირველი მარცხი იწვნია ცუნატორად (იოკოძუნობის კანდიდატი) შერაცხულმა მონღოლმა ოძეკი კაკურიუმ. მისი ძლევა იაპონელმა მე-2 მაეგაშირა, ოკინოუმიმ შეძლო (სხვათა შორის, უკვე ზედიზედ მესამედ). კაკურიუს მიზანი, იმისთვის რომ იოკოძუნას საპატიო ტიტული მიიღოს, ამ ბაშოს მოგებაა. თანაც ისე, რომ მინიმუმ 13 გამარჯვება უნდა ქონდეს აქტივში. ამიტომ, დღევანდელი მარცხი არანაირად არ იჯდა მის გეგმებში.
უდანაკარგოდ აგრძელებენ ტურნირზე ასპარეზობას კაკურიუს თანამემამულე იოკოძუნები, ჰარუმაფუჯი და ჰაკუჰო. ამ უკანასკნელს დღეს 29 წელი შეუსრულდა და საკუთარ თავს საჩუქარი იაპონელთა ახალი იმედის, ენდოს ძლევით გაუკეთა.
ჰარუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს გასტანს და 23 მარტს დასრულდება.

 

ამირან ურუშაძე

 

მზადება ჰარუ ბაშოსთვის

მოახლოებული ჰარუ ბაშოსთვის ქართველ სუმოისტებთან ერთად აქტიურ მზადებას გადიან სხვა რიკიშებიც. აღნიშნული მზადების პროცესში სუმოისტები ყოველდღიურად ათობით სპარინგ-ორთაბრძოლას ატარებენ.
სამწუხაროდ, უცხოურ პრესაში ჩვენებურთა სპარინგებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამაგიეროდ, ბევრი დაიწერა მათ შესახებ, ვინც ლიდერთა შორის მოიაზრება.
ტრავმის გამო გამოტოვებული იანვრის ბაშოს შემდეგ, აქტიურად ემზადება მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი. “მზიურმა ცხენმა” გუშინ ჯურიოს ბინადარ სოტაირიუსთან 8 შერკინება ჩაატარა და 7-ჯერ სძლია. მანამდე ჰარუმაფუჯი თანამემამულე ოძეკი კაკურიუს შეებრძოლა 10-ჯერ და აქედან 8-ში დამარცხდა. როგორც ჩანს, კაკურიუსთვის ცუნატორის (იოკოძუნობის კანდიდატი) სტატუსის მინიჭებამ ძალიან კარგად იმოქმედა და ახალი ძალა შემატა. ამას მოწმობს მისი შემდგომი სპარინგები, იაპონელ ექს-სეკივაკე ამინიშიკისთან, მონღოლ ტერუნოფუჯისთან და იაპონელ ტაკარაფუჯისთან. ხსენებულ სამეულთან ჩატარებული 19 შეხვედრიდან კაკურიუმ 18 მოიგო.
შთამბეჭდავ ფორმაშია, როგორც ჩანს, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოც. “თეთრმა ფენიქსმა” ჯერ იყო და იაპონელ კომუსუბი ტოიონოშიმას 10-დან 10 შერკინება მოუგო, მერე კი იაპონელთა ამომავალ ვარსკვლავს, პირველ მაეგაშირად განთესილ ენდოს ასევე მშრალად, 11-ივე ორთაბრძოლაში სძლია. სხვათა შორის, ენდომ ჰაკუჰომდე სპარინგ-პარტნიორობა ზემოთ მოხსენიებულ კაკურიუს გაუწია. მათ შორის გამართული 20-ივე (!!!) ორთაბრძოლა მონღოლი ცუნატორის სასარგებლოდ დასრულდა. როგორც ჩანს, ენდოს საკმაოდ გაუჭირდება ამ ბაშოზე პირველი მაეგაშირას სტატუსის დაცვა.
ჰარუ ბაშო, რომელსაც ქალაქი ოსაკა მასპინძლობს, სტარტს კვირას, 9 მარტს აიღებს და ტრადიციულად 15 დღეს გასტანს. ხვალ კი ტურნირის სასტარტო შერკინებათა განრიგი გამოქვეყნდება და თქვენი მონა-მორჩილიც აუცილებლად შეგატყობინებთ ქართველი სუმოისტების პირველ მეტოქეთა ვინაობას.

 

ამირან ურუშაძე

BiA2KAuCIAAvPpb

BiBzFNfCIAEp5p-

BiAyLL_CQAAk-z3

BiAzgaOCUAIm18P

ტოჩინოშინი ბრუნდება!

მარტის ბაშოს დაწყებამდე, რომელსაც ოსაკას მუნიციპალიტეტის გიმნაზიური ცენტრი უმასპინძლებს, მხოლოდ 4 დღე რჩება. დღეს კი სუმოს ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე შევიტყვეთ: 8-თვიანი პაუზის შემდეგ დოჰიოს უბრუნდება ჩვენი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელმაც გასული წლის ივლისში უმძიმესი ტრავმა მიიღო ნაგოია ბაშოზე და ამ დრომდე გაეწელა ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი.
როგორც გახსოვთ, ლევანს მარჯვენა ფეხის ჯვარედინი მყესები გაუწყდა ერთ-ერთი ორთაბრძოლისას და დაზიანებული ქსოვილი იმდენად გაუსივდა, რომ ქირურგებმა 1 თვე ხელი ვერ მოკიდეს. ოპერაციის შემდეგ კიდევ 1 თვე დასჭირდა ფეხზე დასადგომად და იმის მერე ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპოვბრივად მიმდინარეობდა ტრავმირებული ფეხის რეაბილიტაცია.
დღეს ტოჩინოშინი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. მართალია, მცირე ტკივილები ისევ აწუხებს, თუმცა საგანგაშო არაფერიაო და თუ როგორ სპორტულ ფორმაში ხვდება ჰარუ ბაშოს, ამას მისივე განცხადებით, თავად ორთაბრძოლები გვიჩვენებს.
როგორც იცით, გამოტოვებული ტურნირების შედეგად, ლევანი მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში 55-ე ნომრამდე დაქვეითდა და სწორედ ამ სტატუსით დაიწყებს იგი მარტის ბაშოზე ასპარეზობას. რეგლამენტის მიხედვით, ამ დივიზიონში (ისევე როგორც მე-4, მე-5 და მე-6 დივიზიონებში) სუმოისტებს 7 ორთაბრძოლის ჩატარება უწევთ და დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად მინიმუმ 4 შერკინების მოგება ჭირდებათ. შესაბამისად, მათ საშუალოდ ორ დღეში ერთხელ უწევთ დოჰიოზე საბრძოლოდ გასვლა.
იმედი ვიქონიოთ, არ გაუჭირდება ტოჩინოშინს პროგრამა მინიმუმის შესრულება და თუ ნატკენმა ფეხმა არ შეუშალა ხელი, ვინძლო დივიზიონის ჩემპიონობისთვისაც იბრძოლოს.

 ამირან ურუშაძე

Tochinoshin (1)

Tochinoshin (4)

Tochinoshin2

tochinoshin-levan-gorgodze-856

DSC_0419

OriginalTochinoshin

 

მარტის ბაშოსთვის რეიტინგი განახლდა

იაპონური სუმოს ასოციაციამ დღეს სუმოისტთა განახლებული რეიტინგ-სია, იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა. სწორედ განახლებული სარეიტინგო სტატუსებით იასპარეზებენ სუმოისტები მოახლოებულ ჰარუ ბაშოზე, რომელსაც 9-დან 23 მარტის ჩათვლით ქალაქ ოსაკას მუნიციპალური გიმნაზიის ცენტრი უმასპინძლებს.

ახალ ბანძუკეში თითქმის 3 საფეხურით წაიწია წინ ჩვენმა გაგამარუმ, რომელიც ტოკიოში, იანვრის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსს ატარებდა. მინიმალურად დადებითი ბალანსით (8:7) დასრულებული ტურნირის შემდეგ კი გაგა ჯუღელი უკვე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას რანგში წარსდგება პუბლიკის წინაშე. ქართველი გოლიათი, რომელსაც გუშინ 27 წელი შეუსრულდა, წარმატებული სვლის გაგრძელებას შეეცდება მარტის ბაშოზე – მან ხომ ბოლო ორი ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა და ნამდვილად მოწადინებულია, რომ კაჩი-კოშების სერია არ შეწყვიტოს.

კიდევ ერთი გამოტოვებული ტურნირის შემდეგ მთელი 40 საფეხურით დაქვეითდა მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში მეორე ჩვენებური, ტოჩინოშინი. ლევან გორგაძეს წინა ბაშოზე მაკუშიტას მე-15 ნომრის პოზიცია ეკავა. განახლებულ რეიტინგში კი მაკუშიტას 55-ე ნომრის სტატუსი მიიღო მან.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ბოლომდე მოირჩინა თუ არა ტრავმა და შეძლებს თუ ვერა მარტის ბაშოზე გამოსვლას ტოჩინოშინი. როგორც გახსოვთ, ლევანმა ტრავმა გასული წლის ივლისის ტურნირზე მიიღო, როდესაც ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს ჯვარედინი მყესები გაუწყდა. რეაბილიტაცია კი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა და ძალიან გაიწელა ქართველი ტალანტისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლევანს საბოლოოდ ვიხილავთ მონატრებულ დოჰიოზე და რაც მთავარია, დიდი წარმატებით დაბრუნებულს.

Makuuchi Banzuke - Haru 2014