ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი “გალათასარაიში” გადავიდა. 30 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდგომში ერთი წლით გახანგრძლივების პირობით.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის საერთო ღირებულებამ 3,9 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა. “გალათასარაი” ჯერ კიდევ 2012 წელს ცდილობდა პოდოლსკის შეძენას, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა “არსენალში” გადასვლა არჩია.
“პირველ რიგში, ყველას მადლობას ვუხდი. მშობლები მხარს მიჭერდნენ, რომ “გალათასარაიში” გადავსულიყავი. ამ ტრანსფერით ძალზედ ბედნიერი ვარ. მოვედი გამარჯვებული სულის მქონე გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც იბრძოლებს. დღეს “გალათასარაის” ფანებისგან დიდი სითბო ვიგრძენი”, – ციტირებს პოდოლსკის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი ლუკას პოდოლსკიმ იჯარის წესით მილანის “ინტერში” გაატარა.