სამირ ნასრი: “ვარდი თაღლითია”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლესტერ სიტისა” და “სევილიას” შორის გამართული საპასუხო მატჩის 74-ე წუთზე ანდალუსიელთა ფრანგი ნახევარმცველი სამირ ნასრი მასპინძელთა ფორვარდ ჯეიმი ვარდის წაეკამათა და თავი თავში დაარტყა, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ნასრი ინგლისელ თავდამსხმელს თაღლითობაში ადანაშაულებს.

“ვარდი თაღლითია. იგი ინგლისელი რომ არ ყოფილიყო, ინგლისური პრესა მას აუცილებლად უწოდებდა თაღლითს. ისინი ანგარიშით 2:0 იგებდნენ. გვიგებდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენზე უკეთესები იყვნენ. როცა იგებ ანგარიშით 2:0 და გადიხარ მომდევნო ეტაპზე, უნდა გეყოს ღირსება და კაცურად ითამაშო.

ვარდი მეუხეშა, შემდეგ კი ხელი მკრა. მე ვკითხე: “რას აკეთებ?” ის კი პირისპირ დამიდგა და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

გულწრფელად გეტყვით, მაგრამ არამგონია, გამოაქვეყნოთ. მასთან დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ იქ საკმაოდ ბევრი ვიდეოკამერა იყო. მომდევნო სეზონზე ფიქრი მმართებს, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია არაფერს მარგებს”, – ნასრის კომენტარი “ბიბისიმ” გამოაქვეყნა.

თავის მხრივ, ჯეიმი ვარდიმ მხოლოდ იმას ამბობს, რომ თავს თაღლითად არ მიიჩნევს.

ნასრი: “სევილიაში გემრიელი კერძები და ლამაზი გოგონები არიან”

“მანჩესტერ სიტიდან” “სევილიაში” განათხოვრებულმა სამირ ნასრიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა ანდალუსიურ კლუბში ძალების მოსინჯვა.

“სევილიაში გემრიელი კერძები და ლამაზი გოგონები არიან. ხესუს ნავასსა და ნოლიტოს კლუბსა და ქალაქზე ვკითხე და მათგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მოვისმინე. გასხვისებამდე პეპ გვარდიოლას ვესაუბრე. მან მითხრა, რომ “სევილიაში” ხორხე სამპაოლის სახით დიდებულ მწვრთნელთან მომიწევდა მუშაობა. ეს მშვენიერია. როდესაც გავიგე, რომ ჩემით “სევილია” იყო დაინტერესებული, მაშინვე მივხვდი, აქ უნდა წამოვსულიყავი”, – ნასრის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ნახევარმცველმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ათი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

“იუვენტუსი” ნასრით დაინტერესდა

“სქაი სპორტსის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსი” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ სამირ ნასრით დაინტერესდა. წყაროს თანახმად, “ბებერი სინიორა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 29 წლის ფრანგი ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანას შეეცდება.

ცნობისთვის, ერთხანს ნასრით “რომაც” იჩენდა ინტერესს.

სამირ ნასრიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

 

ნასრი სეზონის ბოლომდე გამოირიცხა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი სამირ ნასრი გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

მიზეზი საზარდულის ტრავმაა, რომელიც ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) მიიღო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ნასრი მოედანზე 73-ე წუთზე გამოვიდა, თუმცა ზუსტად სამ წუთში მინდვრის დატოვება მოუწია.

სამირ ნასრიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 24 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

 

ნასრიმ გელფრენდს ცნობილ ამერიკელ მსახიობთან უღალატა? (ფოტოები)

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ გელფრენდ ანარა ატანესს ჰოლივუდის მსახიობ ლინდზი ლოჰანთან უღალატა?

შესაძლოა, არა, თუმცა ფრანგული ბულვარული ჟურნალი Public-ი სკანდალურ პუბლიკაციას აქვეყნებს.

ჟურნალის თავფურცელზე ნასრი და ლოჰანი ერთად არიან გამოსახულნი, მეტიც – ფრანგი ფეხბურთელი ამერიკელ მსახიობს საკოცნელად ეშურება.

Public

წყაროს ცნობით, ნასრიმ ლოჰანთან ერთად პარიზში გიჟური ღამე გაატარა. ჟურნალი იუწყება, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა ამერიკელ მსახიობთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დრო დილის 5 საათამდე გაატარა.

რაც შეეხება ანარა ატანესს, ის ჟურნალში გამოქვეყნებულ პუბლიკაციეაზე კრინტს არ ძრავს, სოციალურ ქსელში კი ჩვეულად აგრძელებს საკუთარი ფოტოების გამოქვეყნებას. (ატანესის ახალი ფოტოები იხილეთ ქვემოთ)

AnaraAnara2Anara3

დეშამი ნასრის გელფრენდს სასამართლოში უჩივის

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ სამირ ნასრის გელფრენდის წინააღმდეგ პარიზის უზენაეს სასამართლოს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ დეშამმა მიმდინარე კვირაში საფრანგეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ნასრი ვერ მოხვდა. ამ ფაქტმა ფეხბურთელის პარტნიორის, ანარა ატანესის აღშფოთება გამოიწვია. ბრიტანელმა მოდელმა სოციალურ ქსელში დეშამის შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. მომდევნო დღეს ატანესმა კი მოიბოდიშა, თუმცა, როგორც ჩანს, ფრანგთა დამრიგებელმა ბოდიში არ მიიღო.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დეშამის მხარდამჭერი სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმობილია ნასრის გელფრენდის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება.

ბექა დოგრაშვილი

დეშამმა ახსნა, რატომ არ შეიყვანა ნასრი სამუნდიალო განაცხადში

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის 23-კაციანი განაცხადი წარადგინა, რომელშიც ვერ მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი სამირ ნასრი. „მამალთა“ დამრიგებელმა მოგვიანებით ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

„ნასრი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც საფრანგეთის ნაკრებში სათამაშოდ არის საჭირო. მას არ მოსწონს, როცა ცვლიან და ამას ღიად გამოხატავს, რაც ნეგატიურად აისახება გუნდის ატმოსფეროზე. ჩვენ ფეხბურთელებს ვაფასებთ არამხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. დამიჯერეთ, ეს განაცხადი სამ დღეში არ შემიდგენია“, – დეშამის სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ნასრი: „იაია ტურე აფრიკელი რომ არ იყოს, საუკეთესოდ დაასახელებდნენ“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ განაცხადა, რომ იაია ტურეს სათანადოდ ვერ აფასებენ და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ის აფრიკელი ფეხბურთელია.

„იაია ტურე აფრიკელი რომ არ იყოს, მას მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელებდნენ. მოედანზე მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია – გატანა, დაცვა, შეტევა. ბურთთან ერთად უფრო ძლიერია. ტურეს თამაშით შეიძლება მხოლოდ აღფრთოვანდე, ის დიდებული ფეხბურთელია.

შესაძლოა, მე ცოტაოდენ არაობიექტური ვარ, ის ხომ ჩემი მეგობარია?! თუმცა, ჩემთვის იაია ტურე მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ნახევარმცველთა სამეულში შედის. ერთადერთი რამ მოქმედებს მის საწინააღმდეგოდ – ის კოტ დივუარელია. ბრაზილიელი ან არგენტინელი რომ იყოს, ყველა მასზე ილაპარაკებდა.

ბრაზილიელებსა და არგენტინელებზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ მათში 40-50 მილიონს იხდიან და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დასახელებული ქვეყნების მოქალაქეები არიან. დამისახელეთ თუნდაც ერთი საყრდენი, რომელიც ტურეს მსგავსად, შეტევებშიც ერთვება და სეზონში 16-17 გოლს იტანს“, – ნასრის სიტყვები ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი