ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში “ეიბარის” წინააღმდეგ კვირას გასამართი მატჩი სანტიაგო კასორლასთვის “ვილიარეალის” რიგებში ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრა იქნება. ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ 35 წლის ნახევარმცველი “ყვითელი წყალქვეშა ნავის” ეკიპაჟს ტოვებს.
“18 წლის ასაკში, როცა არავინ მიცნობდა, “ვილიარეალმა” შანსი მომცა. “ვილიარეალი” ჩემთვის ყველაფერია”, – ციტირებს კლუბის ოფიციალური ვებგევრდი ფეხბურთელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ სანტი კასორლა “ვილიარეალის” ღირსებას 2003-2006 და 2007-2011 წლებში იცავდა, 2018 წელს კი გუნდში მეორედ დაბრუნდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას. შესაძლოა, კასორლა ლონდონის “არსენალში” დაბრუნდეს, რომელსაც მისი თანამემამულე და ყოფილი თანაგუნდელი მიკელ არტეტა თავკაცობს. ესპანელ ნახევარმცველს სარფიანი შემოთავაზება აქვს ყატარიდანაც.