ზიდანს “პსჟ”-ში მუშაობა ვენგერთან ერთად სურს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “პარი სენ-ჟერმენის” ჩაბარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. “ფუთმერკატო” იუწყება, რომ ფრანგმა სპეციალისტმა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან წინასწარი მოლაპარაკება უკვე გამართა.

ზიდანს “პსჟ”-ში მუშაობა არსენ ვენგერთან ერთად სურს. კერძოდ, ზიზუმ გუნდს უნდა უთავკაცოს, ვენგერი კი კლუბის სტრატეგიული განვითარებით უნდა დაკავდეს. ეს უკანასკნელი დღესდღეობით ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა “რეალი” 2020-2021 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. როგორც მოგეხსენებათ, “პარი სენ-ჟერმენის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოა, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ.

არსენ ვენგერი სუპერლიგის შექმნის იდეას გამოეხმაურა

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეა გააკრიტიკა.

“ეს ცუდი იდეაა. ფეხბურთი უნდა იყოს ერთიანი, ეს ყველაზე მთავარია. ის ეფუძნება სპორტულ დამსახურებებსა და ისტორიის პატივისცემას, რომელსაც საფუძველი ევროპულ ფეხბურთში ჩაეყარა. ჩემი აზრით, სუპერლიგის იდეას დიდი მომავალი არ უწერია.

ამის უკან გაცილებით საშიშია იდეაა და ეს დიდი საფრთხეა პრემიერლიგისთვის. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მწვრთნელად ვმუშაობდი, სხვა ქვეყნების მხრიდან ბევრი რამ კეთდებოდა პრემიერლიგის დომინირების შესამცირებლად და მსგავსი პროექტი მათი განზრახვის სისრულეში მოყვანას ნამდვილად დააჩქარებდა”, – თქვა ვენგერმა “თოქსპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 კლუბია გაერთიანებული: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”.

ვენგერი ფინანსური ფეარ-პლეის წინააღმდეგ

ლონდონის “არსენალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფეხბურთში ფინანსური ფეარ-პლეის სისტემის წინააღმდეგ გამოდის.

“მე კლუბების მენეჯმენტის გაკონტროლების მომხრე უფრო ვარ, ვიდრე – შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების. უნდა ხდებოდეს მენეჯმენტის ხარისხის შეფასება და ბიზნესის სწორად წარმართვის ხელშეწყობა. კლუბებში უფრო მეტი ინვესტიციის დაშვების მომხრე ვარ, რის შესაძლებლობასაც ფინანსური ფეარ-პლეი არ იძლევა. ევროპაში გაბატონებული კლუბები იმ დროს აყვავდნენ, როდესაც ფეარ-პლეი არ არსებობდა. ეს სისტემა განვითარებად კლუბებს ინვესტიციების გამოყენების საშუალებას არ აძლევს, რაც ნორმალური არ არის”, – ვენგერის სიტყვები L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

ვენგერი სანაკრებო ფეხბურთში მუშაობაზე ფიქრობს

ლონდონის “არსენალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი უკვე წელიწადზე მეტია უმუშევარია. ფრანგ სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება სურს და სანაკრებო ფეხბურთში მუშაობაზე ფიქრობს.

“შემიძლია, რომ რომელიმე ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩავიბარო. “არსენალიდან” წამოსვლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნება მსურს.

დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მწრთნელის რანგში ისევ მიხილავთ. მზად ვარ, ფეხბურთელებსა და გუნდებს ის გამოცდილება გავუზიარო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დავაგროვე”, – აღნიშნა ვენგერმა.

ვენგერმა “არსენალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის “არსენალსა” და არსენ ვენგერს შორის კონტრაქტი გახანგრძლივდა. მხარეებს შორის გაფორმებული ახალი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

“ჩვენი მიზანი ინგლისური და სხვა ევროპული ტურნირების მოგებაა. ეს არის ის, რაც ფანებს, კლუბის პერსონალს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს სურთ. არ მოვისვენებთ, სანამ ამას არ მივაღწევთ. არსენი სწორედ ის კაცია, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა შეუძლია. მას დიდი გამოცდილება აქვს და ჩვენგან მხარდაჭერას იმსახურებს”, – განაცხადა “არსენალის” მფლობელმა სტენ კრონკემ.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1996 წლიდან მუშაობს. გასულ სეზონში გუნდმა ინგლისის თასი მოიგო, პრემიერლიგაში კი მეხუთე პოზიცია დაიკავა.

ვენგერს “სიტისთან” გამართული მატჩის მეორე ტაიმში გუნდის კაპიტნის დანიშვნა დაავიწყდა

საინტერესო ფაქტი მოხდა ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში ლონდონის “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (2:2).

“არსენალის” ფეხბურთელები მოედანზე კაპიტნის რანგში ლორან კოსელნიმ გაიყვანა, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალეს. გუნდის მთავარმა კაპიტანმა პერ მერტეზაკერმა ეს შეხვედრა გამოტოვა. ვიცეკაპიტნები პეტრ ჩეხი და სანტი კასორლა ტრავმის გამო ასევე ვერ მოხვდნენ განაცხადში. შესვენებაზე არსენ ვენგერს დაავიწყდა იმის თქმა, ვის უნდა გაეყვანა გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში მეორე ტაიმში. კაპიტნის სამკლავური შესვენებაზე გასახდელში დარჩა, რაც ტურნირის რეგლამენტით აკრძალულია.

არსენ ვენგერს ამ შემთხვევის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

“საინტერესო შეკითხვაა. არ მახსოვს, ვინ იყო კაპიტანი მეორე ტაიმში”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

ვენგერი მიდის

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. პალმერის ცნობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს არსენ ვენგერი ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ ვენგერმა ამის შესახებ საკუთარ ფეხბურთელებს უკვე აცნობა.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერსა და “არსენალს” შორის არსებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2017 წლის 30 ივნისამდე აქვს. ფრანგი სპეციალისტი ლონდონურ გუნდს 1996 წლიდან თავკაცობს.

ვენგერი: “ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მსგავი გოლების გაშვებას არ მოველოდი”

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ენფილდზე” გაიმართა, სადაც “ლივერპულმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრა “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა შეაჯამა.

“პირველ ტაიმში სათამაშო რიტმის პრობლემები გვქოინდა. მარტივი გოლები გავუშვით, რასაც ასეთ მნიშვნელოვან მატჩში არ მოველოდი. მეტოქე გუნდის მეკარის მიერ თამაშში ბურთის შეტანის შემდეგ გოლის გაშვება ყოვლად მიუღებელია. მეორე ტაიმში თამაშში დავბრუნდით და კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რასაც მატჩის პირველ ნახევარზე ვერ ვიტყოდი.

რაც შეეხება ზედა ოთხეულისთვის ბრძოლას, შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. ასე რომ, მომდევნო მატჩებზე გავაკეთოთ აქცენტი”, – განაცხადა ვენგერმა BT Sport.-ის ეთერში.

გვარდიოლა ვენგერს გამოექომაგა

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ლონდონის “არსენალის” თავკაც არსენ ვენგერს გამოექომაგა, რომელსაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს.

“ბოლო ათი დღის განმაავლობაში რამდენი რამ მოვისმინე… ისე, როგორც ხალხი, ჟურნალისტები და ყოფილი ფეხბურთელები საუბრობენ ვენგერზე, უბრალოდ არ შეიძლება. დღეს ჩვენს საქმიანობას უკვე აღარავინ აფასებს. ეს ვენგერის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა. ჩვენ, მწვრთნელები გადაწყვეტილებებს ვიღებთ, დანარჩენები კი საუბრობენ ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებათ”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს FourFourTwo.

შეგახსენებთ, რომ ვენგერის მიერ დამოძღვრილი “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნთან” “ალიანც არენაზე” ანგარიშით 1:5 განადგურდა.

“არსენალი” ვენგერის შემცვლელის ოთხ კანდიდატურას განიხილავს

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “მირორი” წერს, რომ ლონდონის “არსენალი” არსენ ვენგერის შემცვლელის კანდიდატურებს უკვე განიხილავს.

წყაროს თანახმად, “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგი სპეციალისტის 21-წლიანი მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა ვენგერის შემცვლელად თომას ტუხელის (დორტმუნდის “ბორუსია”), მასიმილიანო ალეგრის (ტურინის “იუვენტუსი”), ლეონარდუ ჟარდიმისა (“მონაკო”) და როჯერ შმიდტის (ლევერკუზენის “ბაიერი”) კანდიდატურებს განიხილავს.

ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია არსენ ვენგერს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ფრანგი სპეციალისტი “ბარნლის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დისციპლინური გადაცდომისთვის დასაჯეს. კერძოდ, ვენგერმა მეოთხე არბიტრს უბიძგა და შეურაცხყოფა მიაყენა. დისკვალიფიკაციის გარდა ფრანგ მწვრთნელს ჯარიმის სახით 25 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდაც მოუწევს.

ამრიგად, არსენ ვენგერი “არსენალს” ინგლისის ლიგის თასზე “საუთჰემპტონის” და პრემიერლიგაში “უოტფორდის”, “ჩელსისა” და “ჰალ სიტის” წინააღმდეგ გასამართი მატჩების მიმდინარეობისას ვერ უხელმძღვანელებს.

ვენგერი: “მეგონა, ჯერარდი 40 წლამდე ითამაშებდა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ სტივენ ჯერარდს თამაში 40 წლის ასაკამდე შეეძლო. შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება ორი დღის წინ გააკეთა.

“მეგონა, რომ ჯერარდი 40 წლამდე ითამაშებდა, მაგრამ მას სახსრებზე გარკვეული პრობლემები შეექმნა. სტივენს ის თვისებები აქვს, რომელზეც ნებისმიერი ნახევარმცველი ოცნებობს. მას გოლების გატანა, პასის გაკეთება, ფეხბურთელის მოტყუება შეუძლია, აქვს კარგი დარტყმა, სისწრაფე, მიზანდასახულობა და მოტივაცია. ჯერარდი დიდებული ფეხბურთელი იყო, რომელიც “ლივერპულის” ერთგული დარჩება. ასეთი ერთგულება თანამედროვე ცხოვრებაში თითქმის აღარ არსებობს”, – ვენგერის კომენტარი “ბიბისიმ” გამოაქვეყნა.