ახალი კონტრაქტი კასორლას და რემსის

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ სანტი კასორლა და აარონ რემსი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებენ.

„რემსის და კასორლას კონტრაქტების გახანგრძლივებასთან მართლაც ახლოს ვართ. ძალიან ახლოს“, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს  ESPN-ი.

„მეთოფეთა“ ფრანგმა თავკაცმა ბაკარი სანიას ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე საუბარი არ ისურვა. ფეხბურთელს ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსი ენიჭება. სანიას მიმართ დაინტერესებას მილანის „ინტერი“ იჩენს.

რაც შეეხება კასორლას კონტრაქტს, მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი ფეხბურთელი „არსენალთან“ ხელშეკრულებას 2017 წლამდე გაახანგრძლივებს. კასორლა ჩრდილოლონდონურ კლუბში კვირაში 80 ათას ფუნტს მიიღებს.

რემსი კონტრაქტს 2019 წლამდე გაახანგრძლივებს, ჯამაგირის სახით კი კვირაში 100 ათას ფუნტს მიიღებს.