ტორპედოდან მწვრთნელი და ფეხბურთელები წავიდნენ

უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩის დასრულების შემდეგ ქუთაისის “ტორპედოდან” რევაზ ძოძუაშვილთან ერთად ყველა მოთამაშე წავიდა. კონტრაქტების დასრულების შემდეგ ფეხბურთელები და მწვრთნელი ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ ქუთაისური კლუბიდან “ვისოლიც” საბოლოოდ წავიდა. ასე რომ, ახალ წელს და ჩემპიონატის მეორე ნაწილს “ტორპედო” ახალი ხელმძღვანელებით და კადრებით შეხვდება.

მიმდინარე სეზონი ქუთაისელებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს, თუმცა მე-7 ტურიდან “ტორპედოს” აღარ მოუგია. საბოლოოდ ქუთათურებმა პირველი ეტაპი 16 ქულით მე-13 ეტაპზე დაასრულეს.

რევაზ ძოძუაშვილი: “წლევანდელ ჩემპიონატში მსაჯობის დონემ ძალიან აიწია”

შსს-ს მიერ მსაჯთა დაკავების ფაქტს ქართულ საფეხბურთო საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Fanebi.com აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს შეეხმიანა, რომელმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

“უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ფაქტი არ მომხდარიყო. ალბათ ყველამ დავაკელით რაღაც და ასეთი შედეგიც ამიტომ გვაქვს. თუმცა, დღესდღეობით ტოტალიზატორები მსოფლიო თამაშია და ხალხსაც ეს აზარტი ძალიან იტაცებს. პასუხი იმ ხალხმაც უნდა აგოს, ვისაც გარკვეული სადავეები აქვთ ხელში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაც ჩეპიონატი დაიწყო, ასეთი მსაჯობა არ მახსოვს. არ ვიცი, რა ხდება პირველ და მეორე ლიგებში, მაგრამ უმაღლესში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთსო მსაჯები იყვნენ.

საერთოდ, წლევანდელ გათამაშებაში მსაჯობის დონემ ძალიან აიწია და ჩვენს შეხვედრებშიც სამაგალითო მსაჯობა იყო. თუნდაც, “სამტრედიასთან”, “ვიტ ჯორჯიასთან” და “დილასთან” მატჩები რომ განვიხილოთ.

წელიწადია უკვე, რაც  “ტორპედოში” ვარ და მხოლოდ ერთი წითელი მივიღეთ. ყველა მარცხი ჩვენი ბრალი იყო, ამიტომ მსაჯებზე ცუდის თქმა არ შემიძლია. ამ ბიჭებმა საკუთარი საქმე კარგად იციან და ცუდია, რომ ასეთ კადრებს ვკარგავთ”

რევაზ ძოძუაშვილი: “მშვიდად მუშაობის საშუალება გვაქვს და რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ”

როგორც იცით, ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე ჩემპიონატის საწყის სამ ტურში ყველა სახის შედეგი აჩვენა: ფოთის „კოლხეთთან“ მოგებას(3:0) გორის „დილასთან“ ფრე(0:0) და მარტვილის „მერანთან“ მარცხი(1:3) მოჰყვა. მართალია, უმაღლესი ლიგის გასული ნაწილი მთლიანის სულ რაღაც მეათედს შეადგენს, თუმცა თუ ამჟამად სატურნირო ცხრილს ჩავხედავთ, ქუთაისელები იქ მე-6 პოზიციას იკავებენ. როგორ აფასებს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ყოველივეს, ასევე, რას ამბობს „ტორპედოსთან“ დაკავშირებულ სხვა საინტერესო თემებსა და ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩზე ამას, რევაზ ძოძუაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო რევაზ, რამდენად კმაყოფილი ხართ ჩემპიონატში „ტორპედოს“ სტარტით?

– სტარტი არაა დამაკმაყოფილებელი. იმიტომ, რომ დავკარგეთ ისეთი ქულები, რომლებიც არ უნდა დაგვეკარგა, ვგულისხმობ „დილასა“ და „მერანთან“ მატჩებს. ჩვენ იმისკენ მივისწრაფვით, რომ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. თუმცა ვიტყოდი, რომ ცუდთან ერთად ის კარგიც იყო, რომ ამ თამაშებმა ჩვენი ნაკლოვანებები გვაჩვენა.

ჩემპიონატისწინა მოსამზადებელ პერიოდში ყველა ფეხბურთელმა წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები, თუმცა ის, რომ ჩვენ 8-9 საკონტროლო თამაში არ წაგვიგია, ამან, გარკვეულწილად, სრული ანალიზის საშუალება არ მოგვცა, რადგან მარცხის შემთხვევაში უფრო მეტი დეტალი ჩანს გუნდის თამაშში.

– ახალწვეულ უკრაინელებს როგორ დაახასიათებთ და რომელ პოზიციაზე მოიაზრებთ მათ?

– ორივე უკრაინელი ჩვენ ჯერ მხოლოდ ამხანაგურ თამაშებში გამოვცადეთ, მათ შორის ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, საჩხერის „ჩიხურასთან“ შეხვედრაში ისინი დაცვაში გავამწესე, სადაც კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს, თუ რას წარმოადგენენ რეალურად, ამას ოფიციალურ მატჩებში დავინახავთ.

– იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში საკმაო რაოდენობის უკანახაზელია, რატომ გადაწყვიტეთ ამავე ამპლუის ლეგიონერების დამატება?

– იქედან გამომდინარე, რომ ბოლო თამაშში დაცვაში ისეთმა ფეხბურთელებმა მიიღეს ტრავმები, როგორებიც აბრამიძე და ტაბატაძეა, ამან, ჩვენი დაცვა მნიშვნელოვნად შეასუსტა. ამიტომ მიზანმიმართულად წავედით იმაზე, რომ დაგვემატებინა ნიჭიერი მცველები და ამ გზით შეგვევსო გუნდი. რას ვიზამთ, ტრავმას ვერ გავექცევით და ახალი ფეხბურთელების მოყვანაც სწორედ ამით არის განპირობებული.

– თუ შეიძლება აბრამიძისა და ტაბატაძის მდგომარეობაზე უფრო კონკრეტულად გვითხარით…

– ამ ეტაპზე, აბრამიძე ვერ ვარჯიშობს და მკურნალობს გადის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ თამაშს იგი ვერ ითამაშებს. რაც შეეხება ვაჟას, მას მუხლი ტრავმა აქვს და ჯერჯერობით არასრული დატვირთვით ვარჯიშობს.

 – მათ გარდა, კიდევ თუ გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელ(ებ)ი?

– სამწუხაროდ, ჩვენს თავდამსხმელ მამუკა ღონღაძეს თითქმის მორჩენილი ტრავმა გაუმიზეზდა და ოპერაცია სჭირდება. არადა, იგი ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. იმედია, მალე დაგვიბრუნდება, თუმცა იქამდე იმის ძებნაშიც ვართ, თუ როგორ შევავსოთ მისი დანაკლისი. ასევე, მიკრო-ტრავმები აქვს რამდენიმე ფეხბურთელს.

 – მიმდინარე სანაკრებო შესვენებას როგორ იყენებთ გუნდისთვის?

– რასაკვირველია, კარგია ეს პაუზა. იმიტომ, რომ ამ დროს უფრო მეტი ანალიზის გაკეთება შეიძლება. პლუს, გუნდში ახალწვეულებიც დავიმატეთ. ერთი ნაყოფიერი ამხანაგური მატჩი უკვე ვითამაშეთ შინ „ჩიხურასთან“. 7 სექტემბერს კი, სტუმრად ქობულეთის „შუქურასთანაც“ ვისპარინგებთ. მშვიდად მუშაობის საშუალება გვაქვს და რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ.

– გამორიცხულია თუ არა „ტორპედოში“ კიდევ გამოჩნდეს ახალი ფეხბურთელი?

– ჩვენ ის ბზარები, რაც გაგვიჩნდა, უცებ შევავსეთ. ყველაფერს მომავალი თამაშები დაგვანახებს. ღმერთმა გვაშოროს, თუ იქნება ტრავმა ან ჩავარდნა, შევსებას და გაძლიერებას ყოველთვის უნდა ველოდოთ, ასეთია გუნდის ცხოვრება.

– და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ორი დღეა დარჩენილი, საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდება, რას ელოდებით ეროვნული ნაკრებისგან?

– ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს ნაკრებმა რაც შეიძლება კარგად ითამაშოს. თემურ ქეცბაიას მიზანი ამჯერად ფინალურ ეტაპზე გასვლაა. მას აქვს საკმარისი გამოცდილება და ეს სიტყვები „მშრალზე“ არ უთქვამს. ეს უკვე კარგი მიდგომაა და ყველას პოზიტიურად განაწყობს. ირლანდია არაა ის ნაკრები, რომ მასთან საქართველოს მოგების შანსი მცირე იყოს. სავსებით არის იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოდან ისინი წაგებულები გავუშვათ. აქვე სიხარულით აღვნიშნავ, რომ როგორც იქნა, საქართველოს ისევ ეღირსა ახალი სანაკრებო სტრატეგია, რასაც წლების განმავლობაში ვემხრობოდით ვეტერანი ფეხბურთელები, ჩამოყალიბდა ე. წ. მეორე ნაკრები, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასეთი შეკრებები აუცილებებლია, რათა მეტი წარმოდგენა შეგექმნას ამა თუ იმ ფეხბურთელზე.

  – დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

“ტორპედოს” პირველი ვარჯიში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ

გასული საფეხბურთო არდადეგები ქუთაისის „ტორპედოსთვის“ ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გაგრძელდა. წინა ორი წლისგან განსხვავებით, ევროსარბიელის მიღმა დარჩენილი ქუთათურები ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდს ამჯერად მხოლოდ შიდა ასპარეზისთვის გამოიყენებენ.

უცვლელია გუნდის სამწვრთნელო შტაბი, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილიხელმძღვანელობს. რაც შეეხება „ტორპედოდან“ წასულ ფეხბურთელებს, ამჟამად, მათი რაოდენობა სულ სამია, როინ კვასხვაძე, ირაკლი ლექვთაძე და ბექა ტუღუში კარიერას, შესაბამისად, კვიპროსულ „ოთელოსში“, ბოლნისის „სიონში“ და ს/კ „ზესტაფონში“ გააგრძელებენ. აქვე, მათ მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბებში.

დღეს, ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა კლუბის ბიუჯეტის მოცულობა, რომელსაც ნათელი უახლოეს დღეებში უნდა მოეფინოს, აქედან გამომდინარე, გაფორმდება ახალი კონტრაქტებიც.

გარდა ძველი ფეხბურთელებისა, რომელთა შორის იყო ტრავმამორჩენილი მარჯვენა მცველი ვაჟა ტაბატაძეც, გუნდის დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მიიღეს ახალმა სახეებმაც: ვაჟა ლომაშვილმა, შოთა ბაბუნაშვილმა და ვახტანგ კვარაცხელიამ. ასევე, ვარჯიშზე მრავლად იყვნენ სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი.

თუ რა სიახლეებია მოსალოდნელი „ტორპედოში“, ამასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ.

„უმჯობესი იქნებოდა, რომ ვარჯიშის განახლებამდე დიდი პაუზა არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე გადასალახი მსგავსი ბარიერები და კიდევ კარგი, რომ გამოცდილი გვაქვს ასეთი ცხოვრება და ვიცით გაჭირვების დროს, როგორ შემოვატრიალოთ მდგომარეობა ჩვენს სასიკეთოდ.

დასანანია, რომ კვასხვაძის, ტუღუშისა და ლექვთაძის სახით ის სამეული დაგვემშვიდობა, რომელიც ფუნდამენტი იყო გუნდის. ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ ფეხბურთში არის ასეთი კანონებიც და ძლიერი სწორედ მაშინ ხარ, როცა კარგს შეცვლი უკეთესით. ერთია სპორტული მხარე, რომელშიც მოედანზე მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მუშაობა შედის, რაც, ვფიქრობ, რომ გასულ სეზონში ჩვენ წარმატებით შევასრულეთ, მეორე კი ფინანსური მხარეა. ბიზნესის თვალით რომ შევხედოთ, კლუბმა ცუდად იმუშავა, რადგან ისეთი ფეხბურთელები წავიდნენ, რომ, არაა გამორიცხული, მათში ჩვენ ჯამურად მილიონი ლარი აგვეღო. ეს იმის გამოა, რომ კონტრაქტები იყო არასახარბიელო და იმედი მაქვს, გამოსწორდება ეს საქმეც, რისთვისაც ძლიერი ფინანსისტია საჭირო.

ბევრი კარგი დაპირება მივიღეთ ქალაქისა და გუბერნიის ხელმძღვანელებისგან, მაგრამ, ვნახოთ, რეალურად რა იქნენა. უახლოეს დღეებში ბევრი რამ გაირკვევა, უნდა შედგეს სამთავრობო სხდომა, რომლის შედეგებზე ჩვენი მომავალიც იქნება დამოკიდებული.

როგორც ხედავთ, ვარჯიშს დღეს შევუდექით და მინდა გითხრათ, რომ „ტორპედოში“ თამაშის მსურველი ბევრია, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც უკვე დამტკიცებული აქვთ თავიანთი შესაძლებლობები.

გვაიმედებენ, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე „ტორპედო“ უცხოურ შეკრებასაც გაივლის და გვექნება ახალი ეკიპირებაც, თუმცა საბანი სადამდეც გაგვწვდება, იქამდე უნდა დავიფაროთ. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, შესაფერისი პირობების შექმნის შემთხვევაში, თუ მიზნად დაგვისახავენ ევროასპარეზზე გასვლას, ასეც მოხდება. შარშან დაგვავალეს უმაღლესი ლიგიდან არ გავარდეთო და ქვედა ექვსეულში პირველი ადგილი ავიღეთ. ამდენად, დაფინანსების შესაბამისი მოთხოვნა იქნება. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ „ტორპედო“ ისევ იმ სიმაღლეზე იდგება, რომელზეც უნდა იყოს ღირსეულად, რადგან ეს კლუბი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანია“ – განაცხადა ძოძუაშვილმა.

FCTorpedo.GE

რევაზ ძოძუაშვილი: „საკმაო ყურადღებას ვაქცევთ სამომავლო შევსებას“

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ხვალ გასამართ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც მთლიანი აქცენტი ბურთის გამოყენებით მომზადებაზე გაკეთდა. შუა დღეს, ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი დედაქალაქში გაემგზავრება და სასტუმრო „ბატესტაში“ დაბინავდება.

მოახლოებული შეხვედრის წინ კომენტარი ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს.

რევაზ ძოძუაშვილი: „ძალიან გვინდა, რომ ჩემპიონატის ბოლო აკორდები ნორმალურად ჩავატაროთ, მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია ვიცით, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენილები ვართ, აქედან გამომდინარე, მწვრთნელები ვაპირებთ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა გამოცდას დარჩენილ თამაშებში. ჩვენ მივცემთ თავიანთი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას იმ ბიჭებს, რომლებზეც გარკვეული იმედები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ახალ სეზონში გამოგვადგებიან ძირითადი შემადგენლობისთვის. ამდენად, შეიძლება ითქვას, საკმაო ყურადღებას ვაქცევთ სამომავლო შევსებას, თუმცა, რასაკვირველია, ამასთან ერთად მიზნად გვაქვს ქვედა ექვსეულში პირველი ადგილის დაკავებაც და ვეცდებით, რომ ეს ორივე საქმე გავაერთიანოთ“.

FCTorpedo.GE

უბრალო დამთხვევა თუ …

მეორე წრის წინ მოტივაციის გარეშე დარჩენილ გუნდებზე ბევრს ვწერდით. უმაღლესი ლიგის გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე, ლიგაში რამდენიმე ისეთი გუნდი აღმოჩნდა, რომელსაც სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე არანაირი მოტივაცია და მიზანი აღარ გააჩნიათ.

მაგალითად, ლანჩხუთის „გურია“. გურულებმა ექვსეულში მოხვედრა დაიბევეს და შესაბამისად უმაღლესშიც შეინარჩუნეს ადგილი, თუმცა ზედა ექვსეულში მახარაძის გუნდი გამოცდილ მეტოქეებს კონკურენციას ვერ უწევს და ეს ალბათ არც სჭირდება.

ანალოგიურ სიტუაციაშია ქვედა ექვსეულში მყოფი სამი გუნდი. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „სპარტაკი“, „მერანი“ და „ზუგდიდი“ იბრძვიან, ხოლო „ვიტ ჯორჯია“, „დილა“ და „ტორეპდო“ ფაქტობრივად ამხანაგური მატჩებს ატარებენ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით. მათ ასპარეზობას თითქმის არანაირი სატურნირო ინტრიგა არ გააჩნია.

სამწუხაროდ, ჩვენთან დიდი მნიშვნელობა არ აქვს მეხუთეზე გახვალ თუ მეშვიდეზე… კლუბი ამით რაიმე განსაკუთრებელ სარგებელს ვერ ნახავს. მაგრამ, სარგებლის, თანაც საკმაოდ დიდის, ნახვა შეიძლება უცხოურ ტოტალიზატორებში, რასაც ფეხბურთის ფედერაციის კვირის დასაწყისში გახმაურებული გადაწყვეტილებაც ადასტურებს. საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის ხუთი წარმომადგენელი უეფას მიერ საეჭვო მატჩებში იქნა შემჩნეული, რაც საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა.

ევროპული და აზიური ტოტალიზატორები კვლავაც აქტიურად იღებენ ფსონებს საქართველოს ნებისმიერი ლიგის მატჩზე. ეს ბუნებრივი პროცესია, რასაც ვერაფერი ვეღარ შეცვლის.. მთავარია, თვითონ ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ფეხბურთში დასაქმებულმა ხალხმა სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა ისწავლოს. ამის სურვილს კი, საქართველოში სამწუხაროდ ჯერ ვერ ვხედავთ…

მოტივაციის გარეშე დარჩენილი გუნდების თემას შევეხეთ და სწორედ ერთ-ერთ ასეთ გუნდზე გვინდა საინტერესო დაკვირვება გაგანდოთ. მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედოს“ მეორე წრის წინ ფინანსური პრობლემები შეექმნა, რამაც საკმაოდ მასშტაბური საკადრო ცვლილებები გამოიწვია ქუთაისურ გუნდში. შეიცვალა კლუბის ხელმძღვაელობა და გუნდის შემადგენლობა. მთავარ მწვრთნელად კი, რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა. „ტორპედომ“ ზედა ექვსეულში მოხვედრა ვეღარ შესძლო და ჩემპიონატის გაგრძელება მეორე ეშელონიშ გუნდებში მოუწია.

ამის ფონზე საინტერესოა, რომ „ტორპედოს“ უკანასკნელ ექვს შეხვედრაში ძოძუაშვილმა ყველა მატჩში პირველ ტაიმში ერთი ცვლილება მაინც განახორციელა. „ჩიხურასთან“, „სპარტაკთან“, „დილასთან“, „ზუგდიდთან“, „მერანთან“ და „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრებში ძოძუაშვილმა თავის „ტრადიციას“. „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრაში კი, სულაც ორი მოთამაშე გამოცვალა შეხვედრის პირველ ნახევარში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქედან ერთი ცვლილება იძულებითი ხასიათის იყო და მოთამაშის ტრავმით იყო გამოწვეული. სტატისტიკურად, ცვლილეებების ყველაზე დიდი პროცენტი მეორე ნახევრის შუაში ხდება, ძირითადად 70-ე წუთისთვის. ხოლო ყველაზე ნაკლებად მწვრთნელები ცვლილებებს სწორედ პირველ ნახევარში მიმართავენ.

ჩვენ ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ ტოტალიზატორებში ფსონების მიღება რომ მატჩის შედეგის გამოცნობით არ შემოიფარგლება ახალი ამბავი ნამდვილად აღარ არის. ფსონების დადება ფაქტობრივად ნებისმიერ პოზიციაზეა შესაძლებელი. სწორედ ამის გამო, სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს გარკვეული ეჭვებიც გაუჩნდა და სიტუაციაში უკეთესად გარკვევის მიზნით, „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით და აღნიშნულ კომენტარი ვთხოვეთ.

 

რევაზ ძოძუაშვილი: ასეთმა ხმებმა ჩვენამდეც მოაღწია, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. ვისაც ეჭვი ეპარება შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ყველა თამაშს და ცვლილებას პროფესიონალურად გავარჩევთ. ვპირედები, რომ 100% დავარწმუნებ იმ ცვლილებების საჭიროებაში და სისწორეში. ეჭვი ნებისმიერ რამეზე შეგვიძლია მივიტანოთ, მაგრამ მას დასაბუთებაც უნდა. ამ შემთხვევაში საქმე უბრალოდ უცოდინარობასთან გვაქვს.

ჩევნი გუნდი ახალი შექმნილია და ასეთი ფაქტები ბუნებრივიც არის. სეზონის მსვლელობისას გუნდის შენება გრძლედება. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებების უმრავლესობამ გაამართლა და მატჩის შედეგზეც იქონია გავლენა. უმჯობესი იქნება,  რომ ასეთ აბსურდულ თემებს შევეშვათ და ერთად იმ საკითხებზე ვიზრუნოთ, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

რევაზ ძოძუაშვილი: „ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა“

ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 8 მარტს ჩაშლილი შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს.

რევაზ ძოძუაშვილი: „ჩვენ, „ტორპედოს“ კოლექტივი ყველანაირად ვცდილობთ, რომ ავაღორძინოთ ქუთაისური და ამასთან ერთად ქართული ფეხბურთიც. გვინდა, რომ ამ საერთო საქმის თანამონაწილეები ვიყოთ, მაგრამ ის, რაც ჩვენს მოვალეობაში არ შედის, ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. „დინამოს“ წინააღმდეგ ჩვენ შეგვეძლო გვეჩვენებინა კარგი თამაში და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად რაც მთავარია, მშვიდობით ჩაგვემთავრებინა იგი. ყველამ იცით, რომ „ტორპედოს“ არცერთ წევრს არანაირი გამომწვევი ჟესტი არ ჩაუდენია მომხდარი ინციდენტის პროვოცირებისთვის. მგონი, პირიქით, ამაზე საუბარი თბილისის „დინამოს“ მიმართ შეიძლება, რომელმაც მიუხედავად ჩვენი კლუბის დიდი თხოვნისა მაინც ჩამოიყვანა თავისი გულშემატკივრები.

თამაშს რაც შეეხება, მართალია, ჩვენ პირველი ნახევარი წავაგეთ, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მეორე ტაიმში სიტუაციის შეცვლას არ ვეცდებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასასურველი ანგარიში იყო, თუმცა არ იყო გამორიცხული დარჩენილ დროში მარცხს ავმცდარიყავით, მაგრამ ეს ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ამჟამად მთლიანი „ტორპედოს“ ყოველთვიური ბიუჯეტის ტოლფასი ხელფასი აქვს „დინამოს“ ერთ-ერთ ფეხბურთელს. ამიტომ, ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. თამაშის მიხედვით „ტორპედო“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნას არ იმსახურებს, მაგრამ იმედია, სანქციებით არ გაგვაგდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ არ უნდათ ქუთაისში ფეხბურთი.

ის, რომ ამდენი ახალგაზრდა ასე ორგანიზებულად შემოვიდა და გავიდა მოედნიდან, ამაში ეტყობა იყო რაღაც ბოროტი ძალები ჩარეული. ჩვენს გულშემატკივრებს ხშირად ვხვდებით, მათი აზრებიც კარგად ვიცით და მათ, ვინაც არეულობა მოაწყო ნაცვლად სარგებელისა, შავი ლაქა მოაცხო „ტორპედოს“. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ არასწორად გააშუქა მომხდარი და შეაფასა, რომ თითქოს გულშემატკივრები „ტორპედოს“ ცუდი თამაშის გამო გადმოცვივდნენ ბალახზე. ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა“.

FCTorpedo.GE