სტუმრად „ბარსას“ მუზეუმში

ცოტა ხნის წინათ, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მუზეუმმა დამთვარიელებლების რაოდენობით ქალაქში მეორე ადგილზე გადაინაცვლა — ამ ადგილს წელიწადში დაახლოებით ორი მილიონი კაცი სტუმრობს. მას პოპულარობით მხოლოდ სახელგანთქმული საგრადა ფამილიას ტაძარი სჯაბნის, არადა, ქალაქში 60-ზე მეტი მსხვილი მუზეუმია.

ბილეთი აუდიოგიდით 23 ევრო დაგიჯდებათ, თუმცა ამ თანხით მხოლოდ უბრალო ექსკურსიას კი არ მიიღებთ, Camp Nou Experience-ს – „ნოუ კამპს“ სრულად განიცდით. აქ უამრავი ინტერაქტიული ექსპონატია ხელმისაწვდომი: საუკეთესო გოლების ამსახველი ვიდეოები, ტური სტადიონზე, რომელშიც შედის გასახდელის, მიქს-ზონის, საპრესკონფერენციო დარბაზის, საპრეზიდენტო ლოჟისა და საკომენტატორო ჯიხურების დათვალიერება.

გასახდელიდან პირდაპირ მოედანზე გადიხართ, ტრიბუნებზე თავმოყრილი გულშემატკივართა მასის ხმა ფონოგრამაზე აქვთ ჩაწერილი და ამ დროს რთავენ, საკუთარი თავი „ბარსას“ ნამდვილი მოთამაშე გგონიათ. არც თასთან ერთად ფოტოს გადაღებაზე დაგზარდებიან, თუმცა ეს სიამოვნება კიდევ 13 ევრო დაგიჯდებათ. თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ლეო მესისთანაც შეგიძლიათ სურათის გადაღება, რა თქმა უნდა, კომპიუტერული ტექნოლოგიის დახმარებით.

 

მეტი, ვიდრე სტადიონი

მუზეუმი ოდნავ ჩაბნელებულია, რათა კედლის ეკრანებზე აღბეჭდილი ისტორიული მომენტების ამსახველი ვიდეომასალა კარგად გარჩევადი იყოს.

„ნოუ კამპი“ ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი სტადიონია, – გვიხსნის ასაკოვანი გიდი. – აქ 93 053 კაცი ეტევა. ყოფილა შემთხვევა, როცა 120 ათასი ადამიანიც დატეულა. მაშინ უეფა ტრიბუნაზე ფეხზე დგომის უფლებას იძლეოდა. სტადიონის დასახელება ასე ითარგმნება: „ახალი მოედანი“. ახალი ის 1957 წელს იყო. ახლა სტადიონი ისეთივე „ახალია“, როგორც მე. თუმცა, მალე რეკონსტრუქციას ჩაუტარებენ“.

რადგან არენას „ახალი მოედანი“ ჰქვია, ესე იგი, ძველიც არსებობდა. ამ სტადიონზე გადმოსვლამდე, „ბარსა“ „კამპ დე ლეს კორტსზე“ თამაშობდა. აღნიშნული არენის კვალს უკვე ვეღარც იპოვით – ის ადგილი გაიყიდა. შემოსული თანხით „ბარსელონას“ საშუალება მიეცა, ახალი გრანდიოზული არენა აეშენებინა. ძველი სტადიონის მხოლოდ ერთი ქვა შემორჩა, რომელიც საძირკველიდან ამოიღეს და „ნოუ კამპის“ მშენებლობაში გამოიყენეს. ამიტომ, ქვაზე ორი თარიღია მითითებული — 1922 წლის 19 თებერვალი და 1954 წლის 28 მარტი.
„ბარსელონას“ ისტორია გაცილებით უფრო ადრე იწყება. კატალონიური გუნდი 1909-დან 1922 წლამდე სტადიონ „კამპ დელ კარერ ინდუსტრიაზე“ თამაშობდა. დღევანდელი სტანდარტებით, ეს სტადიონი ძალიან პატარა გახლდათ,  რის გამო ტრიბუნებზე ხშირად ჭყლეტვა იყო.

ამ დროიდან „ბარსელონას“ ფანებს „კულეს“ (cules) უწოდებენ, რაც, მაპატიეთ და ქართულად ასე ითარგმნება: „უკანალი“. ამ მეტსახელში შეურაცხმყოფელი არაფერია, კატალონიელი ქომაგები ამით ამაყობენ კიდეც, ეს ხომ კლუბის ისტორიაა.

 

მეტი, ვიდრე კლუბი

„ბარსელონას“ დევიზი ყველასთვის ცნობილია — „მეტი, ვიდრე კლუბი“. პირველად ეს ფრაზა „ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ნარსისო დე კარერასმა 1968 წელს მოწყობილ ერთ-ერთ გამოსვლაზე წარმოსთქვა.

ფრაზა დამკვიდრდა და „ბარსელონას“ სიმბოლოდ იქცა, ზოგჯერ კი ეს კატალონიელთა იდენტობის ერთადერთი გამოხატულება გახლდათ, განსაკუთრებით – დიქტატორ ფრანკოს მმართველობის პერიოდში. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ფრანკოს ჯარისკაცებმა „ბარსელონას“ პრეზიდენ ჟოზეპ სუნიოლს ესროლეს, კლუბის ოფისი კი ავიაციით დაბომბეს. რეპრესიების გამო კლუბის რეგისტრირებულ წევრთა რაოდენობა რამდენიმე ათასიდან შვიდ კაცამდე დაეცა. ხალხს ეშინოდა, ღიად გამოეხატა „ბარსელონასადმი“ ერთგულება. ახლა კლუბის წევრთა რაოდენობა 170 ათასს აჭარბებს, 3 500 მხოლოდ ოფიციალური ფან-კლუბი არსებობს.

 

მეტი, ვიდრე პრეზიდენტი

ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე „ბარსელონას“ დამფუძნებელმა – შვეიცარიელმა ჰანს-მაქს გამპერმა, რომელიც ჟოან გამპერის სახელით უფრო ცნობილია. 22 წლის ასაკში ის კატალონიის დედაქალაქში სამუშაოს საძებნელად ჩავიდა და იქ სამუდამოდ დარჩა. გამპერი „ბაზელში“ თამაშობდა, ამიტომ „ბარსას“ ფერებად მან ლურჯი და მუქი წითელი აირჩია. კლუბის ფორმირებისთვის დიდი ძალისხმევა გაიღო, რის გამოც კატალონიელთა საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. გამპერი მადრიდის ხელისუფლებისგან დევნილი გახლდათ, ამიტომ „ბარსასთან“ ყოველგვარი ურთიერთობა აეკრძალა. 1930 წელს კლუბის დამფუძნებელმა ამ განშორებას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 


მეტი, ვიდრე მოთამაშე

თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ ლიონელ მესის „ბარსელონას“ მუზეუმში ცალკე განყოფილება გამოუყვეს.

„ამ ადგილს მესის კუთხე დავარქვით. აქ თქვენ ხედავთ „ოქროს ბუცსა“ და ოთხ „ოქროს ბურთს“, რომელიც ლეომ ზედიზედ მოიგო, სანამ ამ ჯილდოს კრიშტიანუ რონალდუ არ დაისაკუთრებდა“, – გიდს ხმაში სევდა გაერია.

მუზეუმის სხვა ნაწილში შეიძლება თვალი იმ ბურთს მოჰკრათ, რომლითაც მესიმ „ბარსელონას“ რიგებში მე-5000 გოლი გაიტანა. აქვეა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას სამადლობელო წერილი, დიეგო მარადონას მაისური ავტოგრაფით, ხრისტო სტოიჩკოვის „ოქროს ბურთი“, რონალდ კუმანის ფორმა, რომელიც მას 1992 წელს გამართულ ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში ეცვა.

 


მეტი, ვიდრე გასახდელი

ტურისტებისთვის „ნოუ კამპის“ მხოლოდ სტუმართა გუნდის გასახდელი იღება. არადა, მასპინძელთა გასახდელი უფრო დიდ ინტერესს იწვევს.

„ბარსას“ გასახდელის გაღება არ შეიძლება, თუმცა გეტყვით, რომ საკმაოდ ფართო ოთახია, 800 კვადრატულ მეტრზე დიდია. ძალიან დიდი ოთახია! ლურჯი და წითელი ფერებით არის მოხატული, კარადაზე იმ მოთამაშეთა გვარები წერია, რომლებიც მას წარსულში იყენებდნენ. გუნდის ახლანდელი ფეხბურთელები კარადას საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით ირჩევენ. მაგალითად, მესის მარადონას ყოფილი კარადა აქვს არჩეული“, – ამბობს გიდი.

 

მეტი, ვიდრე ფეხბურთი

„ბარსელონა“ მხოლოდ ფეხბურთი როდია. გამპერის ჩანაფიქრის მიხედვით, „ბარსელონას“ სახელით სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლები უნდა გამოსულიყვნენ.

როგორც ცნობილია, ტიტულოვანი საკალათბურთო გუნდის სრული სახელია „საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა ბასკეტი“. საკალათბურთო „განყოფილების“ გარდა, კატალონიელები „ბარსას“ ემბლემას ფუტსალში, ხელბურთში, როლიკების ჰოკეიში, მსუბუქ ტანვარჯიშსა და მხატვრულ ტანვარჯიშშიც იცავენ. გასულ სეზონში „ბარსელონამ“ სპორტის ყველა სახეობაში ერთად 12 ტიტული მოიგო, რაც რეკორდი არ გახლავთ. ორი წლის წინათ 16 ტიტული მოიგეს. ამ ყველაფრის სანახავად „ბარსას“ მუზეუმს ეწვიოთ. უმჯობესია, ეს არასათამაშო დღეს მოახერხოთ.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com