ევროპის საბჭო და საქართველო გარიგებულ თამაშებზე საერთო პროგრამას შეიმუშავებენ (ვიდეო)

საქართველო სწრაფად მიიწევს წინ და სპორტის სფეროში ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ართმევს თავს – ასეთი შეფასება მისცა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეპასის აღმასრულებელმა მდივანმა სტანისლას ფროსარდსმა, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა ეპასის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხზე.

“ეპასის ეგიდით მინისტრების შეხვედრაც იგეგმება, სადაც მოხდება ნაციონალური სპორტის პროგრამის ინმპლემენტაცია, ეს იქნება ანტიდოპინგური და გარიგებულ თამაშებზე საერთო ხედვის და პროგრამის ჩამოყალიბება, ეს ყველაფერი კი ამ პრობლემების მართვას შეუწყობს ხელს” – ეს განცხადება თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეპასის (ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის სფეროში) აღმასრულებელმა მდივანმა სტანისლას ფროსარდსმა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოსა და ეპასის ფარგლებში მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის: ევროპის საბჭოს სპორტის სფეროში არსებული კონვენციების მდგომარეობა, ეროვნულ დონეზე არსებული სიტუაცია, კარგი მმართველობის პრინციპების დახვეწა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელით ხელმოწერილია “სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენცია, “დოპინგსაწინააღმდეგო კონვენცია” (2003 წ) და “ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომების შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენცია (2016), ხოლო საქართველო ეპასის ოფიციალური წევრია 2010 წლიდან.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “ევროპის საბჭოსთან ერთად ჩვენ გვაქვს საინტერესო პროექტები, სტუმარმა კმაყოფილება გამოთქვა, ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ბოლო წლების განმავლობაში. გარიგებული თამაშების კუთხით, ასევე სტადიონებზე ძალადობის ბრძოლის თვალსაზირისით გვაქვს გარკვეული წარმატებები, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ უნდა ვიმუშავოთ. ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან შეგვიძლია მეტი სარგებელი მივიღოთ, მმართველობის და მენეჯმენტის ხარისხის მიმართულებით. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია და ქართულ სპორტს უთუოდ სჭირდება, რათა საქართველო იყოს სანიმუშო ქვეყანა სწორი მენეჯმენტისა და სპორტის სწორი განვითარების კუთხით”.

სამინისტროს პრესსამსახური

მინისტრი ფიდეს აღმასრულებელ დირექტორს ჭადრაკის სრულ მხარდაჭერას დაპირდა

8 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილე აკაკი ლოდიასთან და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან ერთად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს და ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის – ფიდეს აღმასრულებელ დირექტორს, ჯეფრი ბორგს სამინისტროში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი იყო საქართველოში დაგეგმილ ორ უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირზე – 2017 წელს თბილისში გასამართ მსოფლიოს თასსა და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის შესახებ, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს.

ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისგან მსოფლიო თასისა და ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზების მხარდაჭერა მიიღო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო ტურნირების საუკეთესოდ მასპინძლობისათვის ფიდესთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, ითქვა რომ სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ჭადრაკის მხარდაჭერასა და მის პოპულარიზაციაზე ზრუნვას.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

ლევან ყიფიანი ევროპის რაგბის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

15 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში ფირა აერის (ევროპის რაგბის ასოციაცია) პრეზიდენტს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრს  – ოქტავიან მორარიუს შეხვდა. შეხვვედრას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზოდენტი – გიორგი ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილეები – აკაკი ლოდია და თამაზ თევზაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოსა და რუმინეთის უმნიშვნელოვანეს მატჩზე, რომელიც 15 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და რუმინეთის რაგბის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და იმ ფაქტზე, რომ ორივე ქვეყანა უკვე მაქსიმალურად მიუახლოვდა ევროპის სარაგბო ელიტას. ითქვა, რომ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ქართული და რუმინული სარაგბო კლუბების ევროტურნირებში ჩართვის მიმართულებით და ზოგადად ქართული და რუმინული რაგბის კიდევ უფრო დაახლოვებით ევროპის ელიტარულ სარაგბო ქვეყნებთან.

მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ოქტავიან მორარიუს ოლიმპიურ კომიტეტში უმასპინძლებენ. მორარიუს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი მიიღებს. შეხვედრას დაესწრება თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი – ალექსი ახვლედიანიც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუმინეთის სამთავრობო დელეგაცია პირველად იმყოფება პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ხელმძღვანელობით. 14 მარტს რუმინელი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო, სადაც დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. რუმინეთის სამთავრობო დელეგაციაში საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, პარლამენტის წევრები არიან. ასევე გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

რუმინეთის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისში რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ალინ პეტრაჩე და ვიცე-პრეზიდენტი მატეი კალინიც ჩამოვიდნენ. სტუმრები 17:00 საათზე საქართველოსა და რუმინეთს შორის გასამართ ერთა თასის მატჩს დაესწრებიან.

საქართველო – რუმინეთის სარაგბო დაპირისპირება ორივე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია – გამარჯვებული გუნდი ერთა თასის მფლობელი ხდება. საქართველოსა რუმინეთს შორის საცილო „ანთიმოზ ივერიელის” თასს მოიპოვებს და  ნოემბერში ირლანდიის ნაკრებთან სტუმრად ტესტმატჩის ჩატარების უფლებას მიიღებს.

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური