ოთარ კიტეიშვილს ავსტრიაში წასვლამდე კუთვნილი ჯილდო გადასცეს

თბილისის “დინამოს” კაპიტანი – ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პრიზი 22 წლის მოთამაშეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ლევან კობიაშვილმა გადასცა.

კიტეიშვილი “დინამოს” ღირსებას 2014-2018 წლებში იცავდა, თბილისური გუნდის მაისურით ჩაატარა 126 მატჩი, სადაც 17 გოლის გატანა შეძლო. “დინამოელთა” კაპიტანი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდში – გრაცის “შტურმში” გააგრძელებს.

კობიაშვილი: “ძალიან მინდოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები შოთა არველაძეს ჩაებარებინა”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ მას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის ხილვა სურდა.

“პირადად მე, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ შოთი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყოფილიყო. თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა. ამჟამად მოლაპარაკებებს ორ კანდიდატთან ვაწარმოებით, რომელთაგან ქართველი არცერთი არაა”, – განაცხადა კობიაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში.

ცნობისთვის, დიდი შანსია შოთა არველაძე ბერძნული პაოკ-ის თავკაცი გახდეს.

აღმასკომმა ცხადაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, კახა ცხადაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობილი გახდა, რომ აღმასკომის გადაწყვეტილებით, კახა ცხადაძე პოსტს ინარჩუნებს, ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს კი მწვრთნელთან მოლაპარაკებების გაგრძელებისაკენ მოუწოდეს.

ლევან კობიაშვილი: “კახა ცხადაძე ნაკრებში ვერ დარჩება – ეს საკითხი გადაწყვეტილია”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბოლოდროინდელ ამბებზე ისაუბრა.

“ჩემთვის, ის, რაც კახამ ბოლო პერიოდში წამოიწყო, მოულოდნელი და მიუღებელი იყო. ჩემსა და ცხადაძეს შორის სამი შეხვედრა შედგა. მე განვაცხადე, რომ მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდი. მე მისი დარჩენა მინდოდა.

სამწუხაროდ, ყველა შეხვედრაზე ის კატეგორიულ უარს გვიცხადებდა. ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ ჩემს გვერდით დამდგარიყო. ბოლო დღეებში, ჩემს ზარებს არ პასუხობდა.

ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად, კახა ცხადაძის ხელფასში 1 500 000 ლარს იხდის. კახამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს დაპირისპირება მომხდარიყო. მან ყველას დაურეკა, მათ შორის ნაკრების მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელებს.

ცხადაძე ამბობს, რომ მას ჩვენგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, მაგრამ ეს ტყუილია. ეს ყოველივე ეროვნულ ნაკრებს აზიანებს, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის.

2009 წელს, კახა ცხადაძე 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო. აღმასკომზე, მან თქვა, რომ ბაქოს “ინტერში” წასვლა სურდა, რადგან მისთვის მთავარი ფინანსური მომენტი იყო. აღმასკომმა ის გაათავისუფლა და დაავალა, რომ მას ფედერაციისათვის კომპენსაციის სახით 40 000 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა ეს თანხა დღემდე გადაუხდელია.

ჩემთვის ყველაზე მძიმე და შეურაწმყოფელი ისაა, რომ კახას მიაჩნია, ლევან კობიაშვილი არაფერს წარმოადგენს. მე ვაცხადებ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მე და ჩემი გუნდი მივიღებთ. ცხადაძე ფეხბურთის ფედერაციას დიდ ზიანს აყენებს.

დაპირისპირება იმ ჯგუფის მხრიდან არის წამოწყებული, რომელმაც 3 ოქტომბერს არჩევნებში წაგება ჯერ კიდევ ვერ მოინელა, კახა კი ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. ჩემთვის, წარმოუდგენელია, დღეს კახა ცხადაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს. ეს საკითხი გადაწყვეტილია, ის ახლა აღმასკომზე უნდა გავიტანოთ.”

ბუნდესლიგაში სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი კისლინგმა გაიტანა

13 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში, ლევერკუზენის “ბაიერმა” საკუთარ მოედანზე ბერლინის “ჰერტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე გავიდა. “ბაიერის” თავდამსხმელმა სტეფან კისლინგმა ლევან კობიაშვილის გუნდის კარის დალაშქვრა მე-40 წამზე მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი გამოდგა.

“ბაიერნი” ჩემპიონია

25 მარტს ბერლინის “ჰერტას” დამარცხებით “ბაიერნმა” ნაადრევად გაიფორმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მიუნხენელებმა მთელი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და სავსებით ლოგიკური გამარჯვებაც მოიპოვეს. მატჩის დებიუტში, მე-6 და მე-14 წუთებზე ჯერ კროოსმა შემდეგ კი მარიო გიოტცემ ორი გოლი გაუტანეს ბერლინელებს.

მეორე ნახევარში რამოსმა 11-მეტრიანი დარტყმით სხვაობის შემცირება შესძლო, თუმცა 79-ე წუთზე რიბერიმ გიოტცეს გადაცემით ორბურთიანი სტატუს ქვო აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:3

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლევან კობიაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ქართველი 64-ე წუთზე ნეიმაიერმა შეცვალა.