“დნიპროს” თავკაცი: “ჯაბა კანკავა სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ამ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მთავარი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი ავრცელებს.

უკრაინული კლუბის თავკაცმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მილანის “ინტერის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე საკადრო პრობლემებზე ისაუბრა და კანკავაც ახსენა.

“სან სიროზე” “ინტერის” წინააღმდეგ თამაში საინტერესოა როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ჩემთვის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. რაც შეეხება დამდეგ შეხვედრას, ვიმეორებ, რომ ის ძალზედ პრესტიჟულია. გვინდა, კარგი თამაში ვაჩვენოთ. არა მგონია, ამ მატჩისთვის ფეხბურთელებს საგანგებოდ სჭირდებოდეთ განწყობის შექმნა, რადგან ასეთ სტადიონზე ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ თამაში ბევრ რამედ ღირს.

შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს: სტრინიჩი ვერ ითამაშებს, მატჩს გამოტოვებს ზოზულიაც. რაც შეეხება კანკავას, ის სეზონის ბოლომდე ვერ დაგვეხმარება.

მათეუს ლეიტა ოპტიმალურ ფორმაში არ არის, თუმცა 18-კაციან განაცხადში შეყვანილია და შესაძლოა, შეცვლაზე შემოვიდეს. ვისურვებდი, რომ “მეტალურგის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში სასტარტო წუთებიდანვე შეძლოს თამაში”, – აღნიშნა მარკევიჩმა.

“დნიპროს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჯაბა კანკავამ ვარჯიშზე კუნთი დაიშავა, რის გამოც მიმდინარე წელს თამაშს ვეღარ შეძლებს. როგორც ხედავთ, კლუბის თავკაცის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უფრო საგანგაშოა, რადგან მან კანკავას მოედანზე გასვლა მიმდინარე სეზონში გამორიცხა.

 

კიევის „დინამომ“ ჯაბა კანკავას მადლობა გადაუხადა

კიევის „დინამომ“ საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და „დნიპროს“ ნახევარმცველის, ჯაბა კანკავას მისამართით სამადლობელო ღია წერილი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურში „დნიპროსა“ და „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას  მასპინძელთა მეკარე დენის ბოიკო გამოსვლაზე მუხლით შეეჯახა კიეველთა ნახევარმცველ ოლეგ გუსევს, რომელიც უგონოდ დაეცა. უკრაინელ ფეხბურთელს კრიტიკულ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარება სწორედ კანკავამ აღმოუჩინა და სიკვდილსაც გადაარჩინა. (ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა)

„ძვირფასო ჯაბა! გულწრფელ მადლობას გიხდით ამ ქმედებისთვის!

ყველაზე საჭირო და საპასუხისმგებლო მომენტში თითოეული ადამიანი თავისუფალია საკუთარ მოქმედებაში.

შენ ჩვენს მეგობარს მშველელად იმ წამებში მოევლინე, როცა მას ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა! მადლობას გიხდით!

ვიცით, რომ კეთილი გული გაქვს და ჩვენი მადლიერება არ დაგამძიმებს. ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო „გენაცვალე!“, – ნათქვამია მიმართვაში.