მხითარიანი: „ბავშვობაში ჩემი კერპი ზიდანი იყო“

დორტმუნდის „ბორუსიას“ 25 წლის სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გამოტყდა, რომ ბავშვობაში ძალიან მოსწონდა ზინედინ ზიდანის თამაში.

„თავდაპირველად მადრიდის „რეალში“ ჩემი ყურადღება რაულმა მიიქცია, ის საუკეთესო იყო, თუმცა შემდეგ ზიდანი შევამჩნიე… ზინედინი დიდებული ფლეიმეიქერი გახლდათ. ბავშვობაში ჩემი კერპი სწორედ ზიდანი იყო. ძალიან მომწონდა მისი თამაში, აღფრთოვანებული ვიყავი. ამის მიუხედავად, მისი თამაშის კოპირება არასდროს არ მიცდია. საკუთარი თავითაც კმაყოფილი ვარ“, – განუცხადა მხითარიანმა „ასის“ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ზიდანის „რეალსა“ და მხითარიანის „ბორუსიას“ შორის პირველი მატჩი დღეს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მარკ კლატენბურგის თავკაცობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი