“საბურთალო” “სალერის თასის” გამარჯვებულია

მორიგი ტრიუმფით დასრულდა “სალერის თასის” მესამე საერთაშორისო ტურნირი საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსთვის – ჩვენმა გუნდმა დღეს მადრიდის “ატლეტიკოს” თანატოლებთან 11-მეტრიან დარტყმებში იმარჯვეს და კლუბს ზედიზედ მესამე ტიტული მოუპოვეს! თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ, გატანილი გოლით თავიალბერტო რენტერომ გამოიჩინა. თუმცა, რამდენიმე წუთში გიორგი ხარაიშვილმაულამაზესი გოლი გაიტანა – ჩვენმა “ათიანმა” გზად რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიშორა და მოხდენილი დარტყმით ბურთი “ატლეტიკოს” კარში ააფართხალა. თერთმეტმეტრიან დარტყმებში კი უფრო მეტად მასპინძლებს გაუმართლათ და მთავარ თასსაც დაეუფლნენ!

გემახსოვრებათ, რომ ეს გუნდები პირველად ჯგუფში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრაც 1:1 მორჩა, მაშინაც გოლები მეორე ტაიმის შუაში გავიდა, იმ შეხვედრაშიც თავიდან სტუმრები იგებდნენ და მასპინძლებმა ამის მერეღა შეძლეს გათანაბრება. თუმცა, იმ მატჩისა და დღევანდელი შეხვედრის განსხვავება ის იყო, რომ ესპანელები 70-ე წუთიდან უმცირესობაში დარჩნენ. ასევე მატჩის მნიშვნელობა დღევანდელი დღის უფრო დიდი იყო, ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე დაპირისპირებისას.
ფინალური შეხვედრა იყო და ბუნებრივია ორივე გუნდი ღელავდა, თითოეულ შეცდომას შეიძლებოდა მატჩის ბედი გადაეწყვიტა. აქედან გამომდინარე, გუნდები პირველ ნახევარში უფრო ფრთხილობდნენ.
არადამაჯერებელი ჩანდა სტუმართა გუნდის კიპერი, შესვენებაზე “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა პაკო საიასმა სწორედ მეორე მეკარეს უხმო. დებიუტში გიორგი ხარაიშვილმა შორი მანძილიდან მოსინჯა მეკარის ძალები, ესპანელთა გოლკიპერმა პირველ ეპიზოდში ბურთი ვერ შეიმაგრა და მეორე ჯერზე დააფიქსირა ჩვენებურის დარტყმული. ტაიმის შუაში კი მამუჩაშვილის გასროლილი, უკვე ძელმა აისხლიტა. სტუმართა მხრიდან აქტიურობდნენ ალბერტო რენტერო, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა ტურნირის ბომბარდირი გახდა და კეიდი ბარე. სწორედ, ამ უკანასკნელმა დაარტყა ერთ-ერთ ეპიზოდში სახიფათოდ, მაგრამ ლაზარე კუპატაძედამაჯერებელი იყო.
შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია, “ბენდელაზე” მრავლად შეიკრიბა “საბურთალოს” ქომაგი. სტუმრები არც “ვიპ” ლოჟას აკლდა, სადაც ბევრ ნაცნობ და ფეხბურთის გულშემატკივარს მოჰკრავდით თვალს. ქართულ-ესპანურ ფინალს თვალს ბერა ივანიშვილიც ადევნებდა.
რაც შეეხება მეორე ნახევარს, დაძაბული და დრამატული გამოდგა – საწყის წუთებში პაკო სიასის ბიჭები დაწინაურდნენ, გატანილი გოლით თავი როგორც უკვე გითხარით ალბერტო რენტერომ გამოიჩინა. ბუნებრივია, გაშვებული გოლის შემდეგ “საბურთალოს” “ყურები არ ჩამოუყრია” და იერიშები უფრო აქტიურად და აგრესიულად განაგრძო. ამას დაემატა ისიც, რომ 70-ე წუთიდამ მადრიდელები უმცირესობაში დარჩნენ – ჯერ უხეში თამაშის გამო მსაჯმა ხესუს არანდა გააფრთხილა, შემდეგ კი ბურთის გადაგდების გამო მეორე ყვითელი მიიღო და ავტომატურად დატოვა მინდორი.
მასპინძლებს ერთგული ქომაგის მხადრაჭერამ უფრო მეტი შემართება მისცა, საბურთალოელი ჭაბუკები გააქტიურდნენ და 75-ე წუთისთვის გიორგი ხარაიშვილმა, რომელიც ტურნირის მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი იყო, საფირმო გოლი შეაგდო – “ათიანმა” თავის თავზე აიღო თამაში, დრიბლინგით რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიშორა, საჯარიმოს მიუახლოვდა და მარჯვენათი სტუმართა კიპერი მიგელ სან რომანიუშანსოდ დატოვა – 1:1.
გაიხარეს ფეხბურთელებმა და გაიხარეს გულშემატკივრებმაც, რომლებიც მრავლად იყვნენ ტრიბუნებზე. გატანილმა გოლმა ჩვენს ბიჭებზე დადებითად იმოქმედა და ერთ-ერთ ეპიზოდში რომ გამართლებოდათ, ანგარიშში დაწინაურდებოდნენ კიდევაც. მიუხედავად უმცირესობისა, სტუმრები მაინც სახიფათოდ უტევდნენ ჩვენს კარს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო ლაზარე კუპატაძე.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მთავარმა მწვრთნელმა თემურ
შალამბერიძემ ცვლილება განახორციელა – მშვენივრად მოთამაშე კიპერის ნაცვლად, ოთო გოშაძე ჩართო შეხვედრაში. ბუნებრივია, ეს ყოველივე 11 მეტრიანებზე გათვლა იყო.
პენალტები თბილისელებისთვის წარმატებით დაიწყო – ჯემალ ტაბიძის გოლს, ფედერიკო ობამას აცილებული პენალტი მოჰყვა. გუშთელიანის გაცუდებული პენალტი, გოშაძემ გამოასწორა და სეივი განახორციელა. მორიგი დარტყმები ზუსტად შეასრულეს რუხაძემ და ჩაბრაძემ. საბოლოოდ გამარჯვების მომტანი გოლი გუნდის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა შეაგდო და “საბურთალოს” სიხარულიც დაიწყო!
გაიხარეს, როგორც ფეხბურთელებმა, ასევე გულშემატკივრებმა და კლუბის ხელმძღვანელებმა. მონაწილე გუნდებს გადაეცათ სპეციალურად დამზადებული სინჯის მედლები და თასები. ასევე გამოვლიდნენ საუკეთესოებიც. ტურნირი კი გრანდიოზულმა ფოიერვერკმა დაასრულა.

22 დეკემბერი. “ბენდელა”. 1200 გულშემატკივარი

საბურთალო – ატლეტიკო  1:1 (0:0) 4:2 პენალტები

საბურთალო: კუპატაძე, კაკიაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი (კ), ბარამიძე, ბლიაძე, წოწონავა, წივილაშვილი.
ცვლილებაზე შევიდნენ: გოშაძე, მარგველაშვილი, რუხაძე, ჩაბრაძე.

ატლეტიკო: პერესი, პრიეტო (კ), როდრიგესი, დელ ამო, რენტერო, არანდა, ანგელ აგუერო, ალვარესი, ბარე, ტალავერა, მორენო.
ცვლილებაზე შევიდნენ: მიგელ რომანი, ფ. ობამა, ს. ობამა, გომესი.

გოლები: 0:1 რენტერო (62), 1:1 ხარაიშვილი (76).
გაძევება: ხესუს არანდა (70).
მთავარი მსაჯი: ოთარ ხეცაძე

ნომინაციებში საუკეთესოები:
საუკეთესო მეკარე – ოთო გოშაძე (საბურთალო)
საუკეთესო მცველი – ჯიმი ტაბიძე (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი – კეიდი ბარი (ატლეტიკო)
საუკეთესო თავდამსხმელი – მუჰამედ ავადი (მაკაბი)
ბომბარდირი – ალბერტო რენტერო (ატლეტიკო, 4 გოლი)
გულშემატკივრების სიმპატია – ბორდან ლედნიოვი (დნიპრო)
საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო)
თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა პრიზი საუკეთესო “ათიანი” – გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო).  

http://fcsaburtalo.ge

აუტსაიდერების მატჩში “დნიპრომ” იმარჯვა

“სალერის თასის” გათამაშების მესამე სათამაშო დღეს პირველი შეხვედრა დასრულდა – აუტსაიდერების დაპირისპირებაში გამარჯვება უკრაინულ “დნიპროს” დარჩა 2:1. არადა, მატჩი “მაკაბის” კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა გამარჯვება როგორც უკვე გითხარით სლავებმა მოიპოვეს.

ეს გუნდები ზეგ კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს – ამჯერად უკვე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. გეცოდინებათ, რომ მეორე ტურის შემდეგ გაირკვა პირველ-მეორე და მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული კლუბების ვინაობა.

20 დეკემბერი. “ბენდელა”. 12:00
მაკაბი – დნიპრო 1:2 (0:1)
მაკაბი: ლევისი, ველბლუმი, ჰარაზი, ი. კოჰენი, ო. კოჰენი, ავადი, ბარუხი, ს. ფედიდა, უ. კოჰენი, ბოჰბორტი, სტეპინი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ბენ სარი, გაბაი, ბაბა, კატაბი, რ. ფედიდა.
დნიპრო: პარამენკო, კოშელევი, ბაგინსკი, ნალიბაიკო, ჩებერკო, კოლოჩანი, ბალაკანი, ფხაკაძე, უსაჩევი, ლედნიოვი, ვენედიკტოვი.
ცვლილებაზე შევიდნენ: იერემენკო, ბაჩივანჯი, სინკევიჩი, პროვკინი, ციბინი.
გოლები: 0:1 ბალაკანი (12), 0:2 ბაჩივანჯი (64), 1:2 ი. კოჰენი (81).
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

 

http://fcsaburtalo.ge

“საბურთალომ” და “ატლეტიკომ” ქულები გაიყვეს

რამდენიმე წუთის წინ “ბენდელაზე” “სალერის თასის” ჯგუფური მატჩები დასრულდა – ბოლო შეხვედრაში “საბურთალო” და “ატლეტიკო” ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ 1:1. პირველი არცთუ საინტერესო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს – ჯერ სტუმრებმა გაიტანეს გოლი, თავი კეიდი არტანმა გამოიჩინა. ხოლო რამდენიმე წუთშიგიორგი ხარაიშვილმა საფირმო ჯარიმა შეასრულა და თამაშში წონასწორობა აღადგინა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გადახალისებული შემადგენლობით დაიწყეს შეხვედრა. პირველი ტაიმი ფრთხილი გამოდგა, გუნდები ძირითადად კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, რამაც საგოლე ეპიზოდების სიმწირე გამოიწვია. ორჯერ სტუმარ სალომონ ობამას შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში მოიკოჭლა. თავის მხრივ, თითო-თითო სახიფათო მომენტი ალთუნაშვილსა და გვარაძეს შეექმნათ, მაგრამ პირველ ეპიზოდში მცველი გადაეღობა დარტყმულს, მეორეში კი ბურთი მეკარემ მოიგერია.
როგორც უკვე ზემოთ გითხარით, საყურებლად მატჩის მეორე ნახევარი უკეთესი გამოდგა – სწრაფი, გააზრებული, შემტევი ფეხბურთი შემოგვთავაზეს გუნდებმა. რამდენიმე წუთიან მონაკვეთში კი გოლებიც გავიდა – სტუმრების მიერ გატანილ გოლს, ხარაიშვილმა უმალ უპასუხა და როგორც შემდგომ გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ეს გუნდები 22 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს, მნიშვნელოვან და პრინციპულ შეხვედრაში – გეცოდინებათ, რომ სწორედ აღნიშნული კლუბების მონაწილეობით ჩაივლის ფინალური შეხვედრაც, რომელიც 15:00 საათისთვისაა დანიშნული. მანამდე კი ბრინჯაოს სინჯის მედლებისთვის “მაკაბი” და “დნიპრო” იბრძოლებენ.

20 დეკემბერი. “ბენდელა”. 400 მაყურებელი
საბურთალო – ატლეტიკო 1:1 (0:0)
საბურთალო: კუპატაძე, ბეროშვილი, ნადარაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, არველაძე, გვარაძე, რუხაძე, ალთუნაშვილი, ჩაბრაძე, კაპანაძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: თევზაძე, ხარაიშვილი, წივილაშვილი, გოშთელიანი.
ატლეტიკო: პერესი, პრიეტო, როდრიგესი, რენტერო, არანდა, დამიანი, მორენო, ფ.ობამა, ტალავერა, ს. ობამა, სანჩესი.
ცვლილებაზე შევიდნენ: მიგელ სან რომანი, დელ ამო, ლუნესი, არტანი.
გოლები: 0:1 არტანი (59), 1:1 ხარაიშვილი (65).
მთავარი არბიტრი: ოთარ ხეცაძე.

1. ატლეტიკო     3  2  1  0  7:3  7
2. საბურთალო  3  2  1  0  6:2  7
3. დნიპრო          3  1  0  2  4:8  3
4. მაკაბი             3  1  0  2  2:6  0

http://fcsaburtalo.ge

“საბურთალომ” და “ატლეტიკომ” პრესკონფერენცია გამართეს

დიდი სტუმრიანობა და ფაცი-ფუცია “საბურთალოს” სკოლაში – მოგეხსენებათ, რომ ხვალ სტარტს იღებს “სალერის თასის” საერთაშორისო გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას ჩვენი გუნდის გარდა მადრიდის “ატლეტიკო”, “მაქაბი ჰაიფა” და უკრაინული “დნიპრო” მიიღებენ.

ბუნებრივია, ისტორიული მოვლენა და მნიშვნელოვანი ფაქტია. მსგავსი დონის გუნდების სტუმრობა საკლუბო დონეზე, კარგა ხანია ჩვენს ქვეყანას არ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში, რაც საბჭოთა კავშირს გამოვეყავით და დამოუკიდებლად დავიწყეთ ფეხბურთის თამაში, მას შემდეგ საქართველოში ისეთი დონის კლუბი, როგორიც მადრიდის “ატლეტიკოა”, საქართველოს არ სტუმრებია. მართალია, აქ საუბარია 16-17 წლის ჭაბუკებზე, თუმცა ამ შემთხვევაში ამას არა აქვს მნიშვნელობა.
დღეს “ბენდელას” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ლამაზი და ისტორიული ფურცელი ჩაიწერა კლუბის ისტორიაში – საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე წარსდგნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს, ესპანელთა მხრიდან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაკოს საიასმა და თანაშემწე ალვარო საიბერამ ისაუბრეს:
ტარიელ ხეჩიკაშვილი (“საბურთალოს” პრეზიდენტი): “პირველ რიგში გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს! მშვიდობა ყოფილიყოს საქართველოში და მრავალ ამ დღეს დაგასწროთ უფალმა! იმედია, “საბურთალოს” დაებედება ისეთი დონის კლუბების სტუმრობა, როგორებიც არიან მადრიდის “ატლეტიკო, “დნიპრო”, “მაქაბი”. მათი სტუმრობა საქართველოში არის ერთგვარი აღიარება და ჩვენი კლუბის დაფასება. ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ და ვმუშაობთ.
სტუმრად იმყოფებიან მადრიდის “ატლეტიკოს” წარმომადგენლები, რაც უდიდესი მოვლენაა, როგორც ჩვენი კლუბისთვის, ასევე მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის. მათთან ურთიერთობა უფრო გაგვიადვილებს და კიდევ უფრო გაგვიხსნის გზას ევროპისკენ, იმ დიდი კლუბებისკენ, რომლებიც მოწინავეთა შორის იმყოფებიან. მადლობა ესპანელებს იმისთვის, რომ ჩამობრძანდნენ და დაგვაფასეს, ჩვენც ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ იმედები გავამართლოთ და როგორც ტურნირის ორგანიზებით, ასევე თამაშით, კარგად წარმოვაჩინოთ თავი.
ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი საქართველოს ელჩს ესპანეთში ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს. ასევე მადლობა გიორგი ყიფიანს, რომელიც ისრაელში მოღვაწეობს. “მაქაბის” სტუმრობა სწორედ მისი დამსახურებაა.
ამ ტურნირისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. შეიძლება წლეულს გუნდების რიცხვი კიდევ გარდზილიყო და ბევრ სოლიდურ კლუბებს სურდათ “სალერის თასზე” ასპარეზობა, მათ შორის ტურინის “იუვენტუსსაც”, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ამ გუნდებზე გავაკეთეთ არჩევანი. მინდა გითხრათ, რომ ყველა კლუბს ჩვენი ხარჯებით ვუმასპინძლდებით, რაც დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.
მომავალში აუცილებლად ვითანამშრომლებთ მადრიდელებთან. დიდი შანსია მოხდეს ფეხბურთელების გაცვლა, გვექნება მათგანაც შეთავაზებები და ჩვენც გავემგზავრებით საერთაშორისო ტურნირებზე. აგვისტოში მადრიდში ვიმყოფებოდი და მომავალში ვგეგმავთ ერთობლივ პროექტებს.
აქვე შემიძლია გითხრათ, რომ “სალერის თასის” წლევანდელ ტურნირს, ბევრი სკაუტი დააკვირდება, მათ შორის იქნებიან “ლივერპულის” წარმომადგენლები, იტალიური კლუბების მენეჯერები.
კახა ჭუმბურიძე (“საბურთალოს” გენერალური დირექტორი): მეც ვუერთდები მილოცვას და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია ფეხბურთელებისთვის ისეთი დიდი კლუბების წინააღმდეგ ასპარეზობა, როგორებიც არიან “ატლეტიკო”, “მაქაბი”, “დნიპრო”. თავისთავად, ამით ჭაბუკები დიდ გამოცდილებას იძენენ, რაც მომაავალში უთუოდ წაადგებათ. ეს ის ასაკია, სადაც მრავლად გვყავს ფეხბურთელები სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, მათ ეძლევათ შანსი, რომ თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში, ევროპული კლუბები დააინტერესონ.
შარშან “სალერის თასზე” “მალაგა” და “ვიტესი” იყვნენ, წლეულს ევროპული კლუბების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და სოლიდური გახდა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მრავლად ითამაშებენ ჩვენს ტურნირში გუნდები.
არ შემიძლია მადლიერების გრძნობა არ გამოვხატო “იბერია ბიზნეს ჯგუფსა” და მის პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილზე. სწორედ, ამ ადამიანის მხარში დგომით ხდება ამ ყოველივეს გაკეთება და გვანებივრებს ასეთი მაღალი დონის კლუბების მოწვევით. მჯერა ტურნირი მაღალ დონეზე ჩაივლის და ბევრ საინტერესო თამაშს ვიხილავთ. გულშემატკივარიც მრავლად მოვა სტადიონზე და სრული საზეიმო განწყობა იქნება”.
პაკოს საოსი (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “პირველად ვარ საქართველოში და მეძლევა საშვალება თქვენი ქვეყანა უფრო ახლოს გავიცნო. საქართველოზე მხოლოდ გადმოცემით მსმენია. განწყობა საბრძოლო და დადებითია, ტურნირის მოსაგებად ვართ ჩამოსულები და მჯერა მიზანს მივაღწევთ. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი “საბურთალოს”, რომ მსგავს ტურნირზე დაგვპატიჟა.
ზოგადად ქართულ ფეხბურთს არ ვიცნობ, თუმცა ჩვენი კლუბის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. თუ სწორად მახსოვს მისი სახელი და გვარი ნიკოლოზ კვანტალიანია. გვინდა უკეთესად გავიცნოთ ქართული ფეხბურთი, ამის კარგ საშვუალებას სწორედ “საბურთალო” გვაძლევს. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ორივე მხარეს დადებითად წაგვადგება.
ამ ეტაპზე ჩვენი გუნდიდან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ფეხბურთელები არ გვყავს, თუმცა ბევრი პერსპექტიული და ნიჭიერი ჭაბუკი თამაშობს. მადრიდის “ატლეტიკოს” ხელწერა სწრაფი და დინამიური თამაშია, ვეცდებით გულშემატკივარს ლამაზი სანახაობა შევთავაზოთ”.
ბოლოსკენ გეტყვით, რომ როგორც კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, 21 დეკემბერს, როდესაც მონაწილე გუნდები ოფიციალური მატჩებისგან ისვენებენ, “ბენდელაზე” საქველმოქმედო მატჩი გაიმართება ყოფილი ფეხბურთელის კახა ახალაძის დასახმარებლად, რომელიც მძიმე სენითაა ავად.