მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელთა ყურადღება “მილანში” მოთამაშე ახალგაზრდა ესპანელმა ფეხბურთელმა, სუსომ მიიქცია. იტალიური პრესის ცნობით, “რეალი” მზადაა ზამთარშივე გადაიბიროს “როსონერის” ნახევარმცველი.
წყაროს ცნობით, მადრიდელები 23 წლის სუსოს გარეტ ბეილის შემცვლელად მოისაზრებენ, რომელიც ტრავმების გამო ფორმაში ჩადგომას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. უელსელი ფეხბურთელი ამ დროისთვისაც ლაზარეთში იმყოფება, მისი რეაბილიტაციის პროცესი კი ერთ თვეში დასრულდება.
გეტყვით იმასაც, რომ “მილანმა” ორი კვირის წინ სუსოს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუხანგრძლივა. ახალ ხელშეკრულებაში კი მის გამოსასყიდ თანხად 40 მილიონი ევროა დასახელებული.
მიმდინარე სეზონის 6 მატჩში ესპანელმა ფეხბურთელმა ორი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა.