ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე თვლის, რომ ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს.
„ფეხბურთში რასიზმი არ არის, საერთოდ არ არის“, – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს Football Espana.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ესპანეთში სკანდალი მოხდა, როდესაც „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიური გუნდის ბრაზილიელ მცველ დანიელ ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს.
„ვილიარეალის“ უსაფრთხოების სამსახურმა დამნაშავე პირი ამოიცნო, მისი აბონემენტის ანულირება მოახდინა და სტადიონზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში აუკრძალა შესვლა.
„ამას ყველა არ აკეთებს. მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ერთეული შემთხვევებია. ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს“, – დაამატა დელ ბოსკემ.
აქვე გეტყვით, რომ დელ ბოსკე 25 მაისს სამუნდიალო განაცხადის გაფართოებულ ვერსიას გამოაქვეყნებს, რომელშიც 30 ფეხბურთელი იქნება შეყვანილი. საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 მოთამაშე გაემგზავრება, რომელთა ვინაობაც 2 ივნისს გაირკვევა.
ბექა დოგრაშვილი