კლუივერტი: “ვან გაალს გამოცდილ მოთამაშეებთან პრობლემები ექმნება ხოლმე”

კიურასაოს მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ კლუივერტმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელ ლუი ვან გაალს გამოცდილ მოთამაშეებთან ხანდახან სირთულეები აქვს ხოლმე. შეგახსენებთ, რომ კლუივერტს ფეხბურთელობის პერიოდში ვან გაალის თავკაცობით ამსტერდამის “აიაქსში”, “ბარსელონასა” და ჰოლანდიის ნაკრებში უთამაშია. იგი 2012–2014 წლებში ეროვნულ ნაკრებში ვან გაალის თანაშემწედაც მუშაობდა.

“ვან გაალი მწვრთნელია და სურს, რომ მასზე დაკისრებულ სამუშაოს თავი კარგად გაართვას, თუმცა ხანდახან გამოცდილ მოთამაშეებთან, რომელბმაც ფეხბურთში რაღაცას უკვე მიაღწიეს, გარკვეული სირთულეები ექმნება ხოლმე.

ვან გაალი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან უბრალოდ ფანტასტიურად მუშაობს. გამოცდილ მოთამაშეებთან კი, რომელთაც საკუთარი ხედვა აქვთ, ზოგჯერ უთანხმოება აქვს ხოლმე”, – ციტირებს კლუივერტის სიტყვებს Goal.com-ი.

 

კლუივერტმა მთავარი მწვრთნელის რანგში მოღვაწეობა წარმატებულად დაიწყო

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა პატრიკ კლუივერტმა მთავარი მწვრთნელის რანგში მოღვაწეობა წარმატებულად დაიწყო.

კიურასაოს მოკრძალებულმა გუნდმა, რომელსაც მიმდინარე თვის დასაწყისიდან სწორედ კლუივერტი ხელმძღვანელობს, მონტსერატის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩი კონკაკაფის ზონაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რანგში ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ კლუივერტი 2012-დან 2014 წლამდე ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის თანაშემწედ მუშაობდა.

 

კლუივერტს კიურასაოს ნაკრები ჩააბარეს

“ბარსელონასა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი პატრიკ კლუივერტი კიურასაოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. 38 წლის სპეციალისტისთვის ეს სამწვრთნელო კარიერაში დამოუკიდებლად მუშაობის პირველი შესაძლებლობაა.

შეგახსენებთ, რომ კლუივერტი 2012-დან 2014 წლამდე ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის თანაშემწედ მუშაობდა.

კიურასაო კუნძულია კარიბის ზღვაში, რომელიც ჰოლანდიის სამეფოს შემადგენელი ნაწილია.

კიურასაოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში 160-ე ადგილი უკავია.

 

კლუივერტი: “ბარსელონას” ან “მილანის” გაწვრთნაზე ვოცნებობ”

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი პატრიკ კლუივერტი გამოტყდა, რომ კატალონიური გუნდის გაწვრთნაზე ოცნებობს. ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რამდენიმე კლუბისგან შემოთავაზებაც მიიღო.

“ბარსელონას”, “მილანის” ან სხვა ევროპული უმაღლესი დონის კლუბის მწვრთნელად გახდომაზე ვოცნებობ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ახალ დონეზე გადასვლა მინდოდა, თუმცა მოცდა მომიწევს. უნდა განვვითარდე და შანსს დაველოდო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცემა. რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, თუმცა ჩემი დარწმუნება ვერ შეძლეს. მე ჩემთვის საუკეთესო ვარიანტს ამოვარჩევ”, – კლუივერტის სიტყვები კატალონიურმა გამოცემა “მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა.

 

„მანჩესტერის“ თავკაცის პოსტზე ვან გალის კანდიდატურა მომდევნო კვირაში დასახელდება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ ექსკლუზიურ მასალაში წერს, რომ მომდევნო კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. როგორც მოგეხსენებათ, 62 წლის სპეციალისტი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობს, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს.

წყაროს ცნობით, ვან გაალი „ოლდ ტრაფორდზე“ თავისი სამწვრთნელო შტაბის მიყვანას გეგმავს, მათ შორის იქნება ჰოლანდიის ნაკრებში მისი ამჟამინდელი თანაშემწე პატრიკ კლუივერტი.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით მომუშავე რაიან გიგზსა და მის სამწვთნელო გუნდს, რომელშიც პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და ფილ ნევილი შედიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიგზსა და კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის მთავარი თემა უელსელის მომავალი იყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. სხვადასხვა წყაროების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობას გიგზის შენარჩუნება სურს, თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვან გალი „ოლდ ტრაფორდზე“ საკუთარი სამწვრთნელო შტაბით მისვლას აპირებს.

გარდა ამისა, „დეილი მეილი“ წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ვან გალისთვის ფინანსებს არ დაიშურებს, რათა ჩავარდნილი სეზონის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინოს.

ბექა დოგრაშვილი