ვან გაალი: “ლესტერთან” ასეთი ჩამორჩენის არ მრცხვენია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ინგლისის პრემიერლიგის ლიდერ “ლესტერ სიტისთან” არსებული ჩამორჩენის შესახებ ისაუბრა. ზემოთ აღნიშნულ გუნდებს შორის სხვაობა 19 ქულას შეადგენს.

“არა მგონია, რომ “ლესტერთან” ასეთი ჩამორჩენის გამო უნდა გვრცხვენოდეს. ისინი მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობენ. ფული ყოველთვის არ არის გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია გუნდის სათამაშო ხარისხი. “ლესტერი” კი ნამდვილად ხარისხიან ფეხბურთს უჩვენებს.

პრემიერლიგა ძალიან ძლიერი ლიგაა და გუნდებს შორის სხვაობა იმდენად შესამჩნევი არ არის. ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება ან დამარცხება. ამით პრემიერლიგა განსხვავდება საფრანგეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონატებისგან. ესპანეთშიც ასეთივე სიტუაციაა, თუმცა ეს “ბარსელონას” არ ეხება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს “მირორი”.

 

კლუივერტი: “ვან გაალს გამოცდილ მოთამაშეებთან პრობლემები ექმნება ხოლმე”

კიურასაოს მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ კლუივერტმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელ ლუი ვან გაალს გამოცდილ მოთამაშეებთან ხანდახან სირთულეები აქვს ხოლმე. შეგახსენებთ, რომ კლუივერტს ფეხბურთელობის პერიოდში ვან გაალის თავკაცობით ამსტერდამის “აიაქსში”, “ბარსელონასა” და ჰოლანდიის ნაკრებში უთამაშია. იგი 2012–2014 წლებში ეროვნულ ნაკრებში ვან გაალის თანაშემწედაც მუშაობდა.

“ვან გაალი მწვრთნელია და სურს, რომ მასზე დაკისრებულ სამუშაოს თავი კარგად გაართვას, თუმცა ხანდახან გამოცდილ მოთამაშეებთან, რომელბმაც ფეხბურთში რაღაცას უკვე მიაღწიეს, გარკვეული სირთულეები ექმნება ხოლმე.

ვან გაალი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან უბრალოდ ფანტასტიურად მუშაობს. გამოცდილ მოთამაშეებთან კი, რომელთაც საკუთარი ხედვა აქვთ, ზოგჯერ უთანხმოება აქვს ხოლმე”, – ციტირებს კლუივერტის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ვან გაალმა მოიბოდიშა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გუშინდელ საქციელზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჰოლანდიელი სპეციალისტი განზრახ ძირს დაეცა, რითაც ალექსის სანჩესის იმიტირება სცადა. ვან გაალის აზრით, ჩილელმა ფეხბურთელმა სიმულაციას მიმართა.

“ზედმეტად ემოციურად მოვიქეცი, თუმცა იმ მომენტში აღელვებული ვიყავი. არბიტრს, ლაინსმენსა და მეოთხე მსაჯს ასე არ უნდა მოექცე.

როდესაც მოედნის გვერდით ხაზთან არ ვჩანვარ, მაკრიტიკებენ. აი, გამოვჩნდი და ისევ ჩემი კრიტიკა დაიწყეს, თუმცა მართალიცაა, ვინაიდან არასწორად მოვიქეცი, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ვან გაალი: “იანვარს ტრანსფერის განხორციელებისთვის საუკეთესო პერიოდად არ მივიჩნევ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. ჰოლანდიელი სპეციალისტი ამბობს, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდს ფეხბურთელის დამატებისთვის საუკეთესო დროდ არ მიიჩნევს.

“იანვრის დადგომასთან ერთად სატრანსფერო ფანჯარაც გაიღო და ვხედავ, თუ რამდენ ფეხბურთელს აკავშირებენ “მანჩესტერ იუნაიტედთან”. იანვარს ტრანსფერის განხორციელებისთვის საუკეთესო პერიოდად არ მივიჩნევ, რადგან ფეხბურთელს წინასასეზონო მზადება არ გაუვლია, რაც აუცილებელია მოედანზე და მის მიღმა გუნდთან ინტეგრაციისთვის.

ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ჩემი შტაბი იგრძნობს, რომ დღევანდელი შემადგენლობის გაუმჯობესებისთვის რაიმე ნაბიჯის გადადგმა არის აუცილებელი, ჩვენ შესაძლებლობას მისი გაჩენისთანავე განვიხილავთ”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” დღევანდელი ვარჯიში ვან გაალის ნაცვლად გიგზმა ჩაატარა

“მანჩესტერ იუნაიტედის” დღევანდელი ვარჯიში ლუი ვან გაალის ნაცვლად რაიან გიგზმა ჩაატარა. ჰოლანდიელი სპეციალისტი კლუბის ბაზაზე არც კი მივიდა.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში დამარცხდება, ვან გაალს გაათავისუფლებენ. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ჰოლანდიელმა მწვრთნელმა თავადვე განაცხადა თანხმობა კონტრაქტის გაწყვეტაზე.

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალის შესაძლო შემცვლელად ყველაზე აქტიურად ჟოზე მოურინიოს კანდიდატურა სახელდება.

 

ვან გაალი: “რასაც პრესაში წერენ, სიმართლეს არ შეესაბამება”

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “სტოკ სიტისთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” დამდეგი ორი მატჩიდან ერთ-ერთში მაინც დამარცხდებოდა, კლუბის ხელმძღვანელობა ვან გაალს გაათავისუფლებდა, თუმცა ჰოლანდიელი სპეციალისტი ამ ინფორმაციას უარყოფს.

“ფეხბურთელებთან ყოველთვის გულწრფელი ვარ. ვხედავ, როგორ ვარჯიშობენ ისინი. მათ სურთ, რომ კარგად ითამაშონ, მაგრამ გარემოებები საქმეს ართულებს. ჩვენზე დიდია ზეწოლა.
რასაც პრესაში წერენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ მოვიქეცი ასე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე (ჟურნალისტთა მიერ დასმულ მხოლოდ ორ კითხვას გასცა პასუხი).
დამდეგი მატჩი “ჩელსისთან” გვაქვს. აუცილებელია, რომ ძალები მალე აღვიდგინოთ, რადგან დღევანდელ შეხვედრაში ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

 

თუ “მანჩესტერი” დამდეგი ორი მატჩიდან ერთ-ერთში მაინც დამარცხება, ვან გაალს გაათავისუფლებენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი პოსტიდან გათავისუფლების ზღვარზეა.

როგორც ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” წერს, თუ “წითელი ეშმაკები” უახლოესი ორი მატჩიდან ერთ-ერთში მაინც დამარცხდებიან, ჰოლანდიელ სპეციალისტს გუნდიდან გაუშვებენ. ცნობისათვის, “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “სტოკ სიტისთან” ითამაშებს, შემდეგ კი ლონდონის “ჩელსის” მიიღებს.

გამოცემის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის შედეგებით უკმაყოფილოა. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი უკავია, გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა, ჟოზე მოურინიო დაინიშნოს, რომელიც “ჩელსიდან” სულ ახლახან გაათავისუფლეს.

 

ვან გაალი: “დე ხეამ იშვიათი შეცდომა დაუშვა”

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში “ბორნმუთთან” დამარცხების (1:2) შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გუნდის კიპერ დავიდ დე ხეას უხეშ შეცდომაზე ყურადღება გაამახვილა. შეგახსენებთ, რომ მასპინძლებმა ანგარიში კუთხურიდან ჩახვეული ბურთით გახსნეს.

“მატჩის შესვენებაზე ფეხბურთელებს ვესაუბრე არა წარსულის, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გვეთამაშა მეორე ტაიმში. არა მგონია, შეცდომაზე საუბარს რაიმე სარგებელი მოეტანა ან ჩემთვის ან ფეხბურთელებისთვის. დავიდ დე ხეამ იშვიათი შეცდომა დაუშვა, თუმცა ამის შესახებ მან ჩემზე უკეთ იცის”, – განაცხადა ვან გაალმა “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

ვან გაალი: “დიდ ფულს არაფრის კეთებაში ვიღებ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ხუმრობით აღნიშნა, რომ გუნდში მუშაობა არ უწევს. ჰოლანდიელის თქმით, მას უამრავი თანაშემწე ჰყავს, რომლებიც მთელ სამუშაოს ასრულებენ.

“მე იმ თაობიდან ვარ, როდესაც ყველაფერს მწვრთნელები აკეთებდნენ. ახლა სპორტული სწავლებისა და სკაუტთა დეპარტამენტები, სამედიცინო შტაბი, მენეჯერისა და მწვრთნელის თანაშემწეები მყავს. მე აღარაფერს ვაკეთებ! ვახორციელებ მხოლოდ დელეგირებას და ვიღებ დიდ ფულს”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს “ტელეგრაფი”.

 

ვან გაალი რუნიზე საუბრით დაიღალა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა “მანჩესტერ სიტისთან” ჩატარებული მატჩის (0:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უეინ რუნის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

“ყოველ კვირას რუნიზე უნდა ვილაპარაკო? რატომ? თქვენ თქვენი აზრი გაქვთ და შეგიძლიათ, დაწეროთ. რუნის შესახებ დასმულ კითხვებს აღარ ვუპასუხებ. დავიღალე”, – ციტირებს ვან გაალის კომენტარს “დეილი მეილი”.

 

ვან გაალი: “პედრო სწორედ ისაა, ვინც ჩვენ გვჭირდება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ღიად განაცხადა, რომ “ბარსელონას” ფორვარდ პედრო როდრიგესის დამატება სურს, თუმცა იქვე დაამატა, რომ ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა.

“შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი მიმდინარეობს. რაიმე მინიშნებებს არ გავაკეთებ მანამ, სანამ ტრანსფერი ოფიციალურად არ განხორციელდება. როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, გამოვალ და გეტყვით, რომ პედრო ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ახლა მხოლოდ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. პედრო სწორედ ის ფორვარდია, რომელიც ჩვენ გვჭირდება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში პედრომ 44 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ვან გაალი: “დე ხეამ გვითხრა, რომ თამაში არ სურს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გუნდის კიპერ დავიდ დე ხეას ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ესპანელი მეკარე ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გასამართ მატჩსაც გამოტოვებს.

“ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელმა დე ხეას ჰკითხა, სურს თუ არა თამაში. ესპანელმა უპასუხა, რომ თამაში არ უნდა.

გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო. წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში დე ხეას ყურადღებით ვაკვირდებოდით. ის იმდენად კარგად ვერ აჩვენებდა საკუთარ თავს, ძველი დე ხეა აღარ არის. შარშან იგი საუკეთესო იყო, ფანებმა ბოლო ორ სეზონში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ის აირჩიეს.

ახლა ყველაფერი სერხიო რომეროსა და მის ფორმაზეა დამოკიდებული. დე ხეა ამჯერადაც განაცხადს მიღმა დარჩება, კარში კვლავ სერხიო რომერო იქნება”, – ვან გაალის სიტყვები “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ესპანელი მეკარით მადრიდის “რეალი” არის დაინტერესებული.

“ასტონ ვილასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.