გრიგალავამ “ანჟი” დატოვა

მახაჩყალის “ანჟისა” და გია გრიგალავს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

“კლუბი მადლობას უხდის გიას კეთილსინდისიერებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და უსურვებს წარმატებას როგორც საკლუბო კარიერაში, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში”, – ნათქვამია “ანჟის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრიგალავას სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს.

კონტრაქტის გაწყვეტის ფაქტს გამოეხმაურა “ანჟის” გენერალური დირექტორი სერგეი კორაბლევი.

“კლუბი გაგებით ეკიდება იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც გია გრიგალავა ბოლო პერიოდში აღმოჩნდა. მე, როგორც “ანჟის” ხელმძღვანელს, ადამიანურად მესმის ფეხბურთელის ის ემოციური განცხადებები, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პროფესიონალებად ვრჩებით და ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ გიას რეპუტაციის დაცვაში”, – ციტირებს კორაბლევის სიტყვებს “ანჟის” ოფიციალური ვებგვერდი.

გია გრიგალავა “ანჟის” ღირსებას 2013/14 წლების სეზონიდან იცავდა. 25 წლის ფეხბურთელმა დაღესტნური კლუბის რიგებში რუსეთის პრემიერლიგის 22 მატჩში
მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა “ანჟის” ფორმით ევროპის ლიგის შვიდ შეხვედრაში ითამაშა.

ცნობისთვის, გია გრიგალავას მიმართ ინტერესს რუსეთის პრემიერლიგის ბინადარი პერმის “ამკარი” იჩენს.

 

გია გრიგალავამ კავკასიურ დერბიში გაიტანა

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მახაჭკალის „ანჟისა“ და გროზნოს „ტერეკს“ შორის კავკასიური დერბი შედგა. მატჩი დაღესტნური გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, რაშიც თავისი წვლილი „ანჟის“ ქართველმა მცველმა გია გრიგალავამაც შეიტანა.

ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ვლადიმირ ბისტროვმა გახსნა. 33-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გია გრიგალავამ „ანჟის“ უპირატესობა განამტკიცა. მე-60 წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახადა დმიტრი ბილიალეტდინოვმა.

ამრიგად, ბოლოადგილოსანმა „ანჟიმ“ 20 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგაში დარჩენისთვის გასამართ საპლეიოფო მატჩებში ასპარეზობის თეორიული შანსი შეინარჩუნა. სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ანჟის“ სასურველ მე-14 პოზიციამდე, რომელიც სამარის „კრილია სოვეტოვი“ აქვს დაკავებული,  6 ქულა აშორებს. „ტერეკს“ 29 ქულა დარჩა და ახლა ჩეჩნური გუნდი იმისთვის იბრძვის, რომ საპლეიოფო მატჩებში არ მოხვდეს.

ბექა დოგრაშვილი