თბილისში ახალი საჩოგბურთო კორტები გაიხსნა (ვიდეო, ფოტოები)

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი კორტები გახსნა, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა. საჩოგბურთო ბაზა უმაღლესი დონის ცხრა ღია და ორ დახურულ ჩოგბურთის კორტს მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 6,5 მილიონი ლარია.

ამრიგად, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად ყველა ობიექტი მზად არის.

“ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტები ექნებათ. აქ ბევრი წარმატებული ჩოგბურთელი გაიზრდება. ჩვენ უკვე გვყავს სახელოვანი ჩოგბურთელები. სულ რამდენიმე კვირის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი ბაზა კი მათთვის წამახალისებელი და დამატებითი სტიმულის მიმცემია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საჩოგბურთო კომპლექსს შესაძლებლობა ექნება, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ, ეროვნულის გარდა, საერთაშორისო დონის A კლასის ტურნირებსაც უმასპინძლოს.

 

როჯერ ფედერერს კვლავ ტყუპები შეეძინა

დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას ამცნო, რომ 6 მაისს მისმა მეუღლემ მიროსლავა ვავრინეცმა კვლავ ტყუპები გააჩინა, თუმც ამჯერად ბიჭები.

„მირკა და მე უზომოდ ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენ ლეო და ლენი შეგვეძინა“ – დაწერა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა თავის მიკრობლოგზე.

შეგახსენებთ, რომ ფედერერსა და მის მეუღლეს 2009 წლის 23 ივლისს მდედრობითი სქესის ტყუპები შეეძინათ, რომლებსაც შარლინი და მილუ დაარქვეს.

ბექა დოგრაშვილი