„არიელი“ საფეხბურთო სკანდალში გაეხვა

სარეცხი ფხვნილის მწარმოებელი კომპანია „არიელი“ საფეხბურთო სკანდალში გაეხვა.

კომპანია გერმანიის ნაკრების სპონსორი გახდა და ამის აღსანიშნავად თავისი პროდუქტი ახალი შეფუთვით გამოუშვა, რომელზედაც ბუნდესგუნდის მაისური იყო გამოსახული. ერთი შეხედვით უწყინარმა იდეამ გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო კრახი განიცადა. სარეცხი ფხვნილის ყუთის უკანა მხარეს სათამაშო ნომერი 88 იყო გამოსახული. ამით მწარმოებელს სურდა ეთქვა, რომ ერთი ყუთი სწორედ  ამდენჯერ გასარეცხად იყო საკმარისი.

თუმცა, ევროპაში რიცხვი 88 ნაცისტურ მისალმებასთან ასოცირდება: „ჰაილ ჰიტლერ“ (Heil Hitler – ლათინურ ანბანში ასო „H“-ს მერვე ნომერი შეესაბამება და მთლიანობაში აღნიშნული მიმართვა კომბინაციაში რიცხვ 88-ს ქმნის). გარდა ამისა, ნომრის ზემოთ წაწერილი სახელწოდება „არიელი“  (Ariel) მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება Arier-ისგან – ე.წ. არიული რასა. ამ ყველაფერმა ზოგიერთ მყიდველში „არიელის“ ნაცისტურ ბანაკთან ასოცირება გამოიწვია.

„არიელის“ მწარმოებელმა კომპანია „პროქტერ ენდ გემბელმა“ გერმანიაში მთლიანად ამოიღო გაყიდვიდან აღნიშნული პროდუქცია და მომავალში წარმოებაზეც უარი განაცხადა. გარდა ამისა, კომპანიამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

„პროქტერ ენდ გემბელი“ სერიოზულად უყურებს ისეთ თემებს, როგორიცაა ტოლერანტობა, პატივისცემა, განსხვავებულობა და ჰუმანიზმი. ძალიან ვწუხვართ, თუ მომხმარებლებს არასწორი ასოციაციები გაუჩნდათ. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ულტრამემარჯვენე (ნაცისტური) პოზიციას“.

ბექა დოგრაშვილი